საზოგადოება
თუ დამატებითი ზომების მიღება იქნება საჭირო, ეს მთელი ქვეყნის მასშტაბით მოხდება - პაატა იმნაძე
დაავადებათა კონტროლისა და ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, საკარანტინო წესების გამკაცრება ცალკეულ დასახლებებსა და ქალაქებს აღარ შეეხება და თუ დამატებითი ზომების მიღება იქნება საჭირო, ეს მთელი ქვეყნის მასშტაბით მოხდება.
„საკარანტინო ზონა დღეს არის მთელი საქართველო, საქართველოში მოქმედებს საკმაოდ მკაცრი საკარანტინო ზომები. საკარანტინო ზონებში თუ იქნება დამატებითი ზომები მისაღები, ეს უკვე აღარ შეეხება ლოკალურ დასახლებებს, ქალაქებს. შეიძლება უბრალოდ ქვეყანაში გამკაცრდეს საკარანტინო ზომები. ასე ცალ-ცალკე ზომების მიღებას ამ ეტაპზე ჯობია, თუ მისაღები და გასამკაცრებელი იქნება ზომები, მთლიანად ქვეყანაში გამკაცრდეს. დაველოდებით სიტუაციის განვითარებას.
სამწუხაროდ, ისევ ჩანს, რომ ჩვენი მოქალაქეების რაღაც ნაწილი მაინც ვერ იაზრებს რასთან გვაქვს საქმე. ვერ იაზრებს, რა შეიძლება ქვეყანაში მოხდეს, თუ ჩვენ მაქსიმალურად არ დავემორჩილებით როგორც რჩევებს, ასევე საკარანტინო ზომებს, რომელიც უკვე გამოცხადებულია ქვეყანაში“,- განაცხადა იმნაძემ.