უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

12 ოქტომბერი, 2018 11:45
font-size

საქართველოში ელიტურ კორუფციასთან ბრძოლა კვლავ გამოწვევად რჩება - IDFI

ბოლო წლებში, მედიის და არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გამოვლინდა არაერთი შემთხვევა, სადაც შესაძლო კორუფციის შემთხვევები დამატებით გამოკვლევას საჭიროებდა, თუმცა, მათ ან არ მოჰყოლია შედეგი ან არ მოხდა საზოგადოების ჯეროვნად ინფორმირება გამოძიების მიმდინარეობის ან შედეგების შესახებ, რამაც შეარყია საზოგადოების ნდობა სამართალდამცავი და საგამოძიებო სისტემის მიმართ, - ამის შესახებ ნათქვამია ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაცაში.

როგორც განცხადევაშია აღნიშნული, უკანასკნელი თვეების განმავლობაში აქტიურად ვრცელდება ინფორმაცია ისეთი შემთხვევების შესახებ, რომლებშიც მონაწილეობენ მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირები და რომლებიც მიანიშნებენ შესაძლო კორუფციის შემთხვევებზე.

,,ეს ფაქტები მოიცავენ როგორც შესაძლო კორუფციის, ისე თანამდებობის ბოროტად გამოყენების და სამოხელეო დანაშაულის სხვა შემთხვევებს:

- სამ მილიონ ლარამდე თანხის მითვისების საქმე გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიიდან, სადაც მაღალი თანამდებობის პირების გარდა, ყოფილი პრემიერმინისტრის ახლო ნათესავები ფიგურირებენ;

- სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პირველი მოადგილის იოსებ გოგაშვილის ოჯახის წევრების და ახლო ნათესავების მიერ დიდი ოდენობით ქონების დაუფლება;

- ყოფილი მთავარი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის მონაწილეობა თბილისის მერიასთან დაკავშირებულ საეჭვო გარიგებებში, რასაც აუდიტის სამსახურის მიერ ფაქტის გამოვლენის შემდეგ მოყვა იმ დროს მოქმედ გენერალურ აუდიტორზე თავდასხმა ფარცხალაძის მიერ;

- საქართველოს ეკონომიკის და ინფრასტრუქტურის სამინისტროებში არსებული შესაძლო დარღვევები, სადაც საეჭვო პროექტებთან და შესყიდვებთან მიმართებაში მინისტრების სახელები ფიგურირებს;

- საგარეო საქმეთა სამინისტროს საეჭვო შესყიდვა, სადაც მინისტრის მოადგილე და მისი ძმის საკუთრებაში არსებული კომპანია ფიგურირებს;

- ომეგა ჯგუფის საქმეზე გავრცელებული ფარული ჩანაწერები, სადაც შესაძლო სამოხელეო დანაშაულის შემცველ ეპიზოდებში მონაწილეობენ სპორტის ყოფილი მინისტრი და ყოფილი მთავარი პროკურორი.

ბოლო პერიოდში, ასევე, მრავლად იყო ისეთი შემთხვევები, როდესაც სხვადასხვა რანგის მოხელეებისა და თანამდებობის პირების მიმართ აღიძრა სისხლის სამართლის საქმეები და დადგა გამამტყუნებელი განაჩენები. მაგალითისათვის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს) 2017 წლის ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლის განმავლობაში გამოძიება დაიწყო 62 შემთხვევაზე, ხოლო სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში 41 საქმეზე მიეცა 61 პირი. ანგარიშიდან იკვეთება, რომ სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში მიცემული პირების დიდი ნაწილი ადგილობრივ თვითმმარველობის ორგანოებში იყვნენ დასაქმებული და არ იკავებდნენ მაღალ თანამდებობებს. ანგარიშის მიხედვით, გამოძიება არ წარმართულა ცენტრალური ხელისუფლების არც ერთი მაღალი თანამდებობის პირის წინააღმდეგ.

საზოგადოებისთვის ასევე უცნობია, მოჰყვა თუ არა რეაგირება სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ საქართველოს მთავარ პროკურატურაში გადაგზავნილ იმ საქმეებს, სადაც დასკვნის მიხედვით იკვეთებოდა შესაძლო დანაშაულის ნიშნები.

