საქართველოს მიერ მთიანი ყარაბაღის არჩევნების არაღიარება ქართულ-სომხურ ურთიერთობებეზე არ აისახება
20.07.2012 18:24
სომეხი უფლებადამცველის ლარისა ალავერდიანის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლების მიერ მთიანი ყარაბაღის არჩევნების არ აღიარება ქართულ-სომხურ ურთიერთობებეზე არ აისახება.
,,საქართველოს პოზიცია გასაგებია, რადგან მას აქვს პრობლემები აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან. რომელიმე სხვა ქვეყნის დამოუკიდებლობის აღიარება, საქართველოს საზიანოდ იმოქმედებს”, _ აღნიშნავს ალავერდიანი.
მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლებას არ შეეძლო თავი შეეკავებინა, ან დაეჭირა ნეიტრალური პოზიცია მთიანი ყარაბაღის არჩევნებთან დაკავშირებით, რადგან საქართველო აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან აქტიურ ფაზაშია და ამგვარ სიტუაციებში ნეიტრალიტეტი მიუღებელია.
სომეხი პოლიტოლოგი ალექსანდრე მანასიანი მიიჩნევს, რომ სომხეთმა საქართველოს პოზიცია ადეკვატურად და არა მტკივნეულად უნდა მიიღოს.
,,გასაგებია, რომ საქართველო გამოდის საკუთარი ინტერესებიდან. ამიტომ ეს გადაწყვეტილება ვერანაირად ვერ აისახება სომხურ-ქართულ ურთიერთობებზე”-აღნიშნა მანასიანმა.
მთიანი ყარაბაღის არაღიარებული რესპუბლიკის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში, ამომრჩეველთა ხმების 66,70 პროცენტით ამჟამინდელი ,,პრეზიდენტი~ ბაკო სააკიანი იმარჯვებს. ე.წ. არჩევნები მთიან ყარაბაღში 19 ივლისს გაიმართა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაადასტურა თავის ერთმნიშვნელოვან მხარდაჭერა აზერბაიჯანის რესპუბლიკის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი. ,,საქართველო არ სცნობს 2012 წლის 19 ივლისს, მთიან ყარაბაღში გამართულ ე.წ. „საპრეზიდენტო არჩევნებს", _ ნათქვამია საქართველოს საგარეო უწყების ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიაჩნია, რომ აუცილებელია საერთაშორისო თანამეგობრობის ძალისხმევის გაძლიერება, რათა მხარეებმა, კონსტრუქციული დიალოგის მეშვეობით, მიაღწიონ მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მშვიდობიან დარეგულირებას.


















