უახლესი ამბები
არქივი
ძებნა
ანონსები
სამართალი
სასამართლომ „მენეჯმენტ სერვისის“ ადმინისტრაციული საჩივარი არ დააკმაყოფილა 28.05.2012 19:24

თბილისის საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა შპს „მენეჯმენტ სერვისის“ ადმინისტრაციულ საჩივარი, რომლითაც ის კონტროლის პალატის მიერ დაკისრებული ჯარიმის გაუქმებას ითხოვდა.

სასამართლო პროცესზე „მენეჯმენტ სერვისის“ ინტერესების დამცველებმა, ადვოკატებმა ეკა ბესელიამ და ალექსანდრე ბარამიძემ სხდომის მოსამართლე დიმიტრი გვრიტიშვილის აცილება ორჯერ მოითხოვეს, თუმცა ეს არ დაკმაყოფილდა. მანამდე ადვოკატები ითხოვდნენ, რომ საქმეში მტკიცებულების სახით ჩადებულიყო ზემოხსენებული კომპანიის მიერ “ქართული ოცნების” ოფისებში ჩატარებული სარემონტო სამუშაოების ღირებულების შესახებ დამოუკიდებელი ექსპერტიზის დასკვნა და აღნიშნული სამუშაოების შემსრულებელი პირების ოფიციალური ჩვენებები, თუმცა მოსამართლემ ამ შუამდგომლობების დაკმაყოფილებაზე უარი განაცხადა.

ადვოკატმა ეკა ბესელიამ მოსამართლე დიმიტრი გვრიტიშვილი “არაობიექტურობასა” და “მიკერძოებულობაში” დაადანაშაულა, რის გამოც ამ უკანასკნელისაგან გაფრთხილება მიიღო.

მოსამართლემ საჩივრის დაუკმაყოფილებლობის მიზეზად მისი უსაფუძვლობა დაასახელა.

ადვოკატების განცხადებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება აუცილებლად გასაჩივრდება და საჭიროების შემთხვევაში საქმის განხილვა საერთაშორისო სასამართლოშიც გაიმართება. კომპანიის მხარეს სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრება ათდღიან ვადაში შეუძლია.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს კონტროლის პალატის ფინანსური მონიტორინგის სამსახურმა, 2012 წლის 14 მაისს. „ქართული ოცნებისთვის“ უკანონო შემოწირულობების გაღების ბრალდებით, შპს "მენეჯმენტ-სერვისი" 4 766 200 ლარით დააჯარიმა. ეს სწორედ ის კომპანიაა, რომელსაც კოალიცია "ქართულ ოცნებაში" შემავალი სამი პოლიტიკური პარტიისთვის _ რესპუბლიკური პარტიის," თავისუფალი დემოკრატების" და "ეროვნული ფორუმისთვის" საერთო ჯამში 60 ოფისი ჰქონდა მიქირავებული.