პოლიტიკა
თეა წულუკიანი ფიქრობს, რომ უმრავლესობა არ დაიშლება
საქართველოს იუსტიციის მინისტრი, თეა წულუკიანი ფიქრობს, რომ უმრავლესობა არ დაიშლება. მისი თქმით, არსებული პოლემიკა ჯანსაღია, თუმცა თუ მალე დასრულდება ყველასთვის უკეთესი იქნება.
„ვფიქრობ, საკმაოდ საფუძვლიანი ცოდნა მაქვს, როგორც პარტიული, ასევე შიგნით მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით. მიმაჩნია, ის ადამიანებიც კი, რომლებიც ერთმანეთს საჯაროდ ეპაექრებიან, არ დაუშვებენ, რომ უმრავლესობა დაიშალოს. პოლემიკა რაც არსებობს, ერთი მხრივ, ჯანსაღია, მეორე მხრივ, თუ მალე დასრულდება, ჩვენთვის ყველასთვის უკეთესია. ჩვენ მხოლოდ ერთმანეთთან და ერთად ყოფნით ვართ ძლიერნი. ძალიან ბევრი საქმეა და ცოტა დრო უნდა გვრჩებოდეს ერთმანეთთან საკამათოდ“, – განაცხადა წულუკიანმა.
შეგახსენებთ, რომ გედევან ფოფხაძე უმრავლესობის დატოვებას არ აპირებს. ამის შესახებ მან გუშინ განაცხადა. დეპუტატის თქმით, ის კი არ უნდა არჩიონ ვინ უნდა იყოს მტყუანი, არამედ პრობლემების გადალახვაზე და უმრავლესობის განვითარებაზე უნდა იფიქრონ.
გედევან ფოფხაძემ საპარლამენტო უმრავლესობის დატოვებასთან დაკავშირებით განცხადება 4 აპრილს გააკეთა.
ცირა გურგენიძე