Justice
    2026-06-03 | 07:03

    დაკავებულია მამაკაცი, რომელმაც ყოფილ მეუღლეს ცივი იარაღით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა

    დაკავებულია მამაკაცი, რომელმაც ყოფილ მეუღლეს ცივი იარაღით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა

    პოლიციამ თბილისში, ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

    როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ბრალდებულმა ყოფილ მეუღლეს ცივი იარაღის გამოყენებით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა.

    „შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით, ერთი პირი ცხელ კვალზე დააკავეს.

    გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა წარსულში არსებული კონფლიქტის ნიადაგზე, ყოფილ მეუღლეს ცივი იარაღის გამოყენებით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა.

    დაჭრილი ქალი შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით კლინიკაში მოათავსეს.

    სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულის ჩამდენი პირი ცხელ კვალზე დააკავეს.

    გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 19-109-ე მუხლის "კ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს”, - ნათქვამია ინფორმაციაში.