უახლესი ამბები
არქივი
პოლიტიკა
წარმოუდგენელი მგონია, რომ ჩვენ დავბლოკოთ ამერიკის ელჩი - დავით სერგეენკო
ჯანდაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ გამოცემა Foreign Policy-ის სტატიის კომენტირებისას განაცხადა, რომ წარმოუდგენელია საქართველოს მთავრობამ დაბლოკოს აშშ-ის ელჩობის კანდიდატი.
„მე ყველა დეტალში ჩახედული არ ვარ, მაგრამ ჩემთვის წარმოუდგენელია, რომ პოლიტიკურმა ძალამ დაბლოკოს ამერიკის ელჩი. ამას თავისი პროტოკოლი აქვს და ძალიან ეჭვი მეპარება და წარმოუდგენელი მგონია, რომ ჩვენ დავბლოკოთ ამერიკის ელჩი. ის ინიშნება, ვისაც თავის სახელმწიფო თვლის საჭიროდ“,- აღნიშნა სერგეენკომ.
Foreign Policy-ის ინფორმაციით, საქართველოს მთავრობამ აშშ-ის ელჩობის კანდიდატი, ბრიჯიტ ბრინქი დაბლოკა. გამოცემამ წყაროებზე დაყრდნობით დაწერა, რომ აშშ-ის მთავრობა საქართველოში აშშ-ის ელჩად სწორედ ბრინქს განიხილავდა, თუმცა საქართველოს მთავრობის რამდენიმე პირი მას მიიჩნევდა ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მიმართ კეთილგანწყობილ ფიგურად.
გამოცემასთან რამდენიმე წყარომ გამოთქვა აზრი, რომ ამ წინააღმდეგობის უკან შესაძლოა, პარტია „ქართული ოცნების“ თავმდჯომარე ბიძინა ივანიშვილი იდგეს. Foreign Policy-მა ამ ინფორმაციის დამოუკიდებლად დადასტურება ვერ შეძლო.