ანტიკორუფციული გარემოს შესაფასებლად მნიშვნელოვანია არამხოლოდ შესაძლო შემთხვევების შეფასება, არამედ სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ მომზადებულ ანგარიშებში და ინდექსებში არსებულ მონაცემებზე რეაგირება.

2018 წლის ოქტომბერში გამოქვეყნდა მსოფლიო ბანკის მიერ მომზადებული გლობალური მმართველობის განახლებული ინდიკატორები (World Governance Indicators), სადაც მოცემულია 2017 წლის განმავლობაში 200 ქვეყნის (მათ შორის საქართველოს) მიერ განვლილი პროგრესი. ამ ინდექსის და საქართველოს მიერ განვლილი პროგრესის შესახებ IDFI ადრეც წერდა. 2017 წლის მონაცემებით, საქართველომ წინა წელთან შედარებით აჩვენა გაუმჯობესება ინდექსის 2 კომპონენტში - ეფექტური მმართველობა და კორუფციის კონტროლი, ხოლო გაუარესება 3 კომპონენტში: გამოხატვის თავისუფლება და ანგარიშვალდებულება (-0.99), პოლიტიკური სტაბილურობის და ძალადობის/ტერორიზმის აღმოფხვრა (-1.43) და კანონის უზენაესობა (-1.92).

მიუხედავად ამ ინდექსის ზოგადი მნიშვნელობისა, ინდექსი ფოკუსირებულია წვრილმან მექრთამეობაზე და სახელმწიფო სერვისების მიწოდების სფეროში არსებულ კორუფციაზე, და ვერ ასახავს მაღალი დონის კორუფციის თვალსაზრისით არსებულ მდგომარეობას. საქართველოში ე.წ. „ელიტური კორუფციის“ როგორც მნიშვნელოვანი გამოწვევის არსებობას ადასტურებს ისეთი ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციები, როგორიცაა ევროპარლამენტი და ეკონომიკური თანამშრომლობის და განვითარების ორგანიზაცია (OECD) .

კერძოდ, მაღალი დონის კორუფციის შესახებ საუბარია ევროპარლამენტის მიერ რამდენიმე დღის წინ საქართველოსთან დაკავშირებით მომზადებულ რეზოლუციის პროექტშიც, სადაც ხაზგასმულია მაღალი დონის კორუფციასთან ბრძოლის კუთხით არსებული გამოწვევები. რეზოლუციის პროექტის ერთ-ერთ პუნქტში საუბარია სწორედ ანტიკორუფციული სამსახურის დამოუკიდებელ უწყებად ჩამოყალიბების საჭიროებაზე.

საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციების გათვალისწინებით, მაღალი დონის კორუფციასთან დაკავშირებით საქართველოში არსებული გამოწვევების საპასუხოდ, IDFI-მ 2017 წელს მოამზადა პოლიტიკის ნარკვევი, რომელიც დეტალურად ასაბუთებს საქართველოში დამოუკიდებელი ანტიკორუფციული სამსახურის შექმნის აუცილებლობას.

კორუფციის პრევენციისა და მის წინააღმდეგ ბრძოლის ფუნქცია საქართველოში სხვადასხვა საჯარო უწყებაზეა გადანაწილებული, რომელთა უფლებამოსილებები და საქმიანობის სფეროები ხშირად არ არის მკაფიოდ გამიჯნული. კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა არცერთი უწყების მთავარ საქმიანობას არ წარმოადგენს. საქართველოში კორუფციული დანაშაულების თავიდან აცილების, გამოვლენის, გამოძიებისა და აღკვეთის ფუნქციები ძირითადად გადანაწილებულია შემდეგ უწყებებს შორის:

- სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს) ანტიკორუფციული სააგენტო;

- საქართველოს მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილი (კორუფციულ დანაშაულებზე სისხლისსამართლებრივი დევნის სამმართველო);

- ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური.

გარდა ამისა, პროკურატურა უფლებამოსილია გამოიძიოს ყველა სახის კორუფციული დანაშაული, გარდა იმ შემთხვევებისა, თუ ის იუსტიციის სამინისტროს თანამდებობის პირის მიერაა ჩადენილი ან უსაფრთხოების სამსახურმა ან ფინანსთა სამინისტრომ გამოავლინა. ამ სისტემაში ასევე მნიშვნელოვანი როლი უკავია სახელმწიფო აუდიტის სამსახურს. ის ახორციელებს, როგორც ზოგადად საბიუჯეტო სახსრების მონიტორინგს, ისე პოლიტიკური პარტიებისა და საარჩევნო კამპანიების მონიტორინგს.

