სამართალი
ტელეკომპანია ,,იბერიას’’ ლიზენციის დათმობის საქმეზე ბრალდების მხარის მოწმე დაიკითხა
თბილისის საქალაქო სასამართლოში ტელეკომპანია ,,იბერიის’’ დახურვისა და სამაუწყებლო ლიცენზიის დათმობის საქმეზე პროცესი ბრალდების მხარის მტკიცებულებათა გამოკვლევით განახლდა.
სხდომათა დარბაზში ბრალდების მხარის მოწმე დაიკითხა, რომელიც ამჟამად ,,ომეგა ჯგუფში’’ შემავალი კომპანია ,,ოჯთ’’-ის დირექტორია. მოწმე ნიკოლოზ ასანიძე 2004 წლის თებერვალში, როცა ,,ომეგაში’’ სპეცდანიშნულების რაზმი შეიჭრა, ,,ოჯთ’’-ის წარმოების ხელმძღვანელი იყო.
როგორც ნიკოლოზ ასანიძემ დაკითხვისას აღნიშნა, ის ,,იბერიას’’ 4 მეწილიდან, ერთ-ერთის, 25%-ანი წილის მფლობელი „მუვენ ინტერნეიშენალ ლტდ“-ს წარმომადგენელი იყო.
რაც შეეხება უშაულოდ ტელეკომპანია ,,იბერიის’’ ლიცენზიის დათმობის საკითხს, როგორც მოწმემ განაცხადა, ის, რომ მას ხელი უნდა მოეწერა შესაბამის დოკუმენტზე, თავად ,,ომეგა ჯგუფის’’ დამფუძნებლისგან, ზაზა ოქუაშვილისგან შეიტყო. დეტალები კი, მოწმის თქმით, მან ,,ოჯთ’’-ის წარმომადგენელმა, ლევან აღდგომელაშვილმა შეატყობინა.
,,ეს არის აუცილებლად გასაკეთებელი, სხვანაირად არ აღდგება საწარმოების მუშაობაო და მითხრა, რომ ყველაფერს აღდგომელაშვილი ამიხსნიდა’’, - გაიხსენა ასანიძემ ,,ომეგა ჯგუფის’’ დამფუძნებელთან სატელეფონო საუბარი.
მისივე თქმით, ლევან აღდგომელაშვილისგან მან მიიღო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ეს უკანასკნელი პროკურატურაში იყო დაბარებული გენპროკურორის მოადგილესთან, რომლისგანაც მიიღო მითითება საწარმოებში მუშაობის განახლებისა და თანხების რესტრუქტურიზაციის სანაცვლოდ ,,იბერიას’’ ლიცენზიის დათმობის შესახებ.
ასანიძის ინფორმაციითვე, აღდგომელაშვილმა ამცნო მას ისიც, რომ შესაბამის დოკუმენტზე ხელმოწერა თბილისში, კოსტავას ქუჩაზე მდებარე სანოტარო ბიუროში ნოტარიუს ნუნუ გინტურთან უნდა მომხდარიყო.
როგორც მოწმემ აღნიშნა, სანოტარო ბიუროში წილის გადაფორმების პროცესზე იმჟამინდელი კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარე დიმიტრი ქიტოშვილიც მივიდა.
რაც შეეხება უშუალოდ გადაფორმებას, ასანიძის თქმით, ,,ომეგას’’ მხრიდან ხელმოწერა მის გარდა ალექსანდრე ლაცაბიძემ და ქეთევან ფანქველაშვილმა დააფიქსირეს. წილის გადაფორმება კი, ვინმე დავით კაკაურიძეზე მოხდა, რომელსაც როგორც მოწმემ აღნიშნა, არც მანამდე იცნობდა და არც მას შემდეგ შეხვედრია.
მოწმის ჩვენებასთან დაკავშირებით საკუთარი პოზიცია გამოხატა დაცვის მხარემ. როგორც სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ ბრალდებულ, ზურაბ ადეიშვილის ადვოკატმა, გიორგი ჩივიაშვილმა აღნიშნა, ნიკოლოზ ასანიძეს ბრალდების მხარის კითხვებზე პასუხი არ ჰქონდა და ამბობდა, რომ დეტალებს ვერ იხსენებდა.
თავის მხრივ, როგორც საქმის პროკურორმა, ემზარ გაგნიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ბრალდების მხარის მიერ დღეს წარმოდგენილ მოწმეს ყველა კითხვაზე ამომწურავი პასუხი ჰქონდა.
,, მოწმემ სავსებით სრულად ისაუბრა ყველა იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რასთან დაკავშირებითაც მას შეხება ჰქონდა, კონკრეტულად კი, ტელეკომპანია ,,იბერიას’’ ლიცენზიის დათმობის საკითხებზე’’, - განაცხადა პროკურორმა, ემზარ გაგნიძემ.
საქმეზე მომდევნო სხდომა 1 დეკემბრის 10:00 საათისთვის ჩაინიშნა. პროცესი ბრალდების მხარის მტკიცებულებებით გაგრძელდება.
შეგახსენებთ, რომ პროკურატურამ ტელეკომპანია ,,იბერიის’’ დახურვისა და სამაუწყებლო ლიცენზიის ჩამორთმევის საქმე მიმდინარე წლის თებერვალში გახსნა. უწყების ინფორმაციით, აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით ყოფილი გენერალური პროკურორი ზურაბ ადეიშვილი და მისი პირველი მოადგილე გიორგი ლაცაბიძე სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცა.
ნინო ექვთიმიშვილი