`თავისუფალი საქართველო:` შინაგან საქმეთა სამინისტრომ ქეთი ბექაურს აგენტი მიუგზავნა
16.06.2012 17:30
პოლიტიკურ პარტია "თავისუფალი საქართველოს" მტკიცებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ პარტიის სამართლებრივი პოლიტიკის ხელმძღვანელ, ადვოკატ ქეთი ბექაურს აგენტი მიუგზავნა. როგორც პარტიის განცხადებაშია ნათქვამი, მას შემდეგ, რაც ადვოკატმა გამოხატა საკუთარი პოლიტიკური სიმპატიები „თავისუფალი საქართველოს' მიმართ და პარტიის სამართლებრივ პოლიტიკის ხელმძღანელად დაინიშნა, შინაგან საქმეთა სამინისტრომ მისი პოლიტიკური ნიშნით დევნა გააქტიურა.
"15 ივნისს „თავისუფალი საქართველო“-ს ოფისში, შინაგან საქმეთა სამინიტროს თანამშრომლებმა ბექაურთან მიაგზავნეს საკუთარი აგენტი. ადვოკატს იგი მობილურ ტელეფონზე დაუკავშირდა და შეხვედრა სთხოვა როგორც კლიენტმა, რომელსაც ესაჭიროებოდა იურიდიული კონსულტაცია. პიროვნება არის სომეხი ეროვნების და როგორც თვითონ განაცხადა ცხოვრობს რუსეთში. აღნიშნულმა პიროვნებამ ქეთი ბექაურს განუცხადა, რომ ფლობდა გარკვეულ ინფორმაციას ტერორისტულ აქტებთან დაკავშირებით და ადვოკატისგან მოითხოვდა ინფორმაცა მიეწოდებინა რომელიმე მსხვილი მედია კომპანიისთვის საქართველოში ან საზღვარგარეთ ინტერნეტის საშუალებით, რისთვისაც ბექაურს ჰპირდებოდა ჰონორარის სახით 100 000 ევროს. გარდა ამისა, აღნიშნული პიროვნება ითხოვდა, რომ დაცული ყოფილიყო შეხვედრის კონფიდენციალურობა და მისი პიროვნება არ გამჟღავნებულიყო. ასევე, იგი ცდილობდა ქეთი ბექაურისთვის გადაეცა ტელეფონის სიმ - ბარათი და სთხოვდა მხოლოდ ამ ტელეფონით დაკავშირებოდა მას. უარის მიღების შემდეგ მან დატოვა „თავისუფალი საქართველო“-ს ოფისი", - ნათქვამია პარტიის განცხადებაში და აღნიშნულია, რომ ქეთი ბექაურმა აღნიშნული ფაქტის შესახებ მაშინათვე შეატყობინა „თავისუფალი საქართველოს" ლიდერს კახა კუკავას. "პარტია „თავისუფალი საქართველო“ აღნიშნულ ფაქტს აფასებს დანაშაულის პროვოკაციად და აფრთხილებს შინაგან საქმეთა სამინისტროს, თავი შეიკავონ მსგავსი ტიპის პროვოკაციებისგან", - აღნიშნულია განცხადებაში.




