კორუფციის წინააღმდეგ მებრძოლი უწყებების დამოუკიდებლობა არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სტანდარტი, რასაც საერთაშორისო ხელშეკრულებები, კონვენციები, სახელმძღვანელოები, თუ რეკომენდაციები აწესებენ. სწორედ ასეთი უწყებების დამოუკიდებლობა უზრუნველყოფს კორუფციის წინააღმდეგ ეფექტიან ბრძოლას, ანგარიშვალდებულებას, გამჭვირვალობის მაღალ ხარისხს და, შესაბამისად, მაღალ საზოგადოებრივ ნდობას.

საქართველოს პრაქტიკის ანალიზი ცხადყოფს, რომ კორუფციასთან მებრძოლ არსებულ უწყებებში სწორედ მათი დამოუკიდებლობის საკითხია ყველაზე პრობლემური. მაგალითად, სუს-ის სტრუქტურაში ანტიკორუფციული სააგენტოს არსებობა შეუთავსებელია უწყების საქმიანობის საიდუმლო ბუნებასთან და ქმნის უსაფრთხოების სამსახურის პოლიტიკური წნეხის ქვეშ მოქცევის რისკს.

IDFI-ის მიერ შემოთავაზებულ სისტემაში, დამოუკიდებელ ანტიკორუფციული სამსახურს უნდა მიეკუთვნოს შემდეგი კომპეტენციების შესრულება:

- კორუფციის პრევენცია;

- კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა;

- ანტიკორუფციული პოლიტიკის შემუშავება;

- თანამდებობის პირთა დეკლარაციების მონიტორინგი;

- მამხილებელთა დაცვა;

- პოლიტიკური პარტიების დაფინანსების მონიტორინგი;

- კორუფციის საკითხებზე ცნობიერების ამაღლებისა და განათლების პოლიტიკის დაგეგმვა.

არსებული ანტიკორუფციული სისტემის ხარვეზების შესახებ IDFI უკვე დიდი ხანია საუბრობს სხვადასხვა ფორმატში. 2018-2020 წლების ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) სამოქმედო გეგმისათვის IDFI-ის, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ და ღია მმართველობა საქართველოს ფორუმის წევრი სხვა არასამთავრობო ორგანიზაციების ერთობლივი რეკომენდაცია იყო დამოუკიდებელი ანტიკორუფციული სამსახურის შექმნა, თუმცა, საქართველოს მთავრობამ არ გაიზიარა ეს რეკომენდაცია იმ მიზეზით, რომ არსებული ანტიკორუფციული სისტემა კარგად მუშაობს.

შეთავაზებული ვალდებულება განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო საქართველოს OGP-ის თავმჯდომარეობის წელს, რადგან სწორედ ამ პერიოდში სასურველი იყო ქვეყანას პარტნიორობის წინაშე წარედგინა ისეთი ამბიციური და ტრანსფორმაციული ვალდებულება, რომელიც ხაზს გაუსვამდა საქართველოს მისწრაფებას, რეალურად ყოფილიყო რეგიონული ლიდერი ანტიკორუფციული რეფორმების კუთხით.

როგორც წინა, ისე მოქმედი ხელისუფლების პირობებში „ელიტური კორუფციის“ შემთხვევების გამოუძიებლობა კიდევ უფრო ნათლად მიუთითებს იმაზე, რომ აუცილებელია არსებული სისტემის რეფორმირება, რადგან ის ვერ ახდენს მაღალი დონის კორუფციის შემთხვევებზე ეფექტურ რეაგირებას, რაც საზოგადოებაში აჩენს შეკითხვებს და ნეგატიურად აისახება საჯარო დაწესებულებების მიმართ საზოგადოების ნდობაზე. მეტიც, შესაძლო სამოხელეო დანაშაულის გამოუძიებელი შემთხვევები უფრო მეტად ახალისებს სამოხელეო დანაშაულს და ზიანს აყენებს ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას“, - აცხადებენ IDFI-ში.

