უახლესი ამბები
არქივი
ძებნა
ანონსები
საზოგადოება
უმრავლესობამ ამნისტიის შესახებ ბაღათურიას კანონპროექტს მხარი არ დაუჭირა 08.06.2012 18:09

საპარლამენტო უმრავლესობამ პოლიტიკური გაერთიანება „ქართული დასის“ ლიდერ ჯონდი ბაღათურიას მიერ მომზადებულ ამნისტიის შესახებ კანონპროექტს მხარი არ დაუჭირა.

იგი ბაღათურიამ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე წარადგენა.

ჯონდი ბაღათურიას განმარტებით, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისგან უნდა გათავისუფლდნენ 273–ე მუხლით მსჯავრდებული პირები, რომელიც ნარკოტიკების მოხმარებას შეეხება, ასევე 260–ე მუხლის პირველი ნაწილით (ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის უკანონო დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღება, დამზადება ) გასამართლებული ადამიანები. ხოლო 260–ე მუხლის მეორე ნაწილით გასამართლებულებს სასჯელი უნდა გაუნახევრდეთ.

ბაღათურია ამნისტიის გამოცხადებას სულ 49 მუხლით გასამართლებულ ადამიანებზე მოითხოვდა. მან უმრავლესობას მოუწოდა, დაუფარავად ეთქვათ, თუ რამდენი მუხლის ამნისტიას უჭერდნენ მხარს.

როგორც კომიტეტის თავმჯდომარე პავლე კუბლაშვილმა ბაღათურიას განუცხადა, „ახლა პოლიტიკური კეკლუცობის დრო არ არის“. მისი მოსაზრებით, ამ მუხლების ამნისტირებით დაუსჯელობის სინდრომი გაჩნდება.

„ჩვენ ვერანაირად ვერ დავუშვებთ, რომ თეთრი ბაირაღები გამოვკიდოთ და ვინც დანაშაულისთვის სასჯელს იხდის, ყველა გავათავისუფლოთ“, – მიმართა კუბლაშვილმა ბაღათურიას.

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტერგარციის კომიტეტის თავმჯდომარე ლაშა თორდიას განცხადებით, მთავარია უდანაშაულო ადამიანების უსაფრთხოების დაცვაა, შემდეგ კი უნდა მოხდეს მსჯავრდებულებზე ზრუნვა.

საბოლოოდ, იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა კანონპროექტს მხარი არ დაუჭირა.