პოლიტიკა
ზაზა ოქუაშვილი არის ნამდვილი გმირი - მიხეილ სააკაშვილი
საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ტელეკომპანია „იბერიასა“ და „ომეგა ჯგუფის“ გარშემო მიმდინარე ვითარების კომენტირებისას განაცხადა, რომ ტელეკომპანიის მფლობელი ზაზა ოქუაშვილი გმირია, რადგან მან ხმა ამოიღო ქვეყანაში ბიზნესზე მიმდინარე ზეწოლაზე მთავრობის მხრიდან.
ამის შესახებ ყოფილმა პრეზიდენტმა „იბერიას“ გადაცემაში „თავისუფალი სივრცე“ ისაუბრა.
„ჩემი აზრით, ზაზა ოქუაშვილი არის ნამდვილი გმირი. რა არის გმირობა, საერთოდ? ჩვენ გვაქვს საქმე ორგანიზებულ კრიმინალურ დაჯგუფებასთან, რომელიც ლაპარაკობს ქურდული ტერმინებით.
თქვენ ნახეთ, რა თქვა ვანო ჩხარტიშვილმა, ამ ყველა დროის ბარიგამ და გარეწარმა, რომ - რა არიო, ვიყავი მართლა შეხვედრაზეო და რა წესია, შეხვედრაზე მაგნიტოფონით მოსვლაო. ესე იგი, ქურდულად „მიაწვა“. ეს ის ხალხია, ვინც ნამდვილად წამსვლელია ყველაფერზე.
ის, რომ ზაზა ოქუაშვილმა მაინც გაბედა და ამოიღო ხმა, ამით ის მხოლოდ თავისი თავისთვის კი არ იბრძვის, ის იბრძვის ყველა იმ უსახელო ბიზნესმენისთვის, რომლებსაც ყოველდღიურად აშანტაჟებენ, ატერორებენ, ე.წ. ფონდში ფული მიატანინეს, ბიზნესები წაართვეს, ჩაითრიეს ამ ივანიშვილის პირამიდაში დაბალ დონეზე და ისინი ხმას არ იღებენ, იმიტომ რომ ჰგონიათ, რომ მაინც ბიძო ყველაზე მაგარია, ბიძო ყველას გაუიასნებს, ბიძო ყველას ყოფას უტირებს.
იქ მთელი აპარატია. ვიღაც ლაშა ნაცვლიშვილი, ვიღაც ფარცხალაძე, ვიღაც სუს-ი და ა.შ. და ჰგონიათ, რომ მაინც გადაუვლიან. ამ პირობებში ხმას არავინ არ იღებს. ერთადერთმა კაცმა პირველად ამოიღო ხმა. ამიტომ ეს ჩემთვის ნამდვილად არის სამოქალაქო გმირობის ტოლფასი და ასეთ ხალხს ნორმალურ საზოგადოებაში ჩვენ უნდა ვუფრთხილდებოდეთ. მაგრამ რა ხდება საქართველოში? საქართველოში ამოიღო ხმა ასევე ბიზნესმენმა , რომელიც მოღვაწეობს ზუგდიდში და ზუგდიდის მერმა, რომელმაც აღიარა პრაქტიკულად ქრთამის აღება, არ უარყოფს ამას, აღაიარა პირდაპირ ჩანაწერებში, მერობიდან წავიდა. თავიდან შეეშინდა, გაიქცა უცხოეთში, მერე უთხრეს: ჩამოდი, ნუ გეშინია, კაცო, რას იჩქარე გადადგომა, შე კაი კაცო, ისედაც ყველაფერი კარგად იქნება. ჩამოვიდა ყელმოღერებული, თქვა, რომ მე დავრჩები „ ქართული ოცნების“ ზუგდიდის ორგანიზაციის ლიდერად . და დღეს დაიჭირეს ის ბიზნესმენი, ის ადამიანი, ვინც ის ამხილა, ეს კაცი დასაჯეს და სიგნალი გამოგვიგზავნა მაფიამ, რომ დიახაც, ასეა, ჩვენ ყველაფერზე წამსვლელები ვართ, ჩვენ მაინც არ დავიხევთ უკან.
და ამ პირობებში ზაზა ოქუაშვილმა რაც გააკეთა, ესაა ძალიან მაგარი“, - თქვა სააკაშვილმა.