ნინო წილოსანი MMA-ის მებრძოლის, გიორგი ქართველიშვილის ახალ მოძრაობაზე: ამ მოძრაობას საჯაროდ აქვს დაანონსებული, რომ მყისიერი რეაგირება ექნებათ, ამიტომ ყველამ გააკონტროლოს თავი, რომ ადამიანის ღირსებას არ შეეხონ
პარლამენტის ვიცე-სპიკერი ნინო წილოსანი MMA-ის მებრძოლის, გიორგი ქართველიშვილის მიერ „ქართული ღირებულებების, ფასეულობებისა და ტრადიციების დაცვის“ მიზნით ახალი მოძრაობის დაფუძნებას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ საზოგადოების წევრებს საკუთარი ღირსებისა და ღირებულებების დაცვის უფლება აქვთ, თუმცა ფიზიკური ანგარიშსწორება დაუშვებელია.
წილოსანის თქმით, კანონის გარდა არსებობს მორალური და ეთიკური სტანდარტებიც, რომელთა დაცვაც მნიშვნელოვანია.
„ამ წლების განმავლობაში თითქოს შეგვაჩვიეს, რომ როდესაც ჩვენს ოჯახებს შეურაცხყოფენ, ჩვენს სიწმინდეებს შებღალავენ, ეს ნორმაა