ამასთან, IDFI აუცილებლად მიიჩნევს ისეთი დამოუკიდებელი ანტიკორუფციული სამსახურის შექმნას, რომელსაც ექნება საზოგადოების ნდობა, დამოუკიდებლობის მაღალი ხარისხი და შესაბამისი კვალიფიკაცია იმისათვის, რომ გამოიძიოს მაღალი დონის კორუფციის შემთხვევები და პასუხი გასცეს საზოგადოებაში დაგროვილ ლეგიტიმურ შეკითხვებს.

მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს, დაიწყოს მუშაობა დამოუკიდებელი ანტიკორუფციული სამსახურის შექმნის მიმართულებით და ხელახლა განიხილოს ჯერ კიდევ 2014 წელს „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ მიერ ამ მიმართულებით ინიცირებული კანონპროექტი“, - ნათქვამია ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის განცხადებაში.

გუშინ გამოქვეყნებული ჩანაწერების გამო აქცია ზუგდიდში გაიმართა

15 ოქტომბერი, 2018 , 15:55

„სალომე- კანაფის დედოფალი", „ბიძინა ბარიგა“, „აფხაზეთი და სამაჩაბლო არ არის განგრენა", ,,სალომე პუტინის პროექტი", - ამ ტრანსფარანტებით სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციასთან ენმ-ის სამ

ჩანაწერებში საუბარია ვიღაცების წამებაზე, ავტომატიან ადამიანებსა და სახელმწიფო ინსტიტუტების არარსებობის მთელ კასკადზე - ელენე ხოშტარია

15 ოქტომბერი, 2018 , 15:00

„ევროპული საქართველოს“ წევრმა ელენე ხოშტარიამ ბოლოდროიინდელ აუდიოჩანაწერებზე საუბრისას განაცხადა, რომ დადასტურდა, რომ მირზა სუბელიანი სახელმწიფოს გაურიგდა და ხორავას ქუჩის საქმეზე გამოძიება სწორედ ხელის დაფარ

ამ ჩანაწერების ავთენტურობა თუ დასტურდება, ეს ნიშნავს იმას, რომ საქართველოში დღეს არ გვაქვს სახელმწიფო - დავით ბაქრაძე

15 ოქტომბერი, 2018 , 15:00

„მომავლის საკითხია, იქნება თუ არა საქართველო ევროპული ქვეყანა, სადაც მუშაობენ ინსტიტუციები, თუ ვიქნებით ცალკეული ადამიანების, „მაგარი ბიჭების" ხელში, არსებული შეიარაღებული დაჯგუფებების, მათი კრიმინალური და კო

არის იმის მცდელობა, რომ შეიქმნას აღქმა, რომ ქვეყანაში ადრე იყო ყველაფერი დალაგებული და ახლა ჩამოიქცა - ლევან კობერიძე

15 ოქტომბერი, 2018 , 15:00

ეს არის ოპოზიციის მიერ ქაოსის შექმნის მცდელობა მედიასივრცეში, - ასე აფასებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ლევან კობერიძე გუშინ რუსთავი 2-ის ეთერში გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებს, სადაც სავარაუდოდ, მირზა სუბელიანი, დეპუტა

გაერთიანებული ოპოზიციის შტაბი გადადის საგანგებო მდგომარეობაზე - გრიგოლ ვაშაძე

15 ოქტომბერი, 2018 , 14:35

„ძალა ერთობაშიას“ პრეზიდენტობის კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის განცხადებით, გაერთიანებული ოპოზიციის შტაბი მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადადის. მისი განმარტებით, გაერთიანებულმა ოპოზიციამ აღნიშნული გადაწტყვეტილება ი

ნუ ასარდაფებ - გამოქვეყნებულ აუდიოჩანაწერებს ქუთაისში აქციით ეხმაურებიან

15 ოქტომბერი, 2018 , 14:35

„ნუ ასარდაფებ, არ დაუშვა მხედრიონის დაბრუნება“,- ამ სლოგანებით მიმდინარეობს „ძალა ერთობაშია“-ს საპროტესტო აქცია ქუთაისის მერიის წინ. „ქუთაისი პოსტის“ ინფორმაციით, ამ ფორმით, გაერთიანებ

ვიდეო გალერეა

შეტევა ტელეკომპანია `იბერიასა` და `ომეგა ჯგუფზე`