საზოგადოება
საოკუპაციო ზოლთან საგუშაგოზე წვევამდელის სიკვდილი არ არის ერთჯერადი ფაქტი - ელენე ხოშტარია
ვხედავთ ხელისუფლება გაურბის ყველანაირ პასუხისმგებლობას და საუბრობენ, რომ წვევამდელ სისტემაზე უნდა გადავიდეთ, რომელიც საერთოდ დაასამარებს ამ სისტემას, - აცხადებს "ევროპული საქართველოს" წევრი ელენე ხოშტარია.
ოპოზიციონერი დეპუტატი თავდაცვის სამინისტროში მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურა.
"რამდენიმე დღის წინ ვნახეთ შემაშფოთებელი კადრები, როგორ ჩაგრავენ წვევამდელებს და ფაქტია, რომ ჩვენ ვიხილეთ საბჭოთა ჯარის კადრები, როდესაც ხდება ადამიანების ჩაგვრა ჯარში. გარდა ამისა, ჩვენ გვაქვს საგანგაშო შემთხვევა ადამიანის გარდაცვალების, სადაც ოჯახს და ადვოკატს აქვს ძალიან ბევრი კითხვა, რომელზეც პასუხები არ ისმის. ვერ ვხედავთ მინისტრებს, რომლებიც მიდიან და არკვევენ ადგილზე რა ხდება. უნდა გავითვალისწინოთ, რომ ეს ყველაფერი მოხდა საოკუპაციო ხაზთან. მინისტრი უნდა მიდიოდეს და რეალურად მიზეზებს არკვევდეს თუ რა მოხდა და სამწუხაროდ, ჩვენ ვხედავთ კიდევ ერთ უპასუხისმგებლო მიდგომას ამ ძალიან საშიშ მოვლენასთან.
საოკუპაციო ზოლთან საგუშაგოზე წვევამდელის სიკვდილი არ არის ერთჯერადი ფაქტი, ეს არის საერთო პრობლემის ნაწილი. 2012 წლიდან მოყოლებული "ქართული ოცნება" იძახდა, რომ ჩვენ გადავდივართ პროფესიულ ჯარზე. ეს არის, რაც სჭირდება თანამედროვე საქართველოს და ეს არის ნატოს სტანდარტების მობილური, თანამედროვე, ეფექტური შეიარაღებული ძალები თავისი სარეზერვო სისტემით.
ჩვენ წლების განმავლობაში ვხედავდით როგორ ებრძოდა "ქართული ოცნება" პოლიტიკური ნიშნით თავდაცვის მინისტრებს, როგორ აკლებდა ამ სისტემას ფულს და რესურსებს და ნაცვლად იმისა, რომ მიზეზები ვეძებოთ რატომ მივდივართ საბჭოთა ჯარისკენ, ვხედავთ ხელისუფლება გაურბის ყველანაირ პასუხისმგებლობას და საუბრობენ, რომ წვევამდელ სისტემაზე უნდა გადავიდეთ, რომელიც საერთოდ დაასამარებს ამ სისტემას", - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.