საქართველოს ნატოში შესვლის შესახებ საუბრები რეგიონში სიტუაციას ძაბავს- რუსეთის საგარეო უწყება
10.09.2012 13:41
რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ნატოში საქართველოს შესაძლო შესვლის შესახებ განცხადებები უსაფრთხოებას კი არ ამყარებს, არამედ საქართველოს ხელისუფლების რევანშისტულ მისწრაფებებს ახალისებს და სამხრეთ კავკასიაში დაძაბულობას აძლიერებს.
ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ალექსანდრე ლუკაშევიჩმა ნატოს გენერალური მდივანის, ანდერს ფოგ რასმუსენის საქართველოში ვიზიტის დროს გაკეთებული განცხადების კომენტირებისას განაცხადა.
როგორც ცნობილია, თბილისში გამართულ ბრიფინგზე რასმუსენმა აღნიშნა, რომ საქართველოს მომავალი სახლი ნატოშია.
ლუკაშევიჩის განმარტებით, მსგავსი განცხადებები ცხადყოფს, რომ ნატოში ჯერ კიდევ ვერ ისწავლეს 2008 წლის ტრაგიკული მოვლენების გაკვეთილებიდან და აგრძელებენ თბილისისთვის ,,გამამხნევებელი” მესიჯების გაგზავნას.
,,რეგიონში უსაფრთხოების გაძლიერების რეალურ გზად, საქართველოს მხრიდან მისი მეზობლების მიმართ, ჟენევის მოლაპარაკებების პროცესში განხილული, ძალის გამოუყენებლობის შესახებ ცხადი იურიდიული გარანტიები უნდა იქცეს”- ამბობს ლუკაშევიჩი.

















