უახლესი ამბები
არქივი
ძებნა
ანონსები
მსოფლიო
სირიის საკითხში აშშ-სა და რუსეთის შორის აზრთა სხვადასხვაობაა 09.09.2012 18:03

აშშ–ის სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი არ გამორიცხავს, რომ რუსეთსა და აშშ–ს შორის აზრთა სხვადასხვაობა სირიის კრიზისის გადაჭრასთან დაკავშირებით შენარჩუნდება, –– იუწყება „რია ნოვოსტი“ „როიტერზე“ დაყრდნობით.

წყაროს ცნობით, სახელმწიფო მდივნის კომენტარი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინსა და საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან შეხვედრის შედეგების შეფასებისას გაკეთდა.

შეხვედრა ვლადივოსტოკში აზია–წყნარი ოკეანიის ეკონომიკური თანამშრომლობის სამიტის ფარგლებში გაიმართა.

„საგნებს რეალისტურად უნდა შევხედოთ. ჩვენ არ დაგვინახავს მსგავსება სირიის საკითხთან დაკავშირებულ მოსაზრებებში. ასეთი სიტუაცია შეიძლება გაგრძელდეს“, –– განაცხადა ჰილარი კლინტონმა.

სახელმწიფო მდივანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამ საკითხზე რუსეთთან შეთანხმების არარსებობის მიუხედავად, აშშ–ის ხელისუფლება გააგრძელებს იმ ქვეყნებთან თანამშრომლობას, რომლებსაც აშშ–ს მსგავსი პოზიცია აქვთ. ეს პოზიცია კი იმას გულისხმობს, რომ მხარი დაუჭიროს სირიის ოპოზიციას ბაშარ ასადის რეჟიმთან ბრძოლაში.

შეგახსენებთ, რომ სირიაში კონფლიქტი 2011 წლის მარტიდან გრძელდება. ამ ხნის განმავლობაში, ხელისუფლების ოფიციალური მონაცემებით, დაახლოებით 8 000 ადამიანი დაიღუპა. გაეროს მონაცემებით კი, ეს მაჩვენებელი 17 000–ს შეადგენს.