უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

14 იანვარი, 2020 17:34
font-size

ტექნიკური უნივერსიტეტის აგრარული ფაკულტეტის დეკანი: სტუდენტს სათანადო ბაზაც უნდა შევუქმნათ და დავაინტერესოთ კიდეც

რა გამოწვევების წინაშეა სტუდენტი, რომელიც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აგრარული მეცნიერებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტზე სწავლობს ან როგორია მისი დასაქმების პერსპექტივა საქართველოში? - ამ საკითხზე ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი გიგა ქვარცხავა საუბრობს. თუმცა, ფაქტია - "სტუდენტმა თუ არ ისწავლა, ის დიპლომს ვერ აიღებს".

- სტუდენტმა თუ არ ისწავლა, ის დიპლომს ვერ აიღებს. შესაბამისად, მას სათანადო ბაზაც უნდა შეუქმნათ და დავაინტერესოთ კიდეც. ჩვენ ბაზა გვაქვს, მაგრამ როგორ დავაინტერესოთ სტუდენტი? დასაწყისშივე აღვნიშნავ - ჩვენი სტუდენტების 95%-ი რეგიონებიდან არის ჩამოსული, რაც ძალიან მეამაყება. შეგვიძლია ვთქვათ, რომ სტუდენტების გარკვეული ნაწილი თავის რეგიონს დაუბრუნდება და ეცდება იმ ცოდნის რელიზებას, რაც ჩვენთან, ტექნიკური უნივერსიტეტის აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტზე მიიღო. სასიხარულოა, რომ ამ მხრივ, პირველი ნაბიჯი უკვე გადადგმულია: სტუდენტებმა შექმნეს პატარა ჯგუფები და თავიანთი ცოდნის საფუძველზე კონკრეტული მიმართულებების განვითარება დაიწყეს. ამ ეტაპზე ორი ჯგუფია. ერთმა დაიწყო კენკროვან კულტურებზე მუშაობა, მეორემ - თხილის მიმართულებით. რა თქმა უნდა, ჯერ ნაადრევია შეფასების გაკეთება, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ყველაფერი კარგად იქნება.

- რას სთავაზობთ სტუდენტებს?
- ყოველწლიურად, ფაკულტეტს დამსაქმებელთა დიდი რაოდენობა უკავშირდება და აგრარული ტექნოლოგიების მიმართულებით კადრებს ითხოვს. ჩვენი კურსდამთავრებულებით დიდ დაინტერესებას გამოხატავს სატყეო დეპარტამენტი. სწორედ ამ მიზნით, ჩვენ პირველივე კურსზე სტუდენტებს გასული წლის მოთხოვნების შესახებ ინფორმაციას ვაწვდით და ასევე, ვუხსნით, რომ დღეს არავის სჭირდება არაპროფესიონალი კადრი. თუ ისინი აგვყვებიან და იქნებიან საუკეთესონი, ჩვენი მხრიდან ყველაფერს გავაკეთებთ, რომ სამომავლოდ, მათ გარანტირებულად მაღალანაზღაურებადი სამსახური ჰქონდეთ.

მაგალითისთვის, კარგ აგრონომს სთავაზობენ სამსახურს, სადაც ანაზღაურება 3000 ლარიდან იწყება. სურსათის ტექნოლოგიების, მევენახეობის, მეღვინეობის მიმართულებით კი მუდმივად არის მოთხოვნა, როგორც კერძო კომპანიებიდან, ასევე სახელმწიფო სტრუქტურებიდან. ახლახან, სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის უვნებლობის წარმომადგენელს შევხვდით. საქართველოს ხელი აქვს მოწერილი გარკვეულ დოკუმენტებზე, რომელიც პირდაპირ გვავალდებულებს, რამდენიმე წელიწადში სურსათის უვნებლობის სპეციალისტების მომზადებას. სადღეისოდ, საქართველოში ეს საგანმანათლებლო პროგრამა არ არსებობს. ამ კუთხით ჩვენ დაწყებული გვაქვს მუშაობა - ვამზადებთ სამაგისტრო პროგრამას, რომელზეც ჩვენს ბაკალავრებს სწავლის გაგრძელება შეეძლებათ. პროგრამას ამოქმედებიდან სამი წლის შემდეგ გვეყოლება სურსათის უვნებლობის სპეციალისტების პირველი გამოშვება. მათზე მოთხოვნა იმდენად მაღალია, რომ ჩვენი კურსდამთავრებულები მყისიერად დასაქმდებიან. დასაქმების პრობლემას საერთოდ ვერ ვხედავ, პირიქით, პრობლემა შესაბამისი კადრების არარსებობა უფროა.

- „თოხის მიწაზე ბაყუნისთვის კი არ ვზრდით შვილებს!“, - იყო ასეთი მიდგომა, რაც სამწუხაროდ, არ შეცვლილა.

- არა, თოხის „ბაყუნი“ არ სჭირდებათ და არცაა სავალდებულო. დღეს ტექნოლოგიები ისე შორსაა წასული, რომ თოხი აღარ არის საჭირო. აგრარული მიმართულებები, ძირითადად, ტექნოლოგიებზეა გადასული. მაგალითისთვის, ავიღოთ ბოსტნეულის მოყვანა ერთ ჰექტარზე. ისეთ ქვეყნებს, როგორიცაა კორეა და ესპანეთი, ჰექტარზე მოჰყავთ, დაახლოებით, სამჯერ მეტი ბოსტნეული, ვიდრე რუსეთს. ისევე როგორც რუსეთში, არც კორეაშია კარგი კლიმატური პირობები, მაგრამ მათ ტექნოლოგიები განავითარეს. საქართველოში, ჰექტარზე კიდევ უფრო ნაკლები მოდის - ნაკლები მიწაა ათვისებულ-დამუშავებული და ამ მოცემულობის გათვალისწინებით, მოსავალი უფრო ნაკლებია. რეალურად, თუ უნდა მოდიოდეს, ვთქვათ, 800 კილო, მოდის 300კგ.

- როგორ მოვახერხოთ ისე, რომ ახალგაზრდებს შეეცვალოთ მიდგომა?

- სტუდენტებთან მიმართებაში, კარგად მუშაობს წარმატებული მაგალითები. ამიტომ, მუდმივად ვატარებთ დამსაქმებლებთან შეხვედრებს - როგორც წვრილ, ისე მსხვილ მეწარმეებთან. მათი უმრავლესობა დაუფარავად აღნიშნავს, რომ ნულიდან დაიწყეს საქმე და გარკვეულ წარმატებას მიაღწიეს. სტუდენტებს ვუხსნით, რომ მათაც აქვთ ამის საშუალება. სწავლის დასრულების შემდეგ, შეუძლებელია მათი ცოდნა სრულყოფილი იყოს და არც არის ამის აუცილებლობა. მათ უკან დგას უნივერსიტეტი, რომელიც ყველა ეტაპზე დაეხმარება თავის კურსდამთავრებულებს. სტუდენტსა და უნივერსიტეტს, კურსდამთავრებულსა და უნივერსიტეტს შორის მუდმივი ურთიერთკავშირის გარეშე, დარგი ვერ განვითარდება.

-კონკრეტულად რა სახის დახმარებას სთავაზობთ?

- ჩვენი კურსდამთავრებულები ლაბორატორიულ მუშაობაში კარგად ერკვევიან. ამიტომ, მათ აქვთ საშუალება საჭირო სხვადასხვა კვლევა უნივერსიტეტის ლაბორატორიებში უფასოდ, დამოუკიდებლად ჩაატარონ. სხვა ლაბორატორიას რომ მიმართონ, ეს პროცედურა ფასიანია. ტექნიკურ უნივერსიტეტს ფართო კონტაქტები აქვს. ცხადია, ჩვენ კურსდამთავრებულებსაც დავეხმარებით საჭირო კონტაქტების დამყარებაში. თუ მათ რომელიმე კონკრეტული მიმართულებით სპეციალისტის მოძიება გაუჭირდებათ, დახმარებას ჩვენ გაუწევთ. ვთქვათ, აღჭურვილობის მხრივ შეექმნებათ პრობლემები - ამ შემთხვევაშიც შეგვიძლია დახმარება. უნივერსიტეტს მხოლოდ ფინანსური დახმარების გაწევა არ შეუძლია, მაგრამ რაც შეგვიძლია, მზად ვართ სტუდენტებს ყველაფერში დახმარების ხელი გავუწოდოთ.

- დღეს ხშირად გვესმის, რომ შენდება არაერთი საწარმო, მიუხედავად ამისა, ფაქტია, ადგილობრივ ბაზარზე ქართულ პროდუქტზე მეტად უცხოური პროდუქცია სჭარბობს.

- ბოლო წლებში სახელმწიფოს მიერ განხორციელებულმა პროექტებმა, გარკვეულწილად, ხელი შეუწყო ქართული პროდუქციის ზრდას. გამორიცხულია, სოფლის მეურნეობაში პირველივე წელს მიიღო ეფექტი. ეს ხანგრძლივი პროცესია. ადგილობრივი პროდუქციის წილი შიდა ბაზარზე ყოველწლიურად იზრდება და დარწმუნებული ვარ, რომ 5-6 წლის შემდეგ კიდევ მეტი იქნება. სრულყოფილი ინფორმაცია გვაქვს, რა ხდება და როგორი ინტენსივობით მიდის სოფლის მეურნეობის დარგების განვითარება, მაგრამ ეს არ არის საკმარისი. ყველაზე რთული მსხვილი ფერმერული ორგანიზაციების ჩამოყალიბების პროცესია - კოოპერატივებს ვგულისხმობ. ფერმერს თუ გლეხს, რომელსაც ნახევარი ჰექტარი მიწა აქვს, განა რა ოდენობის პროდუქცია უნდა შექმნას, რომ თავადაც ეყოს და გაყიდოს კიდეც?! ამიტომ, უნდა შეიქმნას მსხვილი ფერმერული მეურნეობები და გაერთიანებები.

- დღეს საქართველოს აგროსექტორში აქტიურად შემოდის უცხოეთიდან სასუქები. ხშირ შემთხვევაში, ეს ის სასუქებია, რომელიც არა მხოლოდ ადამიანის ჯანმრთელობას, არამედ ეკოსისტემასაც აზიანებს და წლების შემდეგ შეიძლება სავალალო შედეგამდე მიგვიყვანოს. როგორ ფიქრობთ, რამდენად აუცილებელია ამ ბაზრის მკაცრი კონტროლი და რამდენადაა შესაძლებელი ნიადაგის განაყოერების ძველი, ტრადიციული მეთოდები განვავითაროთ? ფაქტია, რომ ჩვენი წინაპრები ნიადაგსაც ანოყიერებდნენ და მოსავლიანობაც მეტი იყო, რიცხობრივად ქართველები უწინ გაცილებით მეტნი ვიყავით და საკვებიც გაცილებით ჯანსაღი გვქონდა.

- ცუდია, რომ არ საუბრობენ. იცით თუ არა, რომ ტექნიკური უნივერსიტეტის აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტს ქვეყნის მასშტაბით ერთ-ერთი საუკეთესო ლაბორატორია აქვს, სადაც ჩვენი სტუდენტები, სილაბუსით გათვალისწინებულ პრაქტიკულ სამუშაობს გადიან. მათი ნაწილი, სურვილისამებრ, თემის უკეთ ასათვისებლად დამატებით ლაბორატორიულ კვლევებს ატარებენ. კვლევებს ადრეულ გაზაფხულზე ვატარებთ - ეს ყველაზე კარგი პერიოდია. არ დავაკონკრეტებ, მაგრამ ყველა ობიექტიდან შემოტანილი პროდუქტის ანალიზის შედეგები თითქმის ერთნაირია, მცირე განსხვავებით. მართალია, ამ პროდუქციაში, იშვიათი გამონაკლისის გარდა, მავნეობის კუთხით ზღვრული ნორმები დაცულია, მაგრამ მაინც ზღვარზეა, რაც ძალიან ცუდია. ფაკულტეტზე ლაბორატორიულად ვსაზღვრავთ საკვებ პროდუქტში მავნე მინარევებს, ნიტრატებსა და მძიმე ლითონებს, პარალელურად, ვაკეთებთ ცილებისა და ვიტამინების პროცენტული შემცველობის განსაზღვრას. სწორედ სასარგებლო მინერალების, ცილებისა და ვიტამინების ნაკლებობა და მავნე მინარევების სიუხვეა თვალში საცემი. რეალური სურათი ასეთია: ზოგ შემთხვევაში, ჩვენს ხილსა და ბოსტნეულში სასარგებლო ნივთიერებები 60%-80%-ია. სამაგიეროდ, მომატებულია მავნე ნივთიერებები. არჩევანი როგორია, თუ მეტი ოდენობით ამ პროდუქტს მივიღებთ? თუ ვიტამინებისა და ცილების რაოდენობას გავზრდით, მაშინ ნიტრატების რაოდენობაც ავტომატურად გაიზრდება ორგანიზმში. ასე რომ, ინტესიურმა მებაღეობა-მებოსტნეობამ, ზოგადად, მცენარეთა რეგულატორების გამოყენებამ მოგვცა ასეთი შედეგი. ეს მხოლოდ საქართველოს პრობლემა არ არის. ამერიკელ მეცნიერთა დიდი ჯგუფი მხოლოდ ამ მიმართულებით მუშაობს. ადამიანის კვების რაციონი, რაც 30 წლის წინ იყო, რაოდენობრივად შეიძლება იგივეა, მაგრამ თვისობრივად აბსოლუტურად შეცვლილია, თუ რაიმე დამატებითი წყარო არ მოიძებნა, ბალანსირებული კვება არ შედგება. მაგალითად, კალიუმი და ფოსფორი აუცილებელია, ამის გარეშე პომიდორი ვერ გაიზრდება, მაგრამ არის სხვა სასარგებლო კომპონენტებიც, რაც უნდა იყოს და ვერ ასწრებს ზრდის პროცესში გადმოტანას. ვფიქრობ, ორივე მიმართულება უნდა განვავითაროთ. ბიოსაწარმოები უნდა შეიქმნას, 5 წლის მანძილზე სასუქის შეტანა არ უნდა მოხდეს. ჩვენი ნიადაგების გარკვეული ნაწილი შეიძლება გამოფიტულიც იყოს. ამიტომ, საჭიროა ნიადაგის შესწავლა. მახსენდება ერთ-ერთი ჩვენი პროფესორის ნაამბობი. მას დასავლეთ საქართველოდან საანალიზოდ ჩამოუტანეს ნიადაგის ნიმუში და ჰკითხეს, რატომ არ მოდის იქ სიმინდი, მიუხედავად დიდი მცდელობისა. სასუქიც შეჰქონდათ და ორი წლის განმავლობაში შედეგი ვერ მიიღეს. პროფესორმა ანალიზი ჩაატარა და აღმოჩნდა, რომ ნიადაგში საერთოდ არ იყო ფოსფორი. ისიც გასაოცარი იყო, საერთოდ რამე რომ მოიყვანეს ამ ნიადაგზე. აზოტი კიდევ შეიძლება და ფოსფორი საიდან გაჩნდება?! ასე რომ, ზოგ შემთხვევაში დახმარება აუცილებელია, ოღონდ გონივრული დახმარება. პესტიციდების სწორად გამოყენება ასეთ სავალალო შედეგებამდე არ მიგვიყვანდა. ვინმეს დაუთვლია, თავის კუთვნილ ნიადაგში რა ოდენობის კალიუმის ან აზოტის შემცველი სასუქი უნდა შეიტანოს?! რა პრინციპით ადგენენ, რომ თქვათ, ერთ ჰექტარ მიწაში, ერთი კილო სასუქის შეტანაა საჭირო? საიდან ხვდებიან ამას? იციან, რომ ზოგადად, საჭიროა, მაგრამ რა რაოდენობით, ამის ანალიზი არ ჩაუტარებიათ. აი, ეს არის პრობლემა.

- რა სიხშირით უნდა მოხდეს ნიადაგის კვლევა?

- სამ წელიწადში ერთხელ. აგროსექტორში მომუშავე ერთ-ერთმა კომპანიამ - „ლომთაგორამ“ დღეისათვის, დაახლოებით, სამჯერ მეტი ხორბლის მოსავალი მოიყვანა, ვიდრე, საშუალოდ, საქართველოში მოდის. ეს გონიერი და კვალიფიციური მიდგომების შედეგია. პრობლემის მთავარ მიზეზს მიხვდნენ და მისი გადაჭრის გზები სწორად განსაზღვრეს.

- როგორც ირკვევა, ამ დარგის სპეციალისტებზე საკმაოდ დიდია მოთხოვნა. რამდენად ხდება ამ მოთხოვნის დაკმაყოფილება?

- სამწუხაროდ, სპეციალისტების ნაკლებობას განვიცდით. ტექნიკურ უნივერსიტეტში აგრონომიის პროგრამაზე 50 პირველკურსელი სწავლობს, აგრარულ ტექნოლოგიებზე კი - 60.

- ანუ, ყოველწლიურად 110 სტუდენტი ამთავრებს და მაინც სპეციალისტის დეფიციტია?

- სამწუხაროდ, ყველა ვერ ახერხებს საბაკალავრო პროგრამის დასრულებას. ეს რომ ასე ხდებოდეს, სპეციალისტების მხრივ ნამდვილად არ გაგვიჭირდებოდა.

თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოს წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა

21 იანვარი, 2020 , 16:25

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრში თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოს (TIKA) წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა. როგორც „მედიანიუსს“ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ც

სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისათვის ტექნიკური დახმარების პროგრამა შემუშავდება

21 იანვარი, 2020 , 15:35

სოფლისა და სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორი ილია თამარაშვილი, მოადგილესთან არჩილ ბუკიას ერთად იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს (JICA) საქართველოს ოფისის მუდმივ წარმომადგენელს იუკიჰო ეჯირის და სასოფლო

რუსთავში მამა-შვილის გარდაცვალების მიზეზი სავარაუდოდ წყლის გამაცხელებელი გახდა

21 იანვარი, 2020 , 15:15

რუსთავში, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირით ინტოქსიკაციით მამა-შვილი გარდაიცვალა. წინასწარი ინფორმაციით, მათი გარდაცვალების მიზეზი, წყლის გამაცხელებლიდან საცხოვრებელ სახლში CO-ს გაჟონვა გახდა. გარდაცვლილი მამა-შვილი დილით სახლ

2019 წელს ციხეებში 16 პატიმარი გარდაიცვალა - თეა წულუკიანი

21 იანვარი, 2020 , 13:50

"2019 წელს საქართველოს საპატიმროებში 16 პატიმარი გარდაიცვალა",- ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა პარლამენტში, საკომიტეტო მოსმენაზე განაცხადა. მინისტრმა მსჯავრდებულთა საერთო რაოდენობის მოანცემებზე და ციხეებ

ციხეებში არსებული წესრიგი ძალადობრივ მეთოდებს ეფუძნება, რამაც პატიმართა სიცოცხლე და ჯანმრთელობა შესაძლოა საფრთხის ქვეშ - ნინო ლომჯარია

21 იანვარი, 2020 , 13:50

სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ გასულ წელს ჩატარებული მონიტორინგის შედეგად, გაირკვა, რომ საქართველოს ციხეებში არაფორმალური მმართველობის შემთხვევები აქტიურად ფიქსირდება. "ან

თბილისს კიდევ 40 ახალი ავტობუსი შეემატა

21 იანვარი, 2020 , 13:20

დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მოსახლეობას ახალი, 40 ერთეული „ისუზუს“ მარკის ავტობუსი წარუდგინა. 8-მეტრიანი, ევრო 6-ის ემისიის სტანდარტის ავტობუსები 23 იანვრიდან რამდენიმედღიანი ინტერვალით 8 მარშრ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილის პირდაპირი ჩართვა გადაცემაში `რეაქცია`