თელავში ცესკოს რესურსცენტრი გაიხსნა
22.05.2012 14:59
თელავში ცენტრალური საარჩევნო კომისიის რესურსცენტრი გაიხსნა. ცენტრის გახსნის ოფიციალურ ცერემონიას ცესკოს თავმჯდომარესთან ზურაბ ხარატიშვილთან ერთად გაეროს განვითარების პროგრამის ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.
რეგიონულ რესურსცენტრში საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით ყველა სახის ინფორმაციის მიღება იქნება შესაძლებელი. ამომრჩევლებისათვის იქ გაიმართება სხვადასხვა სახის სემინარები, შეხვედრები ყველა დაინტერესებულ მხარესთან, ტრენინგები საარჩევნო თემატიკაზე; ცენტრში საარჩევნო პროცესებში ჩართულ მხარეებს შესაძლებლობა ექნებათ გამართონ სხვადასხვა სახის ღონისძიებები. გარდა ამისა, ამომრჩევლებს დაშვება ექნებათ ელექტრონული და ბეჭდური წიგნების ბიბლიოთეკასთან. დაწესებულება სამოქალაქო განათლების ერთგვარ კერად იქცევა, სადაც ამომრჩევლებს ასევე ექნებათ შესაძლებლობა მიიღონ მონაწილეობა სხვადასხვა პროექტებში და წახალისდებიან საკუთარი სამოქალაქო ინიციატივების განსახორციელებლად.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინიციატივით, გაეროს განვითარების პროგრამასთან მჭიდრო თანამშრომლობით და საქართველოს მთავრობის დაფინანსებით, UNDP-ს პროგრამის ფარგლებში რესურსცენტრები ასევე ამოქმედდება ბოლნისში, დუშეთში, ახალციხეში, ახალქალაქსა და თერჯოლაში. წინასაარჩევნო პერიოდში კი ცესკოს ინიციატივითა და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით ცენტრები, ქვეყნის მასშტაბით, ყველა რეგიონში გაიხსნება.


















