
საქართველოს სახელმწოფო ფიზიკური აღზრდისა და სპორტის აკადემიის ყოფილი შენობა აუქციონზე ხელმეორედ გავა.
როგორც `მედიანიუსს” საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან აცნობეს, მიმდინარე კვირას აუქციონზე გატანილ შენობას მყიდველი არ გამოუჩნდა. მათივე ცნობით, 14 მილიონ ლარად შეფასებული შენობას საპრივატიზაციო ნუსხიდან არ ამოიღებენ და აუქციონზე ისევ გავა.
ყოფილი სპორტის აკადემიის შენობის გასხვისების პროცესს ეწინააღმდეგება აკადემიის აღდგენის საორგანზიაციო კომიტეტი, რომელიც მორიგ საპროტესტო აქციას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან დამდეგი კვირიდან განაახლებს.
როგორც `მედიანიუსს” საორგანიზაციო კომიტეტის ხელმძღვანელმა, ყოფილი აკადემიის სტუდენტებისა და პროფესორ-მასწვალებლების ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ირაკლი დოლაბერიძემ განუცხადა, მომდევნო აქციაზე პროტესტი უფრო ორგანიზებული იქნება და სპორტული საზოგადოების წინააღმდეგობა ხელისუფლების დათმობამდე არ შეჩერდება.
`ყოფილი სპორტის აკადემიის შენობის ახალი მფლობელი აუცილებლად იქნება არაკეთილსინდისიერი ინვესტორი. აკადემიის შენობის დაბრუნებასთან დაკავშირებით საქმე სასამართლო განხილვის სტადიაშია და ვიდრე სადავო საგნის მიმართ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება არ იარსებებს, მისი გაყიდვა შეუძლებელია. ჩვენ გავაგრძელებთ პროტესტს და ხელისუფლებას მოვუწოდებთ, უარი თქვას აკადემიის შენობის გაყიდვაზე. აუცილებელია ჩვენსა და ხელისუფლებას შორის დიალოგი დაუბრუნდეს პირვანდელ სახეს, როდესაც ხელისუფლება მზად იყო სპორტის აკადემიის ბაზაზე ახალი სპორტული სასწავლებელი დაეფუძნებია. ეს პროექტი საპარლამენტო კომიტეტში უკვე არსებობს.” - განაცხადა ირაკლი დოლაბერიძემ.
როგორც ცნობილია, მოსარჩელე მხარე მთავრობის 2007 წლის 11 ივლისის #140 დადგენილების გაუქმებას მოითხოვს, რომლის ძალითაც, აღნიშნული სპორტული სასწავლებელი გაუქმდა. ამჟამად სასამართლო დავა სააპელაციო სტადიაზეა, რომლის განახლების მოთხოვნითაც მოსარჩელე მხარე სააპელაციო ინსტანციას დამდეგ კვირას მიმართავს.

