უახლესი ამბები
არქივი
ძებნა
სამართალი
,,თბილისის მიკროავტობუსსა” და სარეკლამო კომპანიას შორის გაფორმებული ხელშეკრულება არაკონსტიტუციურია~ 11.06.2012 17:31

უფლებათადამცველი ორგანიზაცია ,,ახალგაზრდა ადვოკატების” განცხადებით, შპს ,,თბილისის მიკროავტობუსსა” და სარეკლამო კომპანიას შორის გაფორმებული ხელშეკრულება არაკონსტიტუციურია და ადამიანის გამოხატვისა და ინფორმაციის თავისუფლებას არღვევს.

საქმე ეხება ,,თბილისის მიკროავტობუსსა” და სარეკლამო კომპანიას შორის გაფორმებულ ხელშეკრულებას, რომლის თანახმადაც, მიკროავტობუსებში გამოყენებული რადიოსაშუალებები ხელს უშლის მიკროავტობუსებში ხმოვანი სარეკლამო რგოლის ეკრანზე განთავსებას.

როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ორგანიზაციის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა არჩილ კაიკაციშვილმა განაცხადა, ორგანიზაცია შეეცადა გადაემოწმებინა ევროპის სხვადასხვა ქვეყნის დედაქალაქებში, არსებობს თუ არა მსგავსი პრეცედენტი, თუმცა ანალოგიურ ფაქტს ვერ მიაკვლია.

,,ახალგაზრდა ადვოკატების” განცხადებით, აღნიშნული ხელშეკრულება ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 24-ე მუხლს, ევროკონვენციის 19-ე მუხლს და გაეროს 1966 წლის სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების საერთაშორისო პუნქტის 19-ე მუხლს.

,,მივმართავთ თბილისის მერიას, შეისწავლოს ტენდერში გამარჯვებული კომპანიის საქმიანობა, შეისწავლოს აღნიშნული ხელშეკრულების კანონიერება იმიტომ, რომ საქართველოს კონსტიტუცია, რომელიც უნდა იყოს ყველა სხვა სამართლებრივი დოკუმენტის საფუძველი, დარღვეულია”, _ განაცხადა კაიკაციშვილმა.

მისივე თქმით, როცა საკითხი დგება _ გამოხატვის თავისუფლების დაცვა თუ კერძო კომპანიის კომერციული ინტერესი, ევროპული პრაქტიკა ცხადყოფს, რომ უპირატესობა გამოხატვის თავისუფლებას ენიჭება.

,,ახალგაზრდა ადვოკატები” საკითხის შესწავლის მოთხოვნით, თბილისის მერიას ხვალ მიმართავენ. იმ შემთხვევაში კი, თუ მერია სათანადო ზომებს არ მიიღებს, ორგანიზაცია საკითხის შესწავლას სასამართლოს გზით შეეცდება.