საქართველომ და სამხრეთ სუდანმა დიპლომატიური ურთიერთობები დაამყარეს
16.06.2012 15:19
საქართველომ და სამხრეთ სუდანის რესპუბლიკამ დღეს ხელი მოაწერეს ერთობლივ ოქმს დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შესახებ. ხელმოწერილი დოკუმენტის თანახმად, ესწრაფვიან რა დაამყარონ ურთიერთხელსაყრელი მეგობრული კავშირები, სახელმწიფოები ერთმანეთთან ურთიერთობებში ხელმძღვანელობენ სუვერენული თანასწორობის, ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემის, სახელმწიფო საზღვრების ურღვეობისა და ერთმანეთის საშინაო საქმეებში ჩაურევლობის პრინციპებით.
სამხრეთ სუდანის მხრიდან ერთობლივ კომუნიკეს ხელი მოაწერა ამ სახელმწიფოს საქმეების დროებითმა რწმუნებულმა, ელჩმა, ფრენსის ნაზარიომ (H.E. Mრ. FRANCIS NAZARIO), საქართველოს მხრიდან - საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა გაეროსთან, საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ალექსანდრე ლომაიამ.
ხელმოწერის ცერემონიალი გაიმართა ნიუ-იორკში, გაეროსთან საქართველოს მუდმივ წარმომადგენლობაში.
საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამისად, დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შესახებ მხარეებმა ერთობლივი წერილით აცნობეს გაეროს გენერალურ მდივანს, ბან კი მუნს.
საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობები აკავშირებს 170 გაეროს წევრ-სახელმწიფოსთან.

















