არქივი
მსოფლიო
თურქეთში არჩევნებისთვის ემზადებიან
თურქეთში რიგგარეშე საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებისთვის ემზადებიან.
პოლიტიკურ პარტიებსა და პოლიტიკურ ბლოკებს, რომლებმაც ბოლო საპარლამენტო არჩევნებში ხმათა არანაკლებ 5% აიღეს, აქვთ უფლება, წარადგინონ თავისი საპრეზიდენტო კანდიდატი. რაც შეეხება დამოუკიდებელ კანდიდატს, არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად მან 100 000 ამომრჩევლის ხელმოწერა უნდა შეაგროვოს.
თურქეთის კანონმდებლობის მიხედვით, თურქეთის საპრეზიდენტო კანდიდატი უნდა იყოს თურქეთის მოქალაქე, 40 წელს გადაცილებული და უმაღლესი განათლების მქონე.
მმართველმა „სამართლიანობისა და განვითარების“ პარტიამ თავის კანდიდატად ქვეყნის მოქმედი პრეზიდენტი რეჯეფ ტაიფ ერდოღანი დაასახელა. ამ კანდიდატურას მხარს უჭერს ოპოზიციური ეროვნული მოძრაობის პარტია, რომელმაც მმართველ გუნდთან პოლიტიკური კავშირი „ეროვნული ერთობა“(Cumhur) ჩამოაყალიბა.
ოპოზიციური რესპუბლიკური ეროვნული პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატი ლიბერალური პოლიტიკის მომხრე დეპუტატი მუჰარემ ინჯე იქნება.
ცოტა ხნის წინ შექმნილი „კარგი პარტიის“ [İyi Parti] საპრეზიდენტო კანდიდატი მერალ აქშენერი გახდა.
კეთილდღეობის პარტიამ ქვეყნის მმართველის პოსტზე თემელ კარამოლაოღლუს კანდიდატურა წარადგინა.
საპრეზიდენტო კანდიდატთა საბოლოო სია 13 მაისს გამოქვეყნდება სამთავრობო გამოცემაში Resmi Gazete, რის შემდეგ თურქეთში წინასაარჩევნო აგიტაცია დაიწყება.
რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებზე ძალაში შევა თურქეთის კონსტიტუციაში შეტანილი ცვლილებები, რომლებიც მიიღეს 2017 წლის 16 აპრილის რეფერენდუმზე. კერძოდ, დეპუტატთა რაოდენობა 550-დან 600-მდე გაიზრდება, გაუქმდება თურქეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა, ხოლო პრეზიდენტი აღმასრულებელ ხელისუფლებას უხელმძღვანელებს. გარდა ამისა, პარლამენტი დაკარგავს კონტროლს მთავრობის საქმიანობაზე.
თურქეთში რიგგარეშე საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნები 24 ივნისს გაიმართება. არჩევნები 2019 წლის ნოემბერში უნდა ჩატარებულიყო.