არქივი
საზოგადოება
სწავლა უნდა ვასწავლოთ და სწავლა უნდა შევაყვაროთ - ალექსანდრე ჯეჯელავა
განათლების მინისტრი, ალექსანდრე ჯეჯელავა სასკოლო სასწავლო პროგრამაში ცვლილებების განხორცილებას აუცილებლობად მიიჩნევს და ამბობს, რომ პრიორიტეტულია, სკოლაში სწავლა გახდეს მოსწავლისთვის საინტერესო.
როგორც მინისტრმა 2030-ში სტუმრობისას განაცხადა, განათლების სისტემაში დაგეგმილ 39 მსხვილი პროექტს შორის, ერთ-ერთი გამოკვეთილი სწორედ სასწავლო პროგრამაში ცვლილებების შეტანაა.
,,თვითონ სასწავლო პროგრამის რედიზაინი, გადაკეთება მისადაგება ახლანდელი ბავშვების საჭიროებებზე არის ცენტრში. ჩვენ ვამბობთ, რომ არ შეიძლება მე-7 კლასელი იყოს გადატვირთული და 10 საათამდე მეცადინეობდეს და მე-12 კლასელს საქმე არ ჰქონდეს. ადამიანის ფიზიოლოგიური და ინტელექტუალური განვითარება მოითხოვს ტემპს პირიქით - პატარიდან მზარდისკენ. პირველ კლასელს სულ უნდა ვეთამაშოთ და მე-12 კლასელმა თავი ვერ უნდა აწიოს წიგნიდან წესით. ჩვენთან ასე არ არის. მე-5 და მე-6 კლასელს რეპეტიტორი რომ სჭირდებოდეს, არ შეიძლება, თეორიულადაც არ შეიძლება. ფაქტია, რომ სჭირდება. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამას გავაკეთებთ ისე, რომ იქნება ასაკთან შესაფერისიც და თან სახალისო. სწავლა უნდა ვასწავლოთ და სწავლა უნდა შევაყვაროთ, რომ მომავალში ახალი ტექნოლოგიები რომ შემოვა, რაც დღეს არ არის, შეიწოვოს, როგორც ღრუბელმა. სწავლის შეყვარება არის სკოლის ძალიან მნიშვნელოვანი ამოცანა. გამარტივება და გახალისება პროგრამის არის ერთ-ერთი მთავარი ამ 39 პროექტიდან. ამაზე მნიშვნელოვანი საქმე მე არ მაქვს’’, - აღნიშნა განათლების მინისტრმა.
მისივე თქმით, დამახსოვრებაზე ორიენტირებულ სასწავლო სისტემას მთელ მსოფლიოში ცვლის აზროვნებაზე ორიენტირებული სისტემა.
,,ჩვენ გვაქვს საშუალება, რომ მეხსიერებას ცოტა მოვაკლოთ, კი არ ავკრძალოთ და ეს ცოტა მივუმატოთ, აზროვნებას, ანალიტიკას და დასკვნების გაკეთებას.
საზეპირო იქნება, ლექსაც ვასწავლით ბავშვს, სიმღერასაც, ჰაგიოგრაფიიდან მნიშვნელოვფან ადგილებსაც, ოღონდ თუ ეს არის სკოლა და გამოცდაზე ამას ვტესტავთ, მაშინ ის ბავშვი შეიძლება ცხოვრებისთვის მზად არ იყოს და არჩევნებზე მერე, პოლიტიკოსები ზოგი რას რომ ეუბნება და ზოგი რას, როგორ გამოიტანოს მტყუან-მართალი, ამაში საზეპირო ხომ არ უშველის?! საბჭოთა სისტემას და მანამადე ბრიტანულ სისტემას, სჭირდებოდა, რომ ტელევიზორიდან რასაც გეტყოდნენ, ის დაგემახსოვრებინა და მერე რობოტივით გემეორებინა. ახლა სხვა დრო დადგა. ახლა ტელევიზორიდან რომ გეტყვიან, შენი თავით უნდა აწონ-დაწონო და მტყუან-მართალი გაარჩიო. ეს უნდა ვასწავლოთ სკოლაში’’, - განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.
მისივე თქმით, იმისათვის, რომ სწავლის პროცესი გახდეს საინტერესო, აუცილებელია სხვადასხვა სახის ინტელექტუალური თამაშის თუ ინტერაქტიულ რეჟიმში წარმართული გაკვეთილის შეტანა მასში.
,,ჩვენ გვყავს ზღაპრული მასწავლებლები, ისეთი მასწავლებლები გვყავს, რომ ამერიკას და ევროპას შეშურდება, ნებისმიერ სკოლას. მათი გამოცდილება უნდა გადმოვიღოთ, რომ იყოს თამაშ-თამაში, შეჯიბრი, საინტერესო, ხუმრობა, იუმორი, ეს ყველაფერი იყოს შეზავებული და ბავშვი იყოს ჩართული. ჩართულობა არის მთავარი სიტყვა თანამედროვე სკოლაში’’, - განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.
ნინო ექვთიმიშვილი