მსოფლიო
უკრაინელი დეპუტატი ითხოვს, რუსული აგრესიის უარყოფა დასჯადი გახდეს
უკრაინის სახალხო დეპუტატი, შინაგან საქმეთა სამინისტროს კოლეგიის წევრი, ანტონ გერაშენკო აპირებს, შეიტანოს ინიციატივა, რომლის მიხედვით რუსული აგრესიის უარყოფა დასჯადი გახდება სისხლის სამართლის კოდექსით.
როგორც გერაშენკომ ფეისბუკის საკუთარ გვერდზე დაწერა, პირი 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთით დაისჯება.
მისი განმარტებით, ინიციატივა უკავშირდება ტელეკომპანია NewsOne-ის თანამფლობელის ევგენი მურაევის განცხადებას, რომელმაც გადაცემა „უკრაინულ ფორმატში“ უკრაინაში მომხდარი რევოლუცია „სახელმწიფო გადატრიალებად“ შეაფასა. ამან სტუმრად მყოფი სახალხო დეპუტატების აღშფოთება გამოიწვია, რომლებმაც პროტესტის ნიშნად ეთერი დატოვეს. აღნიშნულ განცხადებას მოჰყვა ტელეარხის შენობის ბლოკირება.
„გუშინ აქტივისტებმა დაიწყეს ტელეარხ NewsOne-ის პიკეტირება.
ამისი მიზეზი გახდა ტელეარხის თანამფლობელის ევგენი მურაევის გამოსვლა, რომელშიც მან შეურაცხყოფა მიაყენა ღირსების რევოლუციის მონაწილეებსა და უკრაინის დამცველებს.
არაერთხელ მურაევი და მისი მსგავსნი საჯაროდ უარყოფენ რუსული აგრესიის ფაქტს და რუსეთის მიერ დონბასის ნაწილის ოკუპაციას „სამოქალაქო ომს“ უწოდებენ, რითაც ზუსტად ასრულებენ რუსული პროპაგანდის მთავარ თემებს.
კანონის მიხედვით მურაევისა და მისი მსგავსების გამოსვლები არ ისჯება.
ისინი ეფარებიან სიტყვის თავისუფლებასა და აზრთა პლურალიზმს.
დიახ, ნამდვილად, უკრაინის კონსტიტუციის 34-ე მუხლი იძლევა აზრისა და სიტყვის თავისუფლების გარანტიას, თავისი შეხედულებების თავისუფლად გამოხატვის უფლებას.
თუმცა, იგივე მუხლი ითვალისწინებს კანონით ამ შესაძლებლობის შეზღუდვას ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებიდან, ტერიტორიული მთლიანობისა და საზოგადოებრივი მორალიდან გამომდინარე.
უკრაინის ინფორმაციული ველის დაცვისთვის ამ „მურაევშინისგან“ და კანონის ძალის გამოყენებისთვის დღეს მოვაწერე ხელი კანონპროიექტს უკრაინის კრიმინალურ კოდექსში 442-1 მუხლის დამატების შესახებ, რომლითაც ვთავაზობ, სისხლის საამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისროს ( თავისუფლების აღკვეთის 5 წლამდე ვადით) რუსეთის ფედერაციის მიერ უკრაინის წინააღმდეგ გამოჩენილი სამხედრო აგრესიის საჯარო უარყოფის გამო.
ხვალ ამ კანონპროექტს დავარეგისტრირებ უმაღლეს რადაში და შევთავაზებ მის შეტანას დღის წესრიგში.
ამ კანონპროექტის მიღების შემთხვევაში ტელეარხ NewsOne-ის ან სხვა არხის პიკეტირება რომელიმე ნაძირლის გამოსვლის შემდეგ, რომელიც უარყოფს რუსულ აგრესიას, არ იქნება საჭირო“, - დაწერა გერაშენკომ.
მან მაგალითად მოიყვანა ჰოლოკოსტის საჯარო უარყოფისთვის დაკისრებული სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა.
ანა მებურიშვილი