უახლესი ამბები
არქივი
ძებნა
რეგიონები
თეა წულუკიანსა და ვიქტორ დოლიძეს სამართლადამცველებმა პოლიციის შენობის მოსაცდელში ყოფნის უფლება არ მისცეს 08.06.2012 17:35

პოლიტიკური კოალიცია “ქართული ოცნების” წარმომადგენლებს, თავისუფალ დემოკრატ თეა წულუკიანსა და ვიქტორ დოლიძეს სამართლადამცველებმა ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის შენობის მოსაცდელში ყოფნის უფლება არ მისცეს. ამის შესახებ განცხადებას წულუკიანი ფეისბუკზე აკეთებს.

კოალიციის წევრები პოლიციაში “ქართული ოცნების” იმ წარმომადგნლებს ელოდებოდნენ, რომელთაც სამართალდამცველები ამ დრომდე ჰკითხავენ.

წულუკიანის თქმით, ისინი პოლიციის მოსაცდელში ისხდნენ, რა დროსაც მათთან პოლიციის თანამშრომლები მივიდნენ და შენობის დატოვება სთხოვეს.

“ვიწყებთ საუბარს მე და ვიკა, სანამ დაკითხვაზე შეყვანილი ორი ახალგაზრდა გამოვა. თან არავინ გვახლავს. მოსაცდელშიც არავინ იცდის მეტი. სიმშვიდე და სიჩუმეა, პოლიციას მუშაობის საშუალება აქვს. ხუთ წუთში, მოსაცდელში ჩნდება ათამდე ფორმიანი პოლიციელი და ექვსი-შვიდი სამოქალაქო ტანსაცმელში ჩაცმული სამართალდამცველი. გვეუბნებიან დატოვეთ მოსაცდელიო. ჩვენ უარს ვამბობთ, რადგან მოქალაქეს აქვს უფლება მოსაცდელში იჯდეს და მშვიდად დაელოდოს საგამოძიებო მოქმედების დასასრულს. მაგრამ მშვიდად ყოფნის უფლებას პოლიცია არ გვაძლევს. ვიწყებთ ცხარე საუბარს. პოლიციელები სამართლებრივად ვერ გვიხსნიან, რა არის მიზეზი მოქალაქის მოსაცდელიდან მოცილებისა. შინაგანაწესს ვერ მიჩვენებენ. ვერც სხვა რაიმე კანონიერ საფუძველს. ერთადერთი მიზეზი ისაა, რომ ეს სკამები თანანშრომელთა ჩამოსაჯდომად არის გაკეთთებული, მერე ცვლიან ჩვენებას და ამბობენ (ეს კი კანონით დასჯადია), რომ ეს მოსაცდელი კი არა, მისაღებია და ჩვენ ხელს ვუშლით მუშაობაში და ბოლოს ისიც ითქვა, რომ აქ ცვლები ტრიალებს და ჩვენ ხელს ვუშლით. მოკლედ ორმა ადამიანმა სახელმწიფოს დესტაბილიზაცია გამოვიწვიეთ. მაგრამ პოლიციელებს არგუმენტებში გაუჭირდათ”, - წერს წულუკიანი და დასძენს, რომ ამის შემდეგ მათთან კუდის “კუნთებიანი” თანამშრომლები მივიდნენ და კამერით მათი დაფიქსირება დაიწყეს.

საბოლოო ჯამში წულუკიანმა და დოლიძემ პოლიციის შენობა დატოვეს და მომხდარის შესახებ საქმის კურსში უწყებათაშორისი კომისია ჩააყენეს. წულუკიანის თქმით, კომისიამ მათი მოსაცდელში დაბრუნება ვერ უზრუნველყო, თუმცა კუდის თანამშრომლების “ალყა მოხსნა”.