ეკონომიკა
სასურველი ეფექტის მისაღებად ადგილობრივი ბიზნესის ინტერესები უნდა იქნეს გათავალისწინებული -ლევან აღდგომელაშვილი
ლარის სტაბილიზაციის 10-პუნქტიანი გეგმის პირველი კვარტლის შედეგებზე ტელეკომპანია „მაესტროს“ გადაცემა „ბიზნესკონტაქტის“ ეთერში „ომეგა ჯგუფი თამბაქოს“ გენერალურმა მენეჯერმა, ლევან აღდგომელაშვილმა ისაუბრა.
მისი თქმით, გასულ წელს, როცა ხელისუფლებამ აქციზის მომატება დაანონსა, მომხმარებელში გაჩნდა შიში, რომ ფასი საგრძნობლად მოიმატებდა.
„მოსახლეობა ითვლიდა, რომ ფიქსირებული გადასახადი 60 თეთრით გაიზრდებოდა, ადუალური განაკვეთი კი გაორმაგდებოდა. საერთოდ, გადასახადის ზრდის ადექვატური ასახვა რომ მომხდარიყო, ფასი, თუნდაც დღგ-ს სხვაობის გამო, გაცილებით მეტით უნდა გაზრდილიყო, მაგრამ რეალურად, ასე არ მოხდა და ფასი ზოგიერთ შემთხვევაში იმდენით არ გაიზარდა, რისი შიშიც მომხმარებელს ჰქონდა,“ - აღნიშნა ლევან აღდგომელაშვილმა.
მისივე თქმით, ამის მიზეზი შეიძლება ის იყო, რომ ზოგიერთმა კომპანიამ პროდუქტზე ფასი ან თავისი მოგების შემცირების ხარჯზე არ გაზარდა, ან პროდუქციას თვითღირებულებაზე დაბალ ფასად ყიდის.
„იმ შემთხვევაში, თუკი ამას კომპანია მოგების შემცირების ხარჯზე აკეთებს, ეს მოგების გადასახადის გაუქმებასთან პირდაპირ კავშირშია. ქვეყნის ეკონომიკის სწრაფი განვითარების გეგმა მოგების გადასახადის ნაწილობრივ გაუქმებასაც ითვალისწინებდა. ეს გადასახადი ნაწილობრივ გაუქმდა, მაგრამ როცა კომპანია, ბიზნესი თავისი მოგების შემცირებას ახდენს და ფასს ადექვატურად არ ზრდის, ამ შემთხვევაში, მისთვის ეფექტი ერთნაირია, ანუ მნიშვნელობა არ აქვს, ბიზნესი გადასახადს გადაიხდის და მოგებას ამ კუთხით შეიმცირებს თუ გადასახადს ფასზე ადექვატურად არ ასახავს.
ზოგადად, მოგების გადასახადის შემცირების იდეა, რა თქმა უნდა, მისასალმებელია, რადგან გამოთავისუფლებული თანხა, დაახლოებით, 500 მილიონი, რომელიც პრემიერმაც ახსენა, ბიზნესის გაფართოებისთვის დატრიალდება“, - განაცხადა ლევან აღდგომელაშვილმა.
„ომეგა ჯგუფი თამბაქოს“ გენერალური მენეჯერი გადაცემაში დემპინგურ, ანუ ე.წ. „მტაცებლურ და არასამართლიან ფასებსაც“ შეეხო და აღნიშნა, რომ საერთაშორისო ფესვგამდგარი კომპანიები ახერხებენ, გარკვეული პროდუქცია საქართველში თვითღირებულებაზე დაბალ ფასად გაყიდონ.
„ამ ფონზე, მოგების გადასახადის მხოლოდ შემსუბუქება, ან გაუქმება და აქციზის გაზრდა სასურველ ეფექტს ვერ იძლევა. ქვეყნის ეკონომიკა, პირველ რიგში, ადგილობრივ ბიზნესზე დგას და თუკი ამ მხრივ ადგილობრივი ბიზნესი შებორკილია და სხვა მსხვილი მოთამაშის მხრიდან ისეთ მარწუხებშია მოქცეული, როგორიც არაკონკურენტული ქმედებებია, ეს, რა თქმა უნდა, სასურველ ეფექტს ვერ გამოიღებს. ამიტომ ვთვლი, რომ სხვა ღონისძიებებიცაა გასატარებელი,“ - განაცხადა აღდგომელაშვილმა და დასძინა, რომ კარგი იქნება, ის თანხა, რომელიც ბიზნესს მოგების გადასახადის შემცირებით გამოუთავისუფლდება, ისევ ბიზნესში ჩაბრუნდეს და ამით ბიზნესის გაფართოება მოხდეს.
„საქართველოს ხელი აქვს მოწერილი ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებაზე. ბევრი ამბობს, რომ საქართველოში ანტიდემპინგური კანონმდებლობა არ არსებობს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ დემპინგით დაზარალებულ კომპანიას ზარალის ანაზღარების მოთხოვნის უფლება არ აქვს. საერთოდ, სამართლის პრინციპია - როცა რაიმე ქმედება ზიანს აყენებს, კომპანიას უფლება აქვს, რომ ამ ზიანის ანაზღაურება მოითხოვოს და, კანონის არარსებობის შემთხვევაში, ვალდებულება მოხსნილი არც ზიანის მიმყენებელს აქვს,“ - განაცხადა აღდგომელაშვილმა და იქვე, სურვილი გამოთქვა, რომ კარგი იქნება, კონკურენციის სააგენტოს ქმედება მეტად ეფექტური იყოს.
გადაცემის წამყვანის კითხვაზე, მთავრობის 10-პუნქტიანი გეგმა ბიზნესის წინაშე მდგარ გამოწვევებს ასახავს თუ არა, ლევან აღდგომელაშვილმა უპასუხა:
„დასაწყისისთვის, ეს მისაღები და სწორია, მაგრამ სასურველი ეფექტის მისაღებად ჯობია, რომ კიდევ უფრო კომპლექსური ღონისძიებები იქნეს გატარებული, გათვალისწინებული იქნეს ადგილობრივი ბიზნესის ინტერესები და ზოგადად, კონკურენტული გარემო უნდა შეიქმნას.“
ლევან აღდგომელაშვილის თქმით, ინვესტიციების განხორციელება „ომეგა ჯგუფის“ მხრიდან მხოლოდ მოგების გადასახადის ნაწილობრივი გაუქმების შედეგი არაა.
„ჩვენ ინვესტიციებს წლების განმავლობაში ვანხორციელებთ“, - განაცხადა აღდგომელაშვილმა.
აღსანიშნავია, რომ შარშან, მედიაჰოლდინგ „ჯორჯიან თაიმსისა“ და საერთაშორისო კვლევის ორგანიზაცია „გორბის“ მე-17 ბიზნესდაჯილდოებაზე 2016 წლის საუკეთესო ინვესტორად „ომეგა ჯგუფის“ დამფუძნებელი და ამჟამად აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი ზაზა ოქუაშვილი დაასახელეს.