Commentary
    2026-04-07 | 12:07

    რეპრესიული კანონის ძირითადი სამიზნე არ შეცვლილა და ამ ინიციატივამაც ეს კიდევ ერთხელ დაადასტურა - ნიკა სიმონიშვილი

    რეპრესიული კანონის ძირითადი სამიზნე არ შეცვლილა და ამ ინიციატივამაც ეს კიდევ ერთხელ დაადასტურა - ნიკა სიმონიშვილი

    “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ყოფილი თავმჯდომარე ნიკა სიმონიშვილი, “ქართული ოცნების“ მიერ “გრანტების შესახებ“ კანონში დაგეგმილ მორიგ ცვლილებებს ეხმაურება.

    ““ქართულ ოცნებაში“ ორგანიზაციების დაფინანსების შეზღუდვა იმდენად ეჩქარებოდათ, რომ “გრანტების შესახებ“ კანონში შესული ცვლილებებით ყველანაირი უცხოური ჩარიცხვა მოიცვეს და საელჩოების აუთსორსზე გატანილ კომერციულ სერვისებსაც შეეხნენ.

    ცხადია, ეს მათი მიზანი არც იყო და არც არაფერში სჭირდებოდათ. ამიტომაც ახლა მორიგი ცვლილებები დააინიცირეს, გრანტების კანონიდან ასეთი კონტრაქტები რომ ამოერიცხათ, ოღონდ ესეც ისე ცუდად დაწერეს, რომ კიდევ მოუწევთ გასწორება.

    ისედაც არ ეხებოდათ, მაგრამ მაინც დავწერეთო, როგორც თვითონ ამბობენ, თუმცა რეგულაციები იმდენად ყოვლისმომცველია, რომ ყველანაირი უცხოური ტრანზაქცია შეიძლება მოიცვას და ეს ბოლო ცვლილებაც ამითაა განპირობებული. სულ ესაა მთელი ამბავი.

    რეპრესიული კანონის ძირითადი სამიზნე არ შეცვლილა და ამ ინიციატივამაც ეს კიდევ ერთხელ დაადასტურა – დამოუკიდებელმა სამოქალაქო საზოგადოების და მედიაორგანიზაციებმა ისევ ვერ უნდა მიიღონ დაფინანსება.

    პს. მე ის უფრო მიკვირს, საერთოდ რატომ იფიქრა ვინმემ, რომ ბოლო ცვლილების შემდეგ “ოცნება“ რაიმე გრანტზე გამონაკლისს დაუშვებდა”, – წერს ნიკა სიმონიშვილი სოციალურ ქსელში.

    ცნობისთვის, “ქართული ოცნება“ “გრანტების შესახებ“ კანონს კიდევ ერთხელ ცვლის.

    უმრავლესობის დეპუტატების ინიციატივით პარლამენტს წარედგინა პროექტი, რომლის მიხედვით, გრანტად არ მიიჩნევა საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური წარმომადგენლობის, საკონსულო დაწესებულებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლობის მიერ გაცემული ის სახსრები, რომლებიც ხმარდება ან შეიძლება მოხმარდეს ისეთ საქმიანობას, რომელიც უცხო ქვეყნის ხელისუფლების ან უცხოური პოლიტიკური პარტიის პოლიტიკური ან საჯარო ინტერესებიდან, მიდგომებიდან ან ურთიერთობებიდან გამომდინარეობს.

    “მიზანშეწონილია, რომ გრანტის გამცემი სუბიექტი დაზუსტდეს და გრანტად არ იქნეს მიჩნეული საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური წარმომადგენლობის, საკონსულო დაწესებულებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლობის მიერ გაცემული ის სახსრები, რომლებიც ხმარდება ან შეიძლება მოხმარდეს ისეთ საქმიანობას, რომელიც უცხო ქვეყნის ხელისუფლების ან უცხოური პოლიტიკური პარტიის პოლიტიკური ან საჯარო ინტერესებიდან, მიდგომებიდან ან ურთიერთობებიდან გამომდინარეობს და უკავშირდება უშუალოდ დიპლომატიური წარმომადგენლობის საკუთარ საქმიანობას.

    კანონის მოქმედი რედაქცია აღნიშნულ ურთიერთობაზე არც ვრცელდება, მაგრამ იმისათვის, რომ უზრუნველყოფილი იყოს კანონის ერთგვაროვანი წაკითხვა, შესაბამისი დაზუსტება მიზანშეწონილია“, – ნათქვამია კანონის პროექტის განმარტებით ბარათში.