ვლადიმირ პუტინი ალექსანდრე ანქვაბს შეხვდა
11.05.2012 16:59
დღეს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი აფხაზეთის დე-ფაქტო პრეზიდენტ ალექსანდრე ანქვაბს ე.წ. რუსეთ-აფხაზეთის საზღვარზე, მდინარე ფსოუზე შეხვდა.
,,აპსნი პრესის” ინფორმაციით, ალექსანდრე ანქვაბმა და ვლადიმირ პუტინმა ე.წ. საზღვარზე მდებარე საკონტროლო-გამშვები პუნქტი დაათვალიერეს, რის შემდეგაც ანქვაბის და პუტინის თანდასწრებით ხელი მოეწერა ოქმს პირდაპირი საერთაშორისო სარკინიგზო მიმოსვლის შესახებ არსებულ შეთანხმებაში ცვლილებების შესვლის შესახებ.
რუსული მხარიდან ოქმს ხელი ტრანსპორტის მინისტრმა იგორ ლევიტინმა მოაწერა, აფხაზური მხარიდან კი დე-ფაქტო ეკონომიკის მინისტრმა ქრისტიან ბჟანიამ.
რუსულ-აფხაზური მოლაპარაკებები რუსეთის პრეზიდენტსა და აფხაზეთის დე-ფაქტო პრეზიდენტს შორის სოჭის რეზიდენციაში "ბოჩაროვ რუჩეი"-ში გაგრძელდა.
შეხვედრის დროს, ანქვაბმა სისტემატიური დახმარებისა და მხარდაჭერისთვის რუსეთის ფედერაციის მისამართით მადლიერება გამოხატა.
პუტინმა კი კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ რუსეთი მზადაა მხარი დაუჭიროს აფხაზეთს ჯანდაცვის, განათლების, ეკონომიკის განვითარების და უსაფრთხოების სფეროებში.
რუსეთის პრეზიდენტის თქმით, მომავალში რუსეთი აფხაზეთს კიდევ უფრო მეტს გაუკეთებს.
შეხვედრაში აფხაზური მხარიდან დე-ფაქტო პრემიერ-მინისტრი ლეონიდ ლაკერბაია, დე-ფაქტო პრზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ბესლან კუბრავა, ასევე დე-ფაქტო ეკონომიკის მინისტრი მონაწილეობდნენ.



















