შპს „ელიტა ბურჯის“ იურისტი იმედა ნიკურაძე გაათავისუფლეს
28.08.2012 19:01
შპს „ელიტა ბურჯის“ იურისტ იმედა ნიკურაძეს 20-დღიანი პატიმრობის ვადა ამოეწურა. გათავისუფლებულ ნიკურაძეს თბილისის პოლიციის მთავარი სამმართველოს წინასწარი დაკავების იზოლატორთან მისი კოლეგები შალვა შავგულიძე, ალა კახნიაური, გელა ნიკოლაიშვილი, ლალი აფციაური და ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილი დახვდნენ და მხარდაჭერა გამოუცხადეს.
როგორც შპს „ელიტა ბურჯის“ იურისტმა აღნიშნა, მისმა კოლეგებმა ძალ-ღონე არ დაიშურეს, რომ მოსამართლეს გამამტყუნებული განაჩენი არ გამოეტანა, თუმცა საპირისპირო მოხდა, რადგან საქართველოში კანონზე მაღლა ხელისუფლება დგას.
ნიკურაძის ცნობით, პატიმრობის დროს მიმართ მუდმივად ზეწოლა ხორციელდებოდა.
„სპეციალურად მირთავდნენ „ნაციონალური მოძრაობის“ სარეკლმაო რგოლს „მიშა მაგარიას“ . როცა დღეში ერთი საათით გასეირნებას ვთხოვდი, რაც კანონით მეკუთნოდა, მეუბნებოდნენ ივანიშვილმა გაგასეირნოსო. ახლა მეღიმება, მაგრამ მერწმუნეთ, ეს ყველაფერი იქ ძნელი მოსასმენია.
„ვინაიდან საქართველოში სასამართლო ხელისუფლება ღრმა კრიზისშია და მართლმსაჯულება კანონის შესაბამისად არ ხორციელდება, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ აღნიშნულ საქმეზე ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულ სასამართლოს მივმართოთ, რომელსაც ყველა ის მტკიცებულება წარედგინება, რომელიც ადგილობრივმა სასამართლოებმა არ გაიზიარეს და რომელი მტკიცებულებებითაც ჩემს უდანაშაულობას დაადასტურებენ. ასევე მადლიერებას გამოვხატავ ადვოკატთა ასოციაციის წარმომადგენლების და ყველა ჩემი კოლეგის მისამართით, ვინც აღნიშნული საკითხი საყოველთაო განსჯის საგნად აქციეს და რომლებისთვისაც ყოველი უკანონოდ დაკავებული პატიმარი, მითუმეტეს, თუ ეს ადვოკატი იქნება, პირადი ღირსების შელახვის ტოლფასია“, - განაცხადა ნიკურაძემ.
ცნობისთვის: იმედა ნიკურაძე პოლიციამ „ელიტა ბურჯის“ დაყადაღების დროს, სამართალდამცავებისთვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით დააკავა. მისი ადვოკატების განცხადებით კი „ელიტა ბურჯში“ შესულ პოლიციას ნიკურაძემ შესაბამისი საბუთის წარდგენა მოსთხოვა და ის სწორედ ამიტომ დააკავეს.




















