საზოგადოება
ვინ წაშალა პავლიაშვილის დაკავების კადრები? – „მინისტრმა თანამდებობა უნდა დატოვოს“
შსს პირველივე დღეებიდანვე დაადგა ამ საქმის ფაბრიკაციის გზას,- აცხადებს ჟურნალისტი ელისო კილაძე ნუცუბიძის ქუჩაზე, დაკავებისას დაღუპული 33 წლის ახალგაზრდას საქმესთან დაკავშირებით.
მისი თქმით, სამხრე კამერების ჩანაწერი წაშლილი არ არის და ის, რასაც შსს და მთავარი პროკურატურა გვთავაზობს არის ბლეფი. "პირველ რადიოსთან" საუბარში "ქრონიკა +"-ის რედაქტორი ამბობს, რომ კადრების რევიზია მოხდა თბილისისა და მცხეთა- მთიანეთის საპატრულო პოლიციის მთავარი სამმართველოს მონიტორინგის სამსახურის უფროს შალვა კილასონიასთან და ფაილები დამონტაჟდა ისე, რომ გამოძიებისთვის არაფრის მომტანი არ იქნება:
"მე მქონდა ინფორმაცია იმ წრიდან, სადაც ეს თემა განიხილებოდა და იქამდე, რომ სიტყვა სიტყვითაც კი გაიმეორეს, რაც მე დავწერე, რომ პატრულის სამხრე კამერა იყო განმუხტული, ანუ დამჯდარი. ის რაც შსს-მ და შემდეგ პროკურატურამ შემოგვთავაზა, არის სრული ბლეფი. არანაირი კამერების ჩანაწერები წაშლილი არ არის. კამერებმა ჩაწერა დაიწყო პირველივე მომენტიდან , როცა დაიწყო კონფლიქტი და გაგრძელდა მანამ სანამ არ მოხდა უკვე პავლიაშვილის დაკავება. უბრალოდ, მონიტორინგის სამსახურში და მე დავასახელე კონკრეტული გვარი , ქალაქ თბილისისა და მცხეთა - მთიანეთის საპატრულო პოლიციის მთავარი სამმართველოს მონიტორინგის სამსახურის უფროსი შალვა კილასონია, რომელთანაც მოხდა რევიზია ამ კადრების , წაიშალა ის ნაწილი, რომელიც იქნებოდა სამხილი პატრულების წინააღმდეგ იმიტომ, რომ იქ ნამდვილად მოხდა უგულისყურობა, ნამდვილად მოხდა ძალის გადამეტება, ადამიანი ითხოვდა შველას და მის თხოვნა ყურადღება არ მიაქციეს. დამონტაჟდა ეს ფირები ისე, რომ ყოფილიყო მხოლოდ ის ჩანაწერი, რომელიც გამოძიებისთვის არაფრის მომცემი არ იქნებოდა და პირველ რიგში, პროკურატურამ ალბათ ყურადღება უნდა მიაქციოს იმას, რომ პოლიციის შესახებ კანონი პატრულ ინსპექტორს ავალდებულებს , რომ შემთხვევის ადგილზე გასვლისას , როდესაც მძღოლთან კომუნიკაციას იწყებს , თუნდაც დაჯარიმებაზე იყოს საუბარი, მან სამხრე კამერა უნდა ჩართოს და დაიწყოს პირდაპირ გადაღება უწყვეტ რეჟიმში იმიტომ, რომ ყველა ინციდენტს ჰქონდეს შესაბამისი ამსახველი ვიდეოფირი.
ეს ფაილები დამონტაჟდა და გადალაგდა ისე, რომ გამოძიებისთვის არაფრის მომტანი არ იქნება. თავშივე ცხადი იყო, რომ შსს პირველივე დღეებიდანვე დაადგა ამ საქმის ფაბრიკაციის გზას, როცა შემოგვთავაზეს არა ოპერატიული მასალა, არამედ მეზობლების ინტერვიუები, რომლებიც ამტკიცებდნენ, რომ გარდაცვლილი არის ფსიქიატრიული წამლების მომხმარებელი, ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ იყო და ა.შ. რეალურად, შსს-მ ხელი დააფარა იმ ადამიანებს, რომლებმაც სავარაუდოდ დანაშაული ჩაიდინეს. " აცხადებს ელისო კილაძე.
მისივე თქმით, აღნიშნულთან დაკავშირებით, ასევე ბექა ხახუბიას საქმესთან დაკავშირებით, პოლიტიკური პასუხისმგებლობა უნდა აიღოს შს მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა და თანამდებობიდან გადადგეს:
"ჩვენ სახეზე გვაქვს სრული უპასუხისმგებლობა შს მინისტრის. მგონია, რომ შს მინისტრმა თანამდებობა უნდა დატოვოს. ის არის პოლიტიკურად პასუხისმგებელი პირი, როგორც ნუცუბიძის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის (პირდაპირ ვამბობ), ასევე ბექა ხახუაბიასთან დაკავშირებული ინციდენტის.
რაც მალე მიიღებს სახელისუფლებო გუნდი ამ გადაწყვეტილებას, იქნება უკეთესი იმიტომ, რომ კიდევ ერთხელ გამოჩნდა რამხელა უფსკრული არსებობს ქართული ოცნების ახალ სახეებსა და ძალოვან სტრუქტურას შoრის.
თქვენ გახსოვთ, სოფო კილაძე და დავით მათიკაშვილი აცხადებდნენ, რომ სამხრე კამერის ჩანაწერები არსებობს და სამწუხაროდ, მთავარი პროკურატურა გადაიქცა შსს-ს ფილიალად და ისინი "აპრავებენ" სამინისტროს თანამშრომლების მიერ ჩადენილ დანაშაულს . ეს არის სრულიად წარმოუდგენელი რეალობა ამ ქვეყანაში. აუცილებლად უნდა იყოს ეს განსჯის საგანი.
ვიცი, რომ გიორგი მღებრიშვილს მფარველობს ვოლსკი, მაგრამ პოლიტიკურმა გუნდმა გადაწყვეტილება საბოლოო ჯამში მაინც უნდა მიიღოს." - განაცხადა ელისო კილაძემ "პირველ რადიოსთან" საუბრისას.