უკან

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

სამართალი

28 აპრილი, 2025 11:25
font-size

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ მზია ამაღლობელის სახელით ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს საჩივრით მიმართა

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ „ბათუმელებისა” და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის სახელით ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს საჩივრით მიმართა.

არასამთავრობო ორგანიზაციის ინფორმაციით, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში წარდგენილი საჩივრით დასაბუთებულია, რომ მზია ამაღლობელის მიმართ დაირღვა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის ისეთი ფუნდამენტური უფლებები, როგორებიცაა - თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება, საქმის სამართლიანი განხილვის უფლება, ასევე პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობის უფლება.

„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ დღეს, უკანონო პატიმრობაში მყოფი, ,,ბათუმელებისა” და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის სახელით ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს საჩივრით მიმართა.

ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში წარდგენილი საჩივრით დასაბუთებულია, რომ მზია ამაღლობელის მიმართ დაირღვა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის ისეთი ფუნდამენტური უფლებები, როგორებიცაა - თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება (კონვენციის მე-5 მუხლი), საქმის სამართლიანი განხილვის უფლება (კონვენციის მე-6 მუხლი), პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობის უფლება (კონვენციის მე-8 მუხლი), გამოხატვის თავისუფლება (კონვენციის მე-10 მუხლი), კონვენციის მე-13 მუხლი მე-8 და მე-10 მუხლებთან ერთობლიობაში (სამართლებრივი დაცვის ქმედითი საშუალების უფლება), უფლების შეზღუდვათა გამოყენების ფარგლები (კონვენციის მე-18 მუხლი).

კერძოდ:

თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება (კონვენციის მე-5 მუხლი):

მზია ამაღლობელის მიმართ ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების - პატიმრობის გამოყენება მოხდა თვითნებურად და უკანონოდ. ბრალდების მხარეს არ წარმოუდგენია არცერთი არგუმენტი, რომელიც დაადასტურებდა პატიმრობის აუცილებლობას, პროკურატურის შუამდგომლობა, ისევე როგორც სასამართლოს განჩინება აღკვეთის ღონისძიების გამოყენების თაობაზე, ეფუძნება აბსტრაქტულ რისკებს და მსჯელობას, ნაცვლად საქმის ინდივიდუალური გარემოებების შეფასებისა. არც ბრალდებულის პირველი წარდგენის სხდომაზე, არც აღკვეთის ღონისძიების გადასინჯვის შუამდგომლობის განხილვისას და არც წინასასამართლო სხდომაზე, მოსამართლეს არ შეუფასებია რატომ ვერ უზრუნველყოფდა ნაკლებად მკაცრი აღკვეთის ღონისძიების გამოყენება სისხლის სამართლის პროცესის მიზნების მიღწევას.

როგორც ცნობილია, 2025 წლის 14 იანვარს, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო სახელაშვილმა მზია ამაღლობელს პატიმრობა შეუფარდა. 2025 წლის 14 იანვრის განჩინებაში მითითებული საფრთხეები ხელოვნური და დაუსაბუთებელი იყო, მიუხედავად ამისა, სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე მალხაზ ოქროპირიშვილმა არ დაუშვა და არ განიხილა დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარი. 2025 წლის 13 თებერვალს, მზია ამაღლობელის ადვოკატებმა ბათუმის საქალაქო სასამართლოს მზია ამაღლობელის მიმართ გამოყენებული პატიმრობის გაუქმების მოთხოვნით მიმართეს. ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ლევან ყოლბაიამ, 2025 წლის 14 თებერვალს, შუამდგომლობა დაუშვებლად ცნო. ბათუმის საქალაქო სასამართლოს აღნიშნული განჩინება, როგორც უკანონო და დაუსაბუთებელი გასაჩივრდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის მოსამართლე, ვერა დოლიძის 19 თებერვლის განჩინებით, მზია ამაღლობელის უფლებადამცველი ადვოკატების საჩივარი ასევე დაუშვებლად იქნა ცნობილი. 2025 წლის 4 მარტს, ბათუმის საქალაქო სასამართლოში მზია ამაღლობელის სისხლის სამართლის საქმეზე წინასასამართლო სხდომა გაიმართა. აღნიშნულ სხდომაზე მოსამართლე ვიქტორ მეტრეველმა სხვა დანარჩენთან საკითხებთან ერთად იმსჯელა აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობის გადასინჯვის შესახებ, თუმცა, მან მზია ამაღლობელი კვლავ უკანონო პატიმრობაში დატოვა.

საქმის სამართლიანი განხილვის უფლება (კონვენციის მე-6 მუხლი):

მზია ამაღლობელის საქმეზე არაერთგზის, მათ შორის, სასამართლოს მხრიდან, დაირღვა ბრალდებულის უდანაშაულობის პრეზუმფცია. მოსამართლემ აღკვეთის ღონისძიების გამოყენების შესახებ მიღებულ განჩინებაში ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენის რისკის დასასაბუთებლად გამოიყენა მზია ამაღლობელის ადმინისტრაციული წესით დაკავების ფაქტი ისე, რომ ადმინისტრაციული დაკავების კანონიერება და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ჩადენის საკითხი ჯერ კიდევ განხილვის ეტაპზეა და არ არის მიღებული საბოლოო გადაწყვეტილება.

პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობის უფლება (კონვენციის მე-8 მუხლი)

გამოხატვის თავისუფლება (კონვენციის მე-10 მუხლი)

კონვენციის მე-13 მუხლი მე-8 და მე-10 მუხლებთან ერთობლიობაში (სამართლებრივი დაცვის ქმედითი საშუალების უფლება)

მზია ამაღლობელის საქმეში ვლინდება არაერთი არსებითი მნიშვნელობის პროცედურული დარღვევა, რაც საგამოძიებო უწყებების მხრიდან შესაძლო დანაშაულის ჩადენაზე მიანიშნებს, მათ შორისაა დეტექტივ ვლადიმერ ჩიტაიას პატაკი, რომლის საფუძველზეც მოხდა მზია ამაღლობელის ტელეფონიდან ინფორმაციის გამოთხოვა. პროკურატურას, ისევე როგორც სასამართლოს, არც კი შეუფასებია ის ფაქტი, რომ მზია ამაღლობელის ტელეფონში იქნებოდა ინფორმაცია ჟურნალისტური წყაროების შესახებ, რომელთა ანონიმურობაც გარანტირებული უნდა იყოს ჟურნალისტური საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე. ამავე მოქმედებით არსებითად იქნა ხელყოფილი მომჩივნის პირადი კომუნიკაციის და პირადი ცხოვრების უფლება. მხოლოდ პატაკის საფუძველზე მსგავსი ტიპის საგამოძიებო მოქმედების ჩატარება ძირს უთხრის კონვენციით გარანტირებულ მე-8 და მე-10 მუხლებით განმტკიცებულ უფლებებს, მსგავსი პრეცედენტი ასევე წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკასთან და წარმოადგენს ცალსახა უკანონობას. ნიშანდობლივია, რომ საქართველოში არ არსებობს უფლების დაცვის ეფექტიანი საშუალება, რომელიც შესაძლებელს გახდიდა მსგავსი ტიპის ცალსახა უკანონო გადაწყვეტილებებისგან თავის დაცვას.

უფლების შეზღუდვათა გამოყენების ფარგლები (კონვენციის მე-18 მუხლი):

მზია ამაღლობელის საქმეში არსებული უკანონობის მასშტაბები სცდება უბრალოდ მატერიალური კონვენციური მუხლების დარღვევას და მიუთითებს ისეთ განზრახვაზე, რომელიც აკრძალულია კონვენციის მე-18 მუხლით. მზია ამაღლობელის პატიმრობის მიზანს წარმოადგენს მისი სამაგალითო დასჯა და ანგარიშსწორება მისი ჟურნალისტური საქმიანობისა და აქტიური სამოქალაქო პოზიციისათვის და არა სისხლს სამართლის საპროცესო კოდექსის მიზნების მიღწევა. აღსანიშნავია ისიც, რომ ,,ქართული ოცნებისა” და მასთან დაკავშირებული პირების მიერ მზია ამაღლობელის წინააღმდეგ მიმდინარეობს მიზანმიმართული კამპანია, რათა მზია ამაღლობელის მიმართ საზოგადოებას ჩამოუყალიბდეს უარყოფითი დამოკიდებულება. მაგალითად, ირაკლი კობახიძემ არაერთხელ ისაუბრა მზია ამაღლობელის სისხლის სამართლის საქმეზე, მოიხსენია იგი დამნაშავედ და მის წინააღმდეგ გაავრცელა პროპაგანდისტული გზავნილები“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

როგორც საია-ში განმარტავენ, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში გაგზავნილ საჩივარში მხოლოდ ნაწილია იმ დარღვევებისა, რომლებიც მზია ამაღლობელის მიმართ არის ჩადენილი.

„იმის გათვალისწინებით, რომ დარღვევების ნაწილზე საქმის განხილვა ჯერ არ არის დასრულებული, დღეს გაგზავნილი საჩივარი აღნიშნულ დარღვევებს არ მოიცავს და მათზე სტრასბურგის სასამართლოში დავა, შედეგების შესაბამისად, ეროვნულ დონეზე საქმის განხილვის დასრულების შემდგომ იქნება შესაძლებელი“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ დუშეთის მუნიციპალიტეტში, ერთ-ერთ სასტუმროში სავარაუდოდ, მოწყობილი იყო ე.წ. ქოლცენტრი - დაკავებულია ჩინეთის 14 მოქალაქე - შსს

15 მაისი, 2025 , 13:19

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა საქართველოში სამართლებრივი საფუძვლის გარეშე მყოფი უცხო ქვეყნის 14 მოქალაქე დააკავეს - უწყების ცნობით, სამართალდამცველების მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დ

საქართველოს პროკურატურამ ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და გასაღების მცდელობის ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა

15 მაისი, 2025 , 11:03

საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და გასაღების მცდელობის ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკ

თბილისში, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე მომხდარი ავარიის საქმეზე, 23 წლის პირი დააკავეს

14 მაისი, 2025 , 18:19

თბილისში, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე მომხდარი ავარიის საქმეზე, 23 წლის პირი დააკავეს. უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ამჟამად დაკაცვებულმა მისი მართვის ქვეშ არსებული ავტომობილით გადაადგილებისას, ავარიული ვ

ირაკლი ოქრუაშვილი სასამართლო დარბაზში დააკავეს

14 მაისი, 2025 , 15:04

სასამართლომ თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ირაკლი ოქრუაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით დაკისრებული 20 000 ლარიანი გირაო პატიმრობით შეუცვალა. შესაბამისად, ირაკლი ოქრუაშვილი სხდომათა დარბაზშივე დააკავე

იმერეთში პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო, დაკავებულია ირანის რესპუბლიკის მოქალაქე

14 მაისი, 2025 , 11:54

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის სამტრედიის რაიონული სამმართველოს და აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ერთობლივად გატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედ

სასამართლომ თემურ ქათამაძის გაძევების შესახებ გადაწყვეტილება დროებით შეაჩერა -საია

13 მაისი, 2025 , 13:02

სასამართლომ აქტივისტის, თემურ ქათამაძის გაძევების შესახებ გადაწყვეტილება დროებით შეაჩერა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ავრცელებს. „თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინებით