თბილისის ღია სასწავლო უნივერსიტეტი მემორანდუმს აფორმებს
16.05.2012 16:27
ხვალ თბილისის ღია სასწავლო უნივერსიტეტი გეგმავს ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმებას საქართველოს პარლამენტის ილია ჭავჭავაძის სახელობის ეროვნულ ბიბლიოთეკასთან.
მემორანდუმის ფარგლებში გათვალისწინებულია: ერთობლივი სამეცნიერო-კვლევითი პროექტების შემუშავება; გამოფენების, კონკურსების, ლექცია–სემინარების, ოლიმპიადების ჩატარება; კონფერენციებისა და დისკუსიების ორგანიზება; ერთობლივი გასართობი, შემეცნებითი ხასიათის ღონისძიებების, კულტურული შეხვედრებისა და ლიტერატურული საღამოების მოწყობა.
როგორც `მედიანიუსს~ თბილისის ღია სასწავლო უნივერსიტეტიდან აცნობეს, უნივერსიტეტს მიეცემა შესაძლებლობა, უსასყიდლოდ ისარგებლოს ეროვნული ბიბლიოთეკის საგმოფენო და საკონფერენციო დარბაზებით და ასევე ბიბლიოთეკათშორისი მომსახურეობის აბონემენტით.
ეროვნული ბიბლიოთეკა მიიღებს (უსასყიდლოდ) უნივერსიტეტის კვლევით ბაზაზე მომზადებულ სახელმძღვანელოებს, სამეცნიერო ხასიათის ნაშრომებს და პუბლიკაციების ელექტრონული წიგნების სახით.
თბილისის ღია უნივერსიტეტის მხრიდან მემორანდუმს ხელს მოაწერს რექტორი, სამართლის დოქტორი, ასოცირებული პროფესორი ნოდარ პაპუკაშვილი, საქართველოს პარლამენტის ილია ჭავჭავაძის სახელობის ეროვნულ ბიბლიოთეკის მხრიდან გენერალური დირექტორი, გიორგი კეკელიძე.
თბილისის ღია სასწავლო უნივერსიტეტში სწავლება რამდენიმე მიმართულებით ხორციელდება: სოციალური მეცნიერება და ბიზნესი, სამართალი და ინჟინერია. უნივერსიტეტის უმთავრესი ამოცანაა ჩამოთვლილ სფეროებში მაღალკვალიფიციური, კონკურენტუნარიანი კადრების მომზადება და ასევე სამეცნიერო-კვლევითი პროექტების განხორციელება, სამეცნიერო საქმიანობის განვითარების მიზნით.
მიზნის მისაღწევად უნივერსიტეტი აქტიურად მუშაობს და მომავალშიც გააგრძელებს ახალი პარტნიორების მოძიებასა და მათთან თანამშრომლობის განვითარებაზე ზრუნვას, უმაღლესი განათლებისა და სამეცნიერო სფეროს განვითარების ხელშეწყობის მიზნით.



















