სამართალი
ზაზა ოქუაშვილი: კანონი უნდა იყოს უზენაესი და ყველამ იცოდეს, ნებისმიერმა თანამდებობის პირმა უნდა აგოს პასუხი კრიმინალზე
თბილისის საქალაქო სასამართლოში ტელეკომპანია ,,იბერიას’’ დახურვისა და სამაუწყებლო ლიცენზიის დათმობის საქმეზე პროცესი ბრალდების მხარის მტკიცებულებათა გამოკვლევით განახლდა.
სასამართლოს ჩვენება ტელეკომპანია ,,იბერიასა’’ და ,,ომეგა ჯგუფის’’ დამფუძნებელმა, აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატმა, ზაზა ოქუაშვილმა მისცა.
მან ,,ომეგა ჯგუფში’’ შემავალ კომპანიებში სპეცდანიშნულების რაზმის შეჭრა გაიხსენა და იმ ზეწოლაზე ისაუბრა, რომელიც მაშინდელი ხელისუფლების მაღალჩინოსნებისა და მათთან დაახლოებული პირებისგან მოდიოდა.
მოწმის ჩვენების თანახმად, მას სთხოვნდნენ, რომ დაეთმო ,,ომეგა ჯგუფში’’ შემავალი კომპანიების წილები ხელისუფლების სასარგებლოდ.
ზაზა ოქუაშვილის ინფორმაციით, ხელისუფლებასა და მას შორის შუამავლის როლს ასრულებდა ბიზნესმენი ბადრი პატარკაციშვილი და მისი წარმომადგენელი ბესარიონ კეიდია, რომლებიც ურჩევდნენ საკუთარი ბიზნესის დაზღვევის სანაცვლოდ წასულიყო დათმობაზე. მისი თქმით, თავდაპირველად საუბარი იყო მთლიანი ბიზნესის 51%-ის დათმობაზე, შემდეგ კი, ეს მოთხოვნა 65% -მდე გაიზარდა.
ოქუაშვილის განცხადებით, იმაში, რომ მთავრობის უმაღლესი ეშელონებიდან მოდიოდა ბიზნეს წილების დათმობის მოთხოვნა იგი ივანე მერაბიშვილთან პირადი შეხვედრისას დარწმუნდა.
როგორც „იბერია ტვ“-სა და ,,ომეგა ჯგუფის’’ დამფუძნებელმა აღნიშნა, მას სთხოვდნენ რომ წილები გადაეფორმებინა ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსნებზე, რომელთა შორისაც იყო თავად იმჟამინდელი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და ბიზნესმენი ბადრი პატარკაციშვილი.
ოქუაშვილის თქმით, მოლაპარაკებები ბიზნესის დათმობასთან დაკავშირებით გაიწელა და 28 მაისს მან დატოვა საქართველო. როგორც მოწმემ გაიხსენა, მისი საქართველოდან წასვლის შემდეგ რამდენიმე დღეში გენერალური პროკურორის თანამდებობაზე ირაკლი ოქრუაშვილი ზურაბ ადეიშვილმა ჩაანაცვლა.
მოწმის განცხადებით, სწორედ მისი საქართველოში არყოფნის დროს მოხდა ,,იბერიას’’ ლიცენზიის დათმობა, რის შესახებაც მიმდინარე პროცესებსაც იგი ტელეფონით იგებდა მისი კომპანიების წარმომადგენლებისგან.
მისივე თქმით, ზურაბ ადეიშვილის მოადგილის, გიორგი ლაცაბიძისა და ლევან აღდგომელაშვილის შეხვედრის შემდეგ, ამ უკანასკენლისგან მან შეიტყო ხელისუფლების მოთხოვნა, რომ კომპანიები ვერ აღადგენდენ მუშაობას, თუ არ მოხდებოდა „იბერია ტვ“-ის ლიცენზიის დათმობა. ზაზა ოქუაშვილი მიიჩნევს, რომ ლაცაბიძე მისი ხელძღვანელის ზურაბ ადეიშვილის მითითებით მოქმედებდა. ამასთან, ,,ომეგა ჯგუფისა’’ და ტელეკომპანია ,,იბერიას’’ დამფუძნებელი დარწმუნებულია, რომ მთელ ამ პროცესს თავად იმჟამინდელი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ხელმძღვანელობდა.
,,გაჩერდა ამხელა ტელევიზია. 500 ჟურნალისტი ჰყავდა. გაჩერდა ამხელა ფირმა, რომელსაც ბიუჯეტში შეჰქონდა და შეტანილი აქვს მილიარდ ნახევარი და თქვენ მეუბნებით მე, რომ სააკაშვილმა არ იცოდა რამე და აქ ვიცავთ ახლა ადეიშვილს?
კანონი უნდა იყოს უზენაესი და ყველამ იცოდეს, ნებისმიერმა თანამდებობის პირმა უნდა აგოს პასუხი კრიმინალზე’’, - განუცხადა ჟურნალისტებს თბილისის საქალაქო სასამართლოში დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ ზაზა ოქუაშვილმა.
მიუხედავად იმისა, რომ სასამართლოზე დრო იყო და ზაზა ოქუაშვილი მზად იყო, კითხვებისთვის ეპასუხა, ბრალდებულების ადვოკატების მოთხოვნით, პროცესი 24 აპრილამდე გადაიდო.
შეგახსენებთ, რომ პროკურატურამ ტელეკომპანია ,,იბერიას’’ სამაუწყებლო ლიცენზიის ჩამორთმევის საქმე 2016 წლის თებერვალში გახსნა. უწყების ინფორმაციით, აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით ყოფილი გენერალური პროკურორი ზურაბ ადეიშვილი და მისი პირველი მოადგილე გიორგი ლაცაბიძე სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცა.
ნინო ექვთიმიშვილი