უახლესი ამბები
არქივი
ძებნა
ანონსები
სამართალი
სასამართლომ სკოლიდან გათავისუფლებული პედაგოგის სარჩელი არ დააკმაყოფილა 08.05.2012 17:33

გორის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ დავით პაპუაშვილმა გორის მე-9 საჯარო სკოლიდან გათავისუფლებული პედაგოგის, ,,თავისუფალი დემოკრატების” წევრის მეუღლის, ია ბჟალავას სარჩელი არ დააკმაყოფილა.

ია ბჟალავა მის გათავისუფლებას პოლიტიკური მოტივით ხსნის და სკოლის დირექტორის ელენე ხაჩიძის ბრძანების გაბათილებას მოითხოვს. .

როგორც მოსამართლემ აღნიშნა, დირექტორს, როგორც დამსაქმებელს, შრომის კოდექსის მიხედვით, დასაქმებულთან ხელშეკრულების მოშლის უფლება აქვს და ბჟალავას სარჩელი საფუძველს მოკლებულია.

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრის ცნობით, სწორედ ეს არგუმენტი გამოიყენა გორის რაიონული სასამართლოს კიდევ ერთმა მოსამართლემ ა. ზარნაძემ, რომელმაც ორი თვის წინ კიდევ ორი გათავისუფლებული პედაგოგის სარჩელი არ დააკმაყოფილა.

პედაგოგის ინტერესების დამცველის ქეთი ბებიაშვილის განცხადებით, მოსამართლეს გადაწყვეტილების მიღებისას, ნაცვლად შრომის კოდექსისა, საქართველოს განათლების შესახებ კანონის მიხედვით უნდა ეხელმძღვანელა, სადაც, პედაგოგის გათავისუფლების საფუძვლების შესახებ, გარკვევით წერია.

დირექტორის ბრძანებაში გათავისუფლების საფუძველი მითითებული არაა. ქეთი ბებიაშვილის თქმით, შრომის კოდექსი იმ შემთხვევაში გამოიყენება, თუკი შრომით ურთიერთობებს სხვა რაიმე სპეციალური კანონი არ არეგულირებს.

,,დირექტორსა და პედაგოგს შორის ურთიერთობას სწორედ სპეციალური კანონი განათლების შესახებ არეგულირებს. ამიტომ, ამ სპეციალური კანონის მიხედვით, დირექტორს პედაგოგის გათავისუფლების უფლება არ ჰქონდა, რადგან გათავისუფლების საფუძველი არ არსებობდა ” – უთხრა ბებიაშვილმა მოსამართლეს ჯერ კიდევ სარჩელის განხილვის პერიოდში.

შეგახსნეებთ, რომ ია ბჟალავას მეუღლე თამაზ მაყაშვილი ,,თავისუფალი დემოკრატების” გორის ორგანიზაციის წევრია. ის 2009 წელს, დედაქალაქში მიმდინარე აქციების პერიოდში, ადმინისტრაციული წესით პატიმრობას იმავე მოსამართლის დავით პაპუაშვილის გადაწყვეტილებით იხდიდა.

მოსარჩელე მხარე სკოლიდან პედაგოგის გათავისუფლებას პოლიტიკურ დევნად აფასებს და საქმის სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრებას გეგმავს