საზოგადოება
შსს-მ ახალი სტანდარტი დადო - თეა პერტაია ბათუმის მოვლენებზე
შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი თეა პერტაია ფეისბუკის საკუთარ გვერდზე გამოეხმაურა ბათუმში მომხდარ მოვლენებს.
პერტაიას თქმით, პოლიციის ქმედებები იმაზე იყო ორიენტირებული, რომ ძალადობა არ გამოეყენებინა.
„სანამ გამთენიისას სპეცდანიშნულების რაზმი ქალაქში გავიდოდა, პოლიციელებს შს მინისტრი შეხვდა. მეც იქ ვიყავი... ეზოში ცივი სიჩუმე იდგა... ამ სიჩუმეში შორიდან ისმოდა აგრესიული შეძახილები, მსხვრევის ხმა და... გაისმა მინისტრის სიტყვები - მიუხედავად ყველაფრისა, იცოდეთ, იქ ადამიანები, ჩვენი მოქალაქეები არიან. ყველაფერი გააკეთეთ ისე, რომ არც ერთი მათგანი არ დაზიანდეს! - ეს ფრაზები იმ დილით მან ბევრჯერ გაიმეორა... დიახ, შსს-მ ახალი სტანდარტი დადო და ამ სტანდარტის შესახებ ყველამ გაიგო. მინისტრის ეს მკაცრი ინსტრუქცია მოგვიანებით სპეც. რაზმმაც ექოსავით აიტაცა...
ესაა თანამედროვე პოლიციის სახე. სხვაგვარად რომ იყოს, აქ არც ვიმუშავებდი... დღეს ეს ღირებულებებია ამ უწყების საყრდენი, რომელიც საზოგადოების მხარდაჭერასაც საჭიროებს, მიუხედავად პოლიტიკური თუ სხვა სახის კუთვნილებისა. ეს ყველას პოლიციაა და მე ამის გულწრფელად მჯერა...“, - დაწერა პერტაიამ ფეისბუკის საკუთარ გვერდზე.
ანა მებურიშვილი