უახლესი ამბები
არქივი
ძებნა
ანონსები
კონფლიქტის ზონა
`სამხრეთ ოსეთის~ პრეზიდენტი ლეონიდ თიბილოვი ახალგორში ჩავიდა 19.06.2012 10:52

ახალგორს `სამხრეთ ოსეთის~ დე ფაქტო პრეზიდენტი ლეონიდ თიბილოვი, პრემიერ-მინისტრი როსტიკ ხუაგევი და ჯანდაცვის დე ფაქტო მინისტრი გრიგორი კულიჯანოვი ეწვივნენ.

როგორც მცხეთა-მთიანეთის საინფორმაციო ცენტრი იუწყება, დე ფაქტო მთავრობის ხელმძღვანელებმა ჯერ რაიონის საავადმყოფო დაათვალიერეს, შემდეგ კი ადმინისტრაციაში გადაინაცვლეს. მათ განცხადებები არ გაუკეთებიათ. დე ფაქტო პრეზიდენტი ჩქარობდა და ადგილობრივ მოსახლეობასაც არ შეხვდა, არადა ახალგორელები თიბილოვის ვიზიტს დიდი ხანია ელოდნენ. 2 კვირის წინ რაიონული ცენტრი ოსურ-რუსული დროშებით საგანგებოდ მორთეს, თუმცა თიბილოვი მაშინ ახალგორში ვერ ჩავიდა.

ჯანდაცვის დე ფაქტო მინისტრს ადგილობრივი ექიმი ეთერ ჩერტკოევი შეხვდა. როგორც ჩერტკოევამ მცხეთა – მთიანეთის საინფორმაციო ცენტრს განუცხადა, მინისტრმა პოლიკლინიკის რეაბილიტაციაც დაგეგმა. მისივე თქმით, ცხინვალის მოთხოვნა ახალგორელი ექიმების მიმართ – ან ახალგორში დარჩნენ და იმუშაონ, ან წეროვანში წავიდნენ – კულიჯანოვს აღარ უთქვამს.

ცნობისთვის: ახალგორის რაიონულ საავადმყოფოში მომუშავე ექთანს ცხინვალის ბიუჯეტიდან ყოველთვიური ხელფასი 5 000 რუბლი, ექიმს კი 8 000 რუბლი ჰქონდა. გაზაფხულიდან მათი ხელფასი 35%-ით გაიზარდა. თუმცა, რატომ იღებენ საავადმყოფოს თანამშრომლები ხელფასს, ადგილობრივებს ვერ გაუგიათ - ახალგორის საავადმყოფოში მედპერსონალს იშვიათი გამონაკლისის გარდა თითქმის ვერასოდეს ნახავთ.