კონსტიტუციონალისტ ვახტანგ ხმალაძის აზრით, ხელისუფლებამ საარჩევნო კამპანია უკვე დაიწყო და მასში პრეზიდენტის გარდა სხვა იმიტომ არ ჩანს, რომ ჯერ არ გადაუწყვეტიათ, საპარლამენტო არჩევნებზე პარტიის ლიდერად ვის წარადგენენ.
როგორც “მედიანიუსთან” საუბრისას ხმალაძემ აღნიშნა, ნაციონალურმა მოძრაობამ ამ დრომდე არ იცის, ხელისუფლებაში ისევ სააკაშვილის მეთაურობით დარჩება თუ სხვა გახდება მათი ლიდერი.
“იქიდან გამომდინარე, რომ ახალი კონსტიტუტიცით პრეზიდენტის უფლებამოსილება სუსტდება და ქვეყანაში მთავარი მმართველი ფიგურა პრემირ-მინისტრი ხდება, ხელისუფლების მთავარი სამიზნე სწორედ ეს თანამდებობა გახდება, თუმცა ვის წარადგენენ ამ პოსტზე და ვის პარლამენტის თავმჯდომარის პოსტზე, ეს ჯერ კიდევ გასარკვევი აქვთ”,-აღნიშნა ხმალაძემ და დასძინა, რომ ნაციონალურ მოძრაობას შეუძლია სააკაშვილის საპრეზიდენტო ვადის ამოწურვამდე პრემიერ-მინისტრის კანდიდატურა არ წარადგინოს, თუმცა პარლამენტის თავმჯდომარის კანდიდატურის დასახელება მაინც მოუწევს.
“მიხეილ სააკაშვილის საპრეზიდენტო ვადის ამოწურვამდე ძველი კონსტიტუცია რჩება ძალაში და შესაბამისად, პარლამენტი პრემიერ-მინისტრს ვერ აირჩევს. პრემიერს, როგორც ადრე, ისევ პრეზიდენტი დანიშნავს. ახალი კონსტიტუცია მხოლოდ საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ შევა ძალაში და პარლამენტი პრემიერსაც მაშინ აირჩევს ”, _ განაცხადა ვახტანგ ხმალაძემ.
მისივე თქმით, სააკაშვილს ხელისუფლებაში დასარჩენად ორი გზა აქვს: ან პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა უნდა დაიკავოს, ანდა პრემიერ-მინისტრი უნდა გახდეს.
“რადგან საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარის პოსტის დაკავება, მხოლოდ პარლამენტის წევრებს შეუძლიათ, ამიტომ ამ თანამდებობაზე კენჭისყრისთვის პრეზიდენტობიდან გადადგომა მოუწევს. და თუ გადადგება, ძველი კონსტიტუციით განსაზღვრული უფლებამოსილების მქონე პარლამენტის თავმჯდომარეობა არ მგონია მის ინტერესებში შედიოდეს, თუმცა გამორიცხული არაა, ხელისუფლება ამ სცენარზეც ფიქრობდეს”, _ განუცხადა “მედიანიუსს” კონსტიტუციონალისტმა.
ხმალაძის თქმით, გასათვალისწინებელია ისიც, რომ დასავლეთიდან, განსაკუთრებით კი აშშ-დან სულ უფრო ხშირად კეთდება განცხადებები ხელისუფლების გადაბარების აუცილებლობის შესახებ.
“პირდაპირი მინიშნებები გაკეთდა, რომ სააკაშვილმა ხელისუფლება უნდა გადააბაროს. ნაციონალები ამ სცენარსაც განიხილავენ და ჯერ არ გადაუწყვეტიათ დასავლეთის მითითებები გაითვალისწინონ თუ რისკზე წავიდნენ და ისევ სააკაშვილს დაუჭირონ მხარი ქვეყნის მმართველის, ამ შემთხვევაში, უკვე პრემიერ-მინისტრის პოსტზე”, _ განუცხადა “მედიანიუსს” ვახტანგ ხმალაძემ და დასძინა, რომ ნებისმიერ შემთხვევაში ხელისუფლებას საპარლამენტო უმრავლესობის ხმები დასჭირდება, პირადად მას კი ეეჭვება, რომ ნაციონალებმა არჩევნებში ხმათა უმრავლესობა მოიპოვონ.



















