უახლესი ამბები
- 19.03.2024 12:51„კართაგენი უნდა დაინგრეს“, „ნაციონალური მოძრაობა“ კი უნდა გასამართლდეს და გასამართლდება კიდეც - სოზარ სუბარი
- 19.03.2024 12:18ირაკლი კობახიძე UFC-ის ჩემპიონს, ილია თოფურიას შეხვდა
- 19.03.2024 12:04ირაკლი ჩიქოვანი დანიის სამეფოს ელჩსა და თავდაცვის ატაშეს შეხვდა
- 19.03.2024 10:50ოქროს კონტრაბანდის ფაქტზე ორი პირი დააკავეს
არქივი
საზოგადოება
საპარლამენტო უმრავლესობის წევრები სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ეწვივნენ
საქართველოს პარლამენტის საპარლამენტო უმრავლესობის წევრები გუშინ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია II-ს საპატრიარქოში ეწვივნენ და დაბადების დღე, აღსაყდრებიდან 42 წელი და შობა-ახალი წლის დღესასწაული მიულოცეს.
პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, დეპუტატებთან ერთად მათი ოჯახის წევრებიც იყვნენ, მათ შორის, უწმინდესის ნათლულები.
„ჩვენ მოვედით, რათა მოგილოცოთ დაბადების დღე, 42 წელი აღსაყდრების, შობა-ახალი წელი, კიდევ ერთხელ დაგიდასტუროთ დიდი სიყვარული და პატივისცემა ჩვენ ყველამ ერთად. ვფიქრობთ, რომ საზოგადოების ძალიან დიდი ნაწილის სიყვარული მოგიტანეთ დღეს“, - მიმართა მის უწმინდესობას პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ვოლსკიმ.
მის უწმინდესობას მიულოცეს და სიტყვით მიმართეს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ ილია ნაკაშიძემ, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ რატი იონათამიშვილმა, პარლამენტის ყოფილმა წევრმა კარლო კოპალიანმა, დეპუტატებმა ენძელა მაჭავარიანმა, ირაკლი შიოლაშვილმა, მერაბ ქვარაიამ, ანრი ოხანაშვილმა, რევაზ არველაძემ, გენადი მარგველაშვილმა, რომლებმაც მის უწმინდესობას კოლეგების სახელით უსურვეს დღეგრძელობა და დიდხანს სიცოცხლე ქვეყნის საკეთილდღეოდ.
კათოლიკოს - პატრიარქმა პარლამენტარები დალოცა და ქვეყნისა და ხალხის სამსახურში წარმატებები უსურვა.
„მოხარული ვარ თქვენთან შეხვედრით. მინდა გთხოვოთ, რომ ეცადოთ, არ იყოს დაყოფა თქვენს შორის, თქვენ უნდა მისცეთ მაგალითი ჩვენს ახალგაზრდობას. ღმერთი მოწყალეა და ღმერთი გაგვიხსნის გზას და ჩვენ გავალთ სამშვიდობოს. დალოცვილი იყავით“, - მიმართა ილია მეორემ საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს.