უახლესი ამბები
არქივი
ძებნა
ანონსები
პოლიტიკა
უმრავლესობამ ბაღათურიას კანონპროექტი დაუწუნა 08.05.2012 18:51

საპარლამენტო უმრავლესობა პოლიტიკური გაერთიანება „ქართული დასის“ ლიდერ ჯონდი ბაღათურიას მიერ სისხლის სამართლის კოდექსში შესატან ცვლილებებზე ინიცირებულ კანონპროექტს უწუნებს. ლაპარაკია ცვლილებათა პაკეტზე, რომელიც სასჯელის შეკრებითობის პრინციპის გაუქმებას ითვალისწინებს.

ბაღათურიას განმარტებით, საქართველოში ძალიან ბევრი პატიმარი იხდის არაადეკვატურ სასჯელს და "ნემსის ქურდობისთვის" მათ ხშირად რამდენიმე წლით უწევთ ციხეში ყოფნა. „აქლემის ქურდები“ კი პრეზიდენტის და სხვა თანამდებობის პირთა სავარძლებზე სხედან.

"ძალიან ბევრი პატიმარი იხდის არაადეკვატურ სასჯელს. მოდით, გადავდგათ პირველი გაბედული ნაბიჯი, რითაც ძალიან ბევრ პატიმარს სასჯელს შევუმსუბუქებთ", –- განაცხადა ჯონდი ბაღათურიამ და დასძინა, რომ მის პროექტს მხარს სახალხო დამცველიც უჭერს.

როგორც ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლაშა თორდიამ განაცხადა, უმრავლესობა სისხლის სამართლებრივ სფეროში ასეთი გადაწყვეტილების მისაღებად "დღეს მზად არ არის". ამ ტიპის გადაწყვეტილებები მას შემდეგ უნდა იქნას მიღებული, რაც "ხელისუფლება გაიაზრებს, რამდენად შეუქმნის ეს ინიციატივა საფრთხეს საზოგადოების უსაფრთხოებას".

"ჩვენ ძალიან ბევრი ნაბიჯი გადავდგით სისხლის სამართლებრივ სფეროში ლიბერალიზაციის კუთხით. მოვიპოვეთ ის, რომ საზოგადოების უსაფრთხოება დღეს არის დაცული და ჩვენი შვილები ქუჩებში უსაფრთხოდ გადიან, რაც წლების წინ არ არსებობდა. დღეს ასეთი გადაწყვეტილების მისაღებად მზად არ ვართ, რადგან შესაძლოა, მან იმ განუკითხაობაში დაგვაბრუნოს, რაც ადრე ხდებოდა", –– განაცხადა ლაშა თორდიამ.

როგორც მის პასუხად ჯონდი ბაღათურიამ აღნიშნა, პროექტი პარლამენტში 3 წელია დარეგისტრირებულია, შესაბამისად, ხელისუფლებას მოსაფიქრებლად უამრავი დრო ჰქონდა.

"ვიდრე თქვენ ბრტყელ-ბრტყელი სიტყვებით ლაპარაკობთ, ციხეებში ათასობით ახალგაზრდა ლპება“, –– განაცხადა ჯონდი ბაღათურიამ და უმრავლესობას ურჩია, „ამ პროექტს ჯონდისა და მიშას შორის დაპირისპირების პროექტად ნუ გახდის".

მისი თქმით, თუ პრობლემა მასშია, ის მზადაა, პროექტზე უარი თქვას და საპარლამენტო უმრავლესობამ განსახილველად საკუთარი სახელით გაიტანოს, „ოღონდ ახლა ნუ ჩააგდებენ მას“.