საზოგადოება
ტერაქტის შედეგად საქართველოს მოქალაქეები არ დაზარალებულან - მიხეილ ჯანელიძე
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, მიხეილ ჯანელიძე ფრანგ ხალხს მომხდარი ტერაქტის გამო უსამძიმრებს და ამბობს, რომ საქართველო საფრანგეთის მთავრობასთან აქტიურ კომუნიკაციაშია.
,,საფრანგეთისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ახლა, განსაკუთრებით წინასაარჩევნო პერიოდში, შენარჩუნდეს სტაბილურობა, მშვიდობა და ფრანგ ხალხს მიეცეს შესაძლეობა საკუთარი არჩევანის მშვიდ გარემოში გაკეთების,’’ - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.
მისი თქმით, ტერაქტის შედეგად საქართველოს მოქალაქეები არ დაზარალებულან.
„სამწუხაროდ, ჩვენ ვხედავთ, რომ „ისლამური სახელმწიფო“ კიდევ აქტიურია ევროპის მასშტაბით. საფრანგეთი 2015 წლის შემდეგ არის საგანგებო სიტუაციის რეჟიმში და ძალიან ბევრმა ტერაქტმა შეიწირა უდანაშაულო მოსახლეობა. ჩვენ ვუსურვებთ მშვიდობას და სტაბილურობას საფრანგეთს, ჩვენს პარტნიორს და ძალიან მნიშვნელოვან მეგობარ ქვეყანას. ჩვენ, რა თქმა უნდა, ვართ ძალიან აქტიურ კომუნიკაციაში საფრანგეთის მთავრობასთან, საქართველოს მოქალაქეები არ დაშავებულან ამ ტერაქტის შედეგად. ჩვენ ავამოქმედეთ ცხელი ხაზი და საკონსულო და საელჩო კომუნიკაციაში იყო ამ საკითხებთან დაკავშირებით“, - განაცხადა მიხელ ჯანელიძემ.
აღნიშნული კომენტარი მინისტრმა სამხრეთ კავკასიის უსაფრთხოების ფორუმზე გააკეთა.
ნინო ექვთიმიშვილი