სამართალი
ტელეკომპანია ,,იბერია’’ შს მინისტრს მიმართავს
სამართალდამცველის მხრიდან ტელეკომპანია ,,იბერიის’’ ჟურნალიტის, გიორგი გასვიანის შესაძლო ცემის ფაქტთან ,,იბერია’’ ტვ-ს საინფორმაციო სამსახური და თოქ-შოუ ,,პრიორიტეტი’’ მიმართვას ავრცელებენ.
,,ტელეკომპანია ,,იბერიის’’ საინფორმაციო სამსახური და თოქ-შოუ ,,პრიორიტეტი’’ მიმართავენ შინაგან საქმეთა მინისტრს, რომ უსწრაფესად მოხდეს საქმეზე რეაგირება და დადგინდეს, ვინ და რა მიზნით გაუსწორდა ჟურნალისტ გიორგი გასვიანს, ვინ არის პასუხისმგებელი თოქ-შოუ ,,პრიორიტეტის’’ წამყვანის ცემის ფაქტზე. გიორგი მღებრიშვილისგან ახალი ამბების ჟურნალისტები და მთავარი პოლიტიკური თოქ-შოუს წამყვანები და პროდიუსერები მოვითხოვთ, რომ მოვიდეს ახალი ამბების ან ,,პრიორიტეტის’’ ეთერში და პასუხი გასცეს ჩვენს კითხვებს’’, - ნათქვამია ,,იბერია’’ ტვ-ს საინფორმაციო სამსახურისა და თოქ-შოუ ,,პრიორიტეტის’’ შს მინისტრისადმი მიმართვაში.
ცნობისათვის: ტელეკომპანია ,,იბერიის’’ წამყვანი გიორგი გასვიანი სამართალდამცველებს ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფაში ადანაშაულებს.
ტელეწამყვანის ინფორმაციით, შემთხვევა ბორჯომში ბორჯომის ,,კროუნ პლაზას’’ მიმდებარე ტერიტორიაზე გვიან ღამით მოხდა. მას პოლიციელებმა იარაღი დაადეს და ფიზიკურად გაუსწორდნენ. ჟურნალისტი ყვება, რომ მას ცემის პარალელურად პოლიციელები აგინებდნენ. როდესაც გაირკვა, რომ გასვიანი ჟურნალისტი იყო, პოლიციელები მას დაემუქრნენ, რომ თუ ის ამ ამბავს გაახმაურებდა, ,,უარესი მოუვიდოდა.’’
მომხდარის შემდეგ გიორგი გასვიანს ბორჯომის პოლიციაში რამდენიმე საათის განმავლობაში კითხავდნენ.
თოქშოუ ,,პრიორიტეტის’’ წამყვანი გვიან ღამეს ბორჯომში გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის სემინარზე მიდიოდა.
ნინო ექვთიმიშვილი