პოლიტიკა
ვფიქრობ, საერთო სასამართლოების შესახებ კანონში ცვლილებებზე კონსენსუსს მივაღწევთ - ირაკლი კობახიძე
ვფიქრობ, საერთო სასამართლოების შესახებ კანონში ცვლილებებზე კონსენსუსს მივაღწევთ, – განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ სასამართლო რეფორმაზე სამუშაო ჯგუფის შეხვედრის შემდეგ.
მისი თქმით, სამუშაო ჯგუფში ძირითად საკითხებზე შეთანხმებულები არიან, თუმცა არის რამდენიმე საკითხი, რომლებზეც კონსულტაციები გაგრძელდება.
„სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებით დისკუსიები გრძელდება. ჩვენ კიდევ ერთხელ დეტალურად განვიხილეთ რეგულაციები, რომლებიც საერთო სასამართლოების შესახებ ორგანულ კანონს ემატება. ძირითად საკითხებზე ვთანხმდებით, არის რამდენიმე საკითხი, რომელზეც კონსულტაციები გაგრძელდება.
შემდეგ შეხვედრაზე საბოლოოდ ჩამოვაყალიბებთ კანონპროექტს, რომელიც ინიცირებული იქნება პარლამენტში. ვფიქრობ, საბოლოოდ, კანონთან დაკავშირებით სრულ კონსენსუსს მივაღწევთ. ამის საფუძველს მაძლევს კონსულტაციები, რომელიც დღემდე შედგა ამ დოკუმენტთან დაკავშირებით“, – განაცხადა კობახიძემ.