არქივი
რეგიონები
თვითმხილველის ინფორმაციით, ქობულეთში ნასვამმა პოლიციელმა ისროლა
ქობულეთში, რუსთაველის ქუჩის პირველ შესახვევში სროლა იყო. ადგილზე საპატრულო ეკიპაჟი იმყოფებოდა.
ერთ-ერთი ადგილობრივი მცხოვრების მტკიცებით, სამოქალაქო ფორმაში გამოწყობილმა პოლიციელმა გაისროლა.
,,მოვიდა ნასვამ მდგომარეობაში, ეცვა შინაგან საქმეთა სამინისტროს მაისური. არაფხიზელ მდგომარეობაში იყო, ძალიან მთვრალი. მოვიდა და შეგინებით დამიძახა. რატომ მაგინებ-მეთქი, რას ჰქვია, რატომ გაგინებო, ამოიღო იარაღი, გადატენა და მესროლა.
მიზეზი არსებობს ერთი - მე წარსულში ნასამართლევი ვარ და ალბათ კიდევ უნდათ, რომ მე წავიდე ციხეში’’, - ამბობს თვითმხილველი ჟურნალისტებთან საუბარში.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაცით, შემთხვევის ადგილზე გენერალური ინსპექციის წარმომადგენლებიც მივიდნენ. სხვა დეტალები ინციდენტის შესახებ არ ვრცელდება,
სროლის შედეგად არავინ დაზარალებულა. გაისროლა თუ არა პოლიციელმა, ამის შესახებ შსს ინფორმაციას არ აკონკრეტებს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში აცხადებენ, რომ ფაქტზე მოკვლევა უკვე დაწყებულია გენერალურ ინსპექციაში.