უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

12 ნოემბერი, 2019 18:23
font-size

ტექნიკურ უნივერსიტეტში საინჟინრო გეოლოგიის მოდერნიზებული ლაბორატორია და წიაღისეულის განახლებული მუზეუმი გაიხსნა

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტისა და მისი გამოყენებითი გეოლოგიის დეპარტამენტის ინიციატივით, მოდერნიზებული „ჰიდროგეოლოგიისა და საინჟინრო გეოლოგიის ლაბორატორია“ და განახლებული „სასარგებლო წიაღისეულის მუზეუმი“ ამოქმედდა.

სამინისტროს წიაღის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი მაია ზავრაშვილი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი ანდრო ასლანიშვილი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე მეცნიერების დარგში, პროფესორი ზურაბ გასიტაშვილი, სტუ-ის სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის დეკანი ანზორ აბშილავა, სტუ-ის გამოყენებითი გეოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი ნოდარ ფოფორაძე, კომპანია „რიჩ მეტალს გრუპის“ (RMG) აღმასრულებელი დირექტორი თორნიკე ლიპარტია, გრიგოლ წულუკიძის სახ. სამთო ინსტიტუტის დირექტორი ნიკოლოზ ჩიხრაძე, „IDS ბორჯომი-საქართველოს“ გენერალური დირექტორის მოადგილე ლევან ბაღდავაძე, საქართველოს ტექნიკური ნივერსიტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები, პროფესორ-მასწავლებლები, სტუდენტები, სამთო-გეოლოგიის დარგის მეცნიერები და სპეციალისტები.

სტუ-ის რექტორის მოადგილემ მეცნიერების დარგში, პროფესორმა ზურაბ გასიტაშვილმა აღნიშნა: „ეს მნიშვნელოვანი მოვლენაა ტექნიკური უნივერსიტეტისთვის. ლაბორატორიასაც და მუზეუმსაც დიდი ხნის ისტორია აქვს, რადგან გასული საუკუნიდან მოყოლებული, მათ ჩვენი ცნობილი მეცნიერები და საზოგადო მოღვაწეები ქმნიდნენ. ძვირფასი წიაღისეულის ასეთი მდიდარი ექსპოზიცია ცოცხალი საშუალებაა იმისა, რომ ახალგაზრდებმა შეიმეცნონ ის სიმდიდრე და მრავალფეროვნება, რასაც ჩვენი ქვეყანა ფლობს, შეიგრძნონ, რომ სამთო-გეოლოგიური დარგის განვითარება საქართველოს ეკონომიკურ განვითარებას მნიშვნელოვან ბიძგს მისცემს. სწორედ ამიტომ, აუცილებელია საინჟინრო და ინოვაციური აზროვნების განვითარება, რაც სასარგებლო წიაღისეულის გამოყენებას სხვა შინაარსსა და ძალას მისცემს“.

წიაღის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა მაია ზავრაშვილმა მადლობა გადაუხადა ტექნიკურ უნივერსიტეტს და კომპანია RMG-ის, რომელიც სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში მსგავსი ტიპის აქტივობების მხარდაჭერას ახორციელებს. მაია ზავრაშვილის თქმით, ნებისმიერი აკადემიური დაწესებულებისთვის უმნიშვნელოვანესია სასწავლო ინფრასტრუქტურის სრულყოფის პროცესი. მან იმედი გამოთქვა, რომ სტუ-ის „ჰიდროგეოლოგიისა და საინჟინრო გეოლოგიის ლაბორატორიაში“ ჩატარებული სამეცნიერო და საექსპერტო კვლევები რეალურად წაადგება, როგორც ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებს, ასევე, კერძო თუ საჯარო სექტორს, სამთო-გეოლოგიის დარგში მოქმედი სპეციალისტები კი საშუალებას ყოველდღიურ საქმიანობაში გამოიყენებენ.

როგორც ტექნიკური უნივერსიტეტის სამთო-გეოლოგიის ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა ანზორ აბშილავამ აღნიშნა, სამთო-გეოლოგიის დარგში მაღალი კვალიფიკაციის მქონე სპეციალისტის აღსაზრდელად, სასწავლო პროცესში აუცილებელია თეორიისა და პრაქტიკის მაქსიმალურად დაახლოვება.

„თეორიულ სწავლებასთან ერთად, აუცილებელია წარმოებასთან მიახლოებულ გარემოში პრაქტიკული და ლაბორატორიული სამუშაოების ჩატარება, რაც მაღალი რანგის სპეციალისტების მომზადების საშუალებას მოგვცემს. დღეს წარმოება უკვე ფეხზე დგება, უკვე გაჩნდა მოთხოვნა სამთო-გეოლოგიის დარგის, უსაფრთხოებისა და გეოდეზიის პროფილის სპეციალისტებზე. საქმიანი ურთიერთობა ჩამოგვიყალიბდა რიგ წამყვან საწარმოსთან და ამ მხრივ განსაკუთრებულია კომპანია RMG-ი. ვთანამშრომლობთ წიაღის და გარემოს ეროვნულ სააგენტოებთან, სამთო ინსტიტუტთან. შეგვიძლია დაგისახელოთ რამდენიმე ფაქტი, რაც ადასტურებს ჩვენს თანამშრომლობას: სტიპენდიების პროგრამა წარჩინებული სტუდენტებისთვის, სტაჟირება, საწარმოო პრაქტიკა, ინდივიდუალური პროგრამების შემუშავება, სასწავლო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაში მხარდაჭერა, სახელმძღვანელოების გამოცემა და ა.შ. ამ ეტაპზე, სამთო-გეოლოგიის ფაკულტეტზე მიმდინარეობს საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების განახლება სწორედ იმ მიზნით, რომ სასწავლო პროცესში მაქსიმალურად გავითვალისწინოთ დამსაქმებელთა მოთხოვნები. ეს საშულებას მოგვცემს, რომ ჩვენს კურსდამთავრებულებს ის ცოდნა და პრაქტიკული უნარ-ჩვევები მივცეთ, რაც მას რეალურად სჭირდება დასაქმებისთვის“, - განაცხადა ანზორ აბშილავამ.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი ანდრო ასლანიშვილის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ სტუ-ის გამოყენებითი გეოლოგიის დეპარტამენტის მოდერნიზებული ლაბორატორია უახლესი ტიპის აპარატურით აღიჭურვება, რადგან სტუდენტის სპეციალისტად ჩამოყალიბება ლაბორატორიული მუშაობის გარეშე ეფექტური ვერ იქნება. „ბოლო რამდენიმე წელია მდგომარეობა რადიკალურად შეიცვალა და სამთო-გეოლოგიის დარგით დაინტერესებამ იმატა. გარემოს ეროვნულ სააგენტოში ამჟამად 25-ზე მეტი ახალგაზრდა წარმატებული სპეციალისტი მუშაობს და მათ შორის ბევრია ტექნიკური უნივერსიტეტის კურდამთავრებული. იმედი გვაქვს, ეს ტენდენცია შენარჩუნდება. ვფიქრობთ, შორეულ პერსპექტივაში წარმოუდგენელია ქვეყნის მდგრადი განვითარება სამთო-გეოლოგიური დარგის აღორძინების გარეშე“, - აღნიშნა ანდრო ასლანიშვილმა.

კომპანია RMG-ის აღმასრულებელმა დირექტორმა თორნიკე ლიპარტიამ ტექნიკურ უნივერსიტეტში „ჰიდროგეოლოგიისა და საინჟინრო გეოლოგიის ლაბორატორიას“ და „სასარგებლო წიაღისეულის მუზეუმს“ სამომავლო მხარდაჭერა აღუთქვა.

„ამ კედლებში ვარ გაზრდილი. ბედნიერი ვარ ნანახით. ჩვენ განუყოფელი ნაწილი ვართ სამთო საქმის და მუდმივად გვჭირდება ტექნიკური უნივერსიტეტის დახმარება. ვგეგმავთ ინდივიდუალური პროექტების განხორციელებას კონკრეტული წარმატებული სტუდენტებისთვის. RMG-ი კვლავაც გააგრძელებს წარმატებული სტუდენტების სწავლის დაფინანსებას. დარწმუნებული ვართ, მსგავსი ქმედებებით შესაძლებელია სამთო-გეოლოგიური დარგის გადარჩენა“, - აღნიშნა თორნიკე ლიპარტიამ.

კომპანია RMG-ის ხელმძღვანელმა სტუ-ის „სასარგებლო წიაღისეულის მუზეუმს“ საქართველოს სხვადასხვა საბადოში მოპოვებული რამდენიმე გამორჩეული ნიმუში გადასცა, შრომის უსაფრთხოებისა და საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის სასწავლო ლაბორატორიას კი - ახალი აპარატურა.

„ამდენი წლის შემდეგ, განახლდა მუზეუმი, რომელსაც გასული საუკუნიდან მოყოლებული, ათეული წლების მანძილზე ქმნიდნენ გამოჩენილი ქართველი მეცნიერები. ეს ყველაფერი განკუთვნილია სტუდენტებისთვის, რომ გაეცნონ ამ უნიკალურ ნიმუშებს და შეისწავლონ მათი წარმომავლობა. მრავალი ნიმუშია სასწავლო კოლექციებისთვის. მაგისტრანტები და დოქტორანტები იკვლევენ და უამრავ ნაშრომს აკეთებენ. ლაბორატორიაც ჩვენი სტუდენტებისთვისაა განკუთვნილი და საგანმანათლებლო-საექსპერტო მიზნებს ემსახურება. ასევე, დიდია დაინტერესება სკოლის მოსწავლეების მხრიდან“, - განაცხადა სტუ-ის გამოყენებითი გეოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ნოდარ ფოფორაძემ.

ტექნიკური უნივერსიტეტის „სასარგებლო წიაღისეულის მუზეუმი“ ცნობილი მეცნიერისა და გეოლოგის, გამოყენებითი გეოლოგიის ფუძემდებლის, საქართველოს გეოლოგიური საზოგადოების დამაარსებლის კალისტრატე გაბუნიას სახელს ატარებს. მუზეუმში წარმოდგენილია საქართველოს მასშტაბით მოპოვებული ყველა სასარგებლო წიაღისეული და ყველა საბადოს ნიმუში. საერთო ჯამში, დაცულია 3000-მდე ექსპონატი. პირველ დარბაზში გამოფენილია მოსაპირკეთებელი ქვები და მადნეულის ნიმუშები. დანარჩენ დარბაზებში კი კოლექციები საქართველოს რეგიონების მიხედვითაა განთავსებული. გარდა ამისა, მუზეუმში წარმოდგენილია უნიკალური საბადოების ნიმუშები პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან. მუზეუმში, ასევე, დაცულია სტუდენტებისთვის გარკვეული ცდებისა და კვლევების ჩასატარებლად განკუთვნილი სასწავლო კოლექციები.

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით აჭარა კოლექტივი რადიო ქალაქის პროექტს ახორციელებს

25 აპრილი, 2024 , 13:43

საქართველოს ბანკი ბიზნესის გაძლიერებას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის მხარდაჭერით აჭარა კოლექტივი ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ პროექტს - რადიო ქალაქის მშენებლობას ახორციელებს. პროექტის ჯამური ღირებულება 30 მ

Startup Grind - ის მორიგი ღონისძიება ბათუმში გაიმართება - მხარდამჭერი საქართველოს ბანკია

24 აპრილი, 2024 , 18:09

საქართველოს ბანკი, როგორც ტექნოლოგიური კომპანია ციფრული პროდუქტების განვითარებას და ამ მიმართულებით სტარტაპების ხელშეწყობას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის მხარდაჭერით, Startup Grind - ის მორიგი ღონისძიება 

სამედიცინო დაწესებულებების მონიტორინგის დროს გამოვლინდა ინფექციის პრევენციისა და კონტროლისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის ფუნქციონირების და პროცესის დარღვევების შემთხვევები - ომბუდსმენი

24 აპრილი, 2024 , 14:53

სახალხო დამცველის აპარატი ცხრა სტაციონარულ სამედიცინო დაწესებულებაში ინფექციის პრევენციისა და კონტროლის ღონისძიებების განხორციელების მონიტორინგის შედეგებს ქვეყნებს. სახალხო დამცველის აპარატის ცნობით, სამედიცინო დაწე

იდენტიფიცირებული იქნებიან ის პირები, რომლებიც, ხალხის რაოდენობის სიმცირის მიუხედავად, აქციის მონაწილეებს გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ - შსს

24 აპრილი, 2024 , 14:16

ბოლო პერიოდში რუსთაველის გამზირსა და პარლამენტის შენობის ტერიტორიაზე მიმდინარე აქციების დროს, მსვლელობაში მონაწილე პირთა რაოდენობა საგრძნობლად შემცირდა. მსვლელობაში მონაწილეთა მცირე რაოდენობის გათვალისწინებით, ტრანსპორტი

პრეზიდენტმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა

24 აპრილი, 2024 , 13:29

საქართველოს პრეზიდენტმა ლაზარე გრიგორიადისის შეწყალების აქტი გამოსცა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. ცნობისთვის, მარტის აქციებზე პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახე

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით გლდანი მოლი ფართოვდება

24 აპრილი, 2024 , 13:01

საქართველოს ბანკი პარტნიორი ბიზნესების მხარდაჭერას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, კომპანია „აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯია’’  „სითი მოლი გლდანის“ რეკონს

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი