პოლიტიკა
ვაპირებთ, გავიაროთ ყველა სამართლებრივი ინსტანცია - ცესკომ ოპოზიციის საჩივარი არ დააკმაყოფილა
ენტრალურმა საარჩევნო კომისიამ არ დააკმაყოფილა არასაპარლამენტო და საპარლამენტო ოპოზიციური პარტიების საჩივარი, რომელშიც მათ მოითხოვეს თვითმმართველობის არჩევნების შემაჯამებელი ოქმების გაბათილება და ხმების ხელახლა გადათვლა.
ცესკოს განმარტებით, ამის განსახორციელებლად არ არსებობს ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, თინათინ ბოკუჩავას განცხადებით, ოპოზიცია ყველა სამართლებრივ ინსტანციას გაივლის. მან არ გამორიცხა ევროპული სასამართლოსადმი მიმართვის შესაძლებლობა.
„სრული ოპოზიციური სპექტრი, მიუხედავად მათი პოლიტიკური კუთვნილებისა, თანხმდება იმაზე, რომ ეს არჩევნები გაყალბდა. შესაბამისად, მოვითხოვეთ, რომ გაუქმებულიყო ყველა საოლქო-საარჩევნო კომისიის შემაჯამებელი ოქმები, გადათვლილიყო შედეგები. ორი კონკრეტული მიზეზი, რის გამოც ჩვენ ამას ვითხოვთ, ერთი არის ის, რომ ხდებოდა ამომრჩევლის ნების კონტროლი. მეორე - არ განიხილეს საუბნო-საარჩევნო კომისიების საჩივრები, რაც კანონის მიხედვით მათი ვალდებულებაა.
ჩვენ, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ვაპირებთ, რომ სხვა ოპოზიციურ პარტიებთან ერთად, გავიაროთ ყველა სამართლებრივი ინსტანცია, რათა გავასაჩივროთ ამ გაყალბებული არჩევნების შედეგები. საბოლოო ჯამში, თუ არ მივიღეთ შედეგი, არ გამოვრიცხავთ მივმართოთ ევროპულ სასამართლოს“, -თქვა ბოკუჩავამ.