საზოგადოება
შავნაბადას მთაზე ხანძარი ლიკვიდირებულია, თუმცა ყველანი ადგილზე ვრჩებით - ზურაბ პატარაძე
ხულოში, შავნაბადას მთაზე ხანძარი ლიკვიდირებულია. აჭარის მთავრობის მეთაურისა და საგანგებო შტაბის ხელმძღვანელის, ზურაბ პატარაძის ინფორმაციით, ცეცხლის ღია კერები არ შეინიშნება. მიუხედავად ამისა საგანგებო შტაბი და სახანძრო-სამაშველო სამსახურები ადგილზე რჩება.
„ცეცლის კერების ლიკვიდაცია მოხდა. ღია ცეცხლი საერთოდ არ აღენიშნება. უფრო რჩება ტექნიკური ხასიათის სამუშაოები. ამ ეტაპისთვის 300-მდე მაშველია შესული ლოკაციებზე. მიმდინარეობს მიწის, ნიადაგის დამუშავება, ასევე მუშაობს მძიმე ტექნიკა. სრული შემადგენლობა ჯერჯერობით რჩება ადგილზე, პრევენციის მიზნით უნდა მივიღოთ დამატებითი ზომები. ხვალ დილისთვის უფრო გვექნება ნათელი სურათი, ხვალინდელი დღე მთლიანად დაეთმობა ადგილის ინსპექტირებას, ხომ არ დარჩა სადმე კერა. მხოლოდ ამის შემდეგ იქნება შესაძლებელი ვთქვათ, რომ ხანძარი არის ბოლომდე ლიკვიდირებული“, -თქვა პატარაძემ.
საგანგებო შტაბის ხელმძღვანელის განცხადებით, ავიაცია ტერიტორიაზე რჩება.
„ამავდროულად მინდა აღვნიშნო, რომ 2 ვერტმფრენი - ქართული და თურქული რჩება ზონაში. საჭიროების შემთხვევაში ისინიც ჩაერთვებიან“, -დაამატა პატარაძემ.
შავნაბადას მთაზე ხანძარს ხუთი დღის განმავლობაში აქრობდნენ.
ანა მებურიშვილი