საზოგადოება
თსუ-სა და „თიბისი ბანკს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და სს „თიბისი ბანკს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს თსუ-ს რექტორმა გიორგი შარვაშიძემ და სს „თიბისი ბანკის“ გენერალურმა დირექტორმა ვახტანგ ბუცხრიკიძემ მოაწერეს ხელი.
„თიბისი ბანკი” და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი საგანმანათლებლო და სოციალური პროექტების მიმართულებით თანამშრომლობას იწყებენ. „უნივერსიტეტისთვის მნიშვნელოვანია ასეთი სახის თანამშრომლობა. ეს არის ერთგვარი სოციალურ-კორპორატიული პასუხისმგებლობის აქცია. საუბარია მომავლის პროექტებზე - ელექტრონული ბაზების გამოყენებაზე სწავლებაში, ქართულ ენაზე ზრუნვაზე, სტაჟირების სხვადასხვა პროგრამებზე, საუნივერსიტეტო ელექტრონულ მაღაზიაზე. ეს ყოველივე ინოვაციურია. ჩვენ მივესალმებით ასეთ თანამშრომლობას და სხვა პოტენციურ მსურველებსაც ვთავაზობთ თანამშრომლობის ამ მოდელს,“ - განაცხადა თსუ რექტორმა გიორგი შარვაშიძემ.
„თიბისი ბანკის“ გენერალური დირექტორის ვახტანგ ბუცხრიკიძის თქმით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან გაფორმებული მემორანდუმი მნიშვნელოვანია „თიბისი ბანკისთვის“: „ეს არ არის სტანდარტული ხელშეკრულება. აქცენტი გავაკეთეთ ტექნოლოგიურ პროდუქტებზე და სიახლეებზე, რაც აუცილებელი მოთხოვნაა 21-ე საუკუნეში.“
მემორანდუმის მიზანს წარმოადგენს ისეთი საგანმანათლებლო პროექტების ერთობლივად შემუშავება და განხორციელება, როგორებიცაა: ქართული ენის განვითარება პროექტის #წერექართულად ფარგლებში; ელექტრონული წიგნის სახლის „საბას“ - ათასობით ელექტრონულ წიგნთან მარტივი და მუდმივი წვდომა; სტუდენტებისთვის სპეციალური საგანმანათლებლო ტრენინგებისა და დასაქმების პროგრამების განხორციელება; სპეციალურად უნივერსიტეტისთვის ონლაინ ბრენდ მაღაზიის შექმნა; უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის მათივე მონაწილეობით აქტივობების ორგანიზება და ჩატარება; სხვადასხვა სახის ერთობლივი სოციალური პროექტების განხორციელება, რომლებიც ორიენტირებული იქნება ახალ თაობაზე.
„თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და “თიბისი ბანკის“ თანამშრომლობა საკმაოდ მნიშვნელოვანია. ჩვენი მიზანია სპეციალური საბანკო პროდუქტების შექმნა, რომელიც სტუდენტების საჭიროებებზე იქნება მორგებული. ამით კარგ საფუძველს ვქმნით უმაღლესი სასწავლებლებისა და კერძო სტრუქტურების თანამშრომლობისათვის,”- აღნიშნა „თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ ბადრი ჯაფარიძემ.
„თიბისი ბანკსა“ და თსუ-ს შორის ღირებულებათა მყარი თანხვედრაა, ორივე ინსტიტუცია თავის პრიორიტეტად ახალგაზრდების მხარდაჭერას მიიჩნევს და ამ მხრივ, ქვეყნის განვითარებაში განსაკუთრებული წვლილი შეაქვს. ასევე ორივე მხარისთვის მნიშვნელოვანი პრიორიტეტია ქართული ენის განვითარებასა და განმტკიცებაზე ზრუნვა, რაც ერთობლივი პროექტებით განხორციელდება.
გარდა მემორანდუმით გათვალისწინებული პუნქტებისა, „თიბისი ბანკი“ უნივერსიტეტს გაუზიარებს გამოცდილებას მარკეტინგული კომუნიკაციების და ბრენდინგის მიმართულებით. ასევე დაგეგმილია, საბანკო პროდუქტების შექმნა სპეციალურად ახალგაზრდებისთვის, რომელიც მათ საჭიროებებსა და მოთხოვნებზე იქნება მორგებული.