უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

2 ივნისი, 2017 14:25
font-size

სიღნაღის პოლიციის სამმართველოში მოქალაქის სავარაუდო ცემის ფაქტს „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი“ ეხმიანება

„ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი“ (EMC) ეხმაურება მოქალაქე ვლადიმერ მჭედლიშვილის სავარაუდო ცემის შემთხვევას და ამ საქმეზე მიმდინარე გამოძიებას.

,,როგორც ცნობილია, მიმდინარე წლის 15 მაისს სიღნაღის პოლიციის სამმართველოში პოლიციის თანამშრომელმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მოქალაქე მჭედლიშვილს, რის შემდეგაც მას ნეკნების მოტეხილობა და სხეულზე სხვადასხვა სახის დაზიანებები აღენიშნებოდა. EMC იცავს ვლადიმერ მჭედლიშვილის ინტერესებს გამოძიების წინაშე, რომელიც კახეთის საოლქო პროკურატურის მიერ პოლიციის თანამშრომლის მხრიდან უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე (სსკ-ის 333-ე მუხლის პირველი ნაწილი) მიმდინარეობს.

გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო სიღნაღის წინასწარი დაკავების იზოლატორის თანამშრომლის მიერ პროკურატურისთვის მიწოდებული ინფორმაცია, რომლის თანახმად იზოლატორში მოთავსებული ვლადიმერ მჭედლიშვილი მისი ფიზიკური დაზიანებების წარმომავლობას სიღნაღის პოლიციის სამმართველოს თანამშრომლის - გიორგი ნოზაძის მიერ მასზე განხორციელებული ძალადობით ხსნიდა.

გამოძიების ფარგლებში დაკითხული მჭედლიშვილის განმარტებით, იგი 2017 წლის 15 მაისს ადმინისტრაციული წესით დააკავეს სიღნაღში ქორწინების სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც ის თავის რამდენიმე ნაცნობთან ერთად ლუდს სვამდა. მჭედლიშვილის განმარტებით, აღნიშნულის შემდეგ იგი იქვე მდებარე პოლიციის შენობაში გადაიყვანეს და ამავე შენობის პირველ სართულზე არსებულ ერთ-ერთ ოთახში პოლიციის თანამშრომელი გიორგი ნოზაძე მას დაახლოებით 15 წუთის განმავლობაში ხელებით და ფეხებით სცემდა.

მჭედლიშვილის ჩვენების თანახმად, მისი ცემის დასრულების შემდეგ ის მოათავსეს წინასწარი დაკავების იზოლატორში, სადაც მისი ძლიერი ტკივილების გამო ორჯერ გახდა საჭირო სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამოძახება. მომდევნო დღეს მჭედლიშვილი გათავისუფლდა დაკავებიდან და მას ასკ-ის 173-ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის სასამართლოს მიერ დაეკისრა 300 ლარის ოდენობით ჯარიმის გადახდა. მჭედლიშვილის განცხადებით, იგი მომხდარიდან 3 დღის განმავლობაში ძლიერი ტკივილებით იმყოფებოდა სახლში და ყოველ დღე იძახებდა სასწრაფო სამედიცინო დახმარებას შესაბამისი ტკივილგამაყუჩებლის მიღების მიზნით. 2017 წლის 17 მაისს მჭედლიშვილმა მიმართა სამედიცინო დაწესებულებას, სადაც რენტგენით მისი გამოკვლევის შემდეგ მას სამი ნეკნის მოტეხილობა დაუდგინდა. მჭედლიშვილმა გამოძიებას 2017 წლის 23 მაისს წარუდგინა აღნიშნული კლინიკის მიერ გაცემული სამედიცინო ცნობა მის დაზიანებებთან დაკავშირებით.

უნდა აღნიშნოს, რომ საწყის ეტაპზევე გამოძიების სწორად და ეფექტურად წარმართვისთვის მნიშვნელოვანია ქმედების სწორი სამართლებრივი შეფასება და სათანადო კვალიფიკაცია. კვალიფიკაცია ასევე განსაზღვრავს ცალკეული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების შესაძლებლობას და ამასთან, მიანიშნებს გამოძიების ობიექტურად წარმართვის ნების არსებობაზე. მოცემულ შემთხვევაში, პოლიციის თანამშრომლის მიერ პოლიციის შენობაში დაკავებული მოქალაქის სავარაუდო ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტზე გამოძიების დაწყება სსკ-ის 333-ე მუხლით არ შეესაბამება საქმეში არსებულ გარემოებებს, მათ შორის, მიღებული დაზიანებების სიმძიმეს. ამასთან, ყურადღების მიღმა რჩება პოლიციის ეფექტური კონტროლის ქვეშ მყოფი პირის წინააღმდეგ განზრახ დამამცირებელი მოპყრობა ძლიერი ფიზიკური ტკივილის გამოწვევით. ამდენად, მნიშვნელოვნად მიგვაჩნია აღნიშნული საქმე გადაკვალიფიცირდეს და შეფასდეს სსკ-ის 1443-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ქმედებად - მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ დამამცირებელ ან არაადამიანურ მოპყრობად.

ამასთან, მნიშვნელოვანია გამოძიების პროცესში მჭედლიშვილის ჩართულობის და საქმის მასალებზე წვდომის უზრუნველყოფისთვის მჭედლიშვილი ცნობილ იქნეს დაზარალებულად, რის თაობაზეც მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის მიერ 2017 წლის 25 მაისს მიმართულ იქნა კახეთის საოლქო პროკურატურისთვის. საქმეში არსებობს პირის დაზარალებულად ცნობისთვის კანონით განსაზღვრული საკმარისი მტკიცებულებების ერთობლიობა - ვლადიმერ მჭედლიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ არსებული სამედიცინო ცნობა, რომელიც ადასტურებს მისი სამი ნეკნის მოტეხილობის ფაქტს, ასევე დოკუმენტაცია, რომლითაც დგინდება მჭედლიშვილის დაკავების ღამეს მისთვის სამედიცინო დახმარების აღმოჩენის მიზნით წინასწარი დაკავების იზოლატორში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის ორჯერ გამოძახება, მოწმეები, რომლებიც ადასტურებენ, რომ ვლადიმერ მჭედლიშვილის დაკავებამდე რაიმე სახის დაზიანებები არ აღენიშნებოდა და არც ტკივილები აწუხებდა. ამის მიუხედავად, ის ფაქტი, რომ დღემდე მჭედლიშვილის დაზარალებულად ცნობის თაობაზე გადაწყვეტილება არ არის მიღებული, აფერხებს მის ჩართულობას საგამოძიებო პროცესში და კითხვებს აჩენს ზოგადად გამოძიების ეფექტურად მიმდინარეობასთან დაკავშირებით.

ასევე უნდა აღინიშნოს, რომ სიღნაღის პოლიციის თანამშრომელი, რომელმაც სავარაუდოდ მძიმე ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა დაკავებულ მჭედლიშვილს, დღემდე ასრულებს სამსახურებრივ უფლებამოსილებას იმავე შენობაში, რომელშიც ხსენებული სისხლის სამართლის საქმის მტკიცებულებების მოპოვების მიზნით სხვადასხვა საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები ხორციელდება, იკითხებიან მოწმეები. მიგვაჩნია, რომ კახეთის საოლქო პროკურატურის მიერ სიღნაღის პოლიციის თანამშრომლის მიმართ გამოძიების დასრულებამდე გამოძიების პროცესის ხელის შეშლის თავიდან აცილების მიზნით უფლებამოსილება უნდა შეუჩერდეს იმ პოლიციის თანამშრომელს, რომლის მიმართაც მიმდინარეობს გამოძიება შესაძლო დანაშაულებრივ ქმედებაზე.

აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, საგამოძიებო ორგანოს მიერ დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი გამოძიების წარმართვის მიზნით, საგამოძიებო ორგანოს მიერ უმოკლეს დროში უნდა განხორციელდეს შემდეგი მოქმედებები:

სსკ-ის 333-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული უფლებამოსილების გადამეტების ნაცვლად, გამოძიება წარიმართოს სსკ-ის 1443-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დამამცირებელი ან არაადამიანურ მოპყრობის ფაქტზე მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ;
ვლადიმერ მჭედლიშვილს მიენიჭოს დაზარალებულის სტატუსი და უზრუნველყოფილი იყოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით დაზარალებულისთვის მინიჭებული უფლებებით ჯეროვნად სარგებლობის შესაძლებლობა;

გამოძიება წარიმართოს პროკურატურის ორგანოს მიერ დამოუკიდებლად, სიღნაღის პოლიციის თანამშრომელთა ყოველგვარი ჩარევისა და მონაწილეობის გარეშე;

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გამოძიების დასრულებამდე უფლებამოსილება შეუჩერდეს შსს-ს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის სიღნაღის რაიონული სამმართველოს იმ თანამშრომელს, რომლის მიმართაც მიმდინარეობს გამოძიება 2017 წლის 15 მაისს ვლადიმერ მჭედლიშვილის ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტზე’’, - ნათქვამია „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის“ განცხადებაში.

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით აჭარა კოლექტივი რადიო ქალაქის პროექტს ახორციელებს

25 აპრილი, 2024 , 13:43

საქართველოს ბანკი ბიზნესის გაძლიერებას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის მხარდაჭერით აჭარა კოლექტივი ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ პროექტს - რადიო ქალაქის მშენებლობას ახორციელებს. პროექტის ჯამური ღირებულება 30 მ

Startup Grind - ის მორიგი ღონისძიება ბათუმში გაიმართება - მხარდამჭერი საქართველოს ბანკია

24 აპრილი, 2024 , 18:09

საქართველოს ბანკი, როგორც ტექნოლოგიური კომპანია ციფრული პროდუქტების განვითარებას და ამ მიმართულებით სტარტაპების ხელშეწყობას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის მხარდაჭერით, Startup Grind - ის მორიგი ღონისძიება 

სამედიცინო დაწესებულებების მონიტორინგის დროს გამოვლინდა ინფექციის პრევენციისა და კონტროლისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის ფუნქციონირების და პროცესის დარღვევების შემთხვევები - ომბუდსმენი

24 აპრილი, 2024 , 14:53

სახალხო დამცველის აპარატი ცხრა სტაციონარულ სამედიცინო დაწესებულებაში ინფექციის პრევენციისა და კონტროლის ღონისძიებების განხორციელების მონიტორინგის შედეგებს ქვეყნებს. სახალხო დამცველის აპარატის ცნობით, სამედიცინო დაწე

იდენტიფიცირებული იქნებიან ის პირები, რომლებიც, ხალხის რაოდენობის სიმცირის მიუხედავად, აქციის მონაწილეებს გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ - შსს

24 აპრილი, 2024 , 14:16

ბოლო პერიოდში რუსთაველის გამზირსა და პარლამენტის შენობის ტერიტორიაზე მიმდინარე აქციების დროს, მსვლელობაში მონაწილე პირთა რაოდენობა საგრძნობლად შემცირდა. მსვლელობაში მონაწილეთა მცირე რაოდენობის გათვალისწინებით, ტრანსპორტი

პრეზიდენტმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა

24 აპრილი, 2024 , 13:29

საქართველოს პრეზიდენტმა ლაზარე გრიგორიადისის შეწყალების აქტი გამოსცა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. ცნობისთვის, მარტის აქციებზე პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახე

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით გლდანი მოლი ფართოვდება

24 აპრილი, 2024 , 13:01

საქართველოს ბანკი პარტნიორი ბიზნესების მხარდაჭერას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, კომპანია „აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯია’’  „სითი მოლი გლდანის“ რეკონს

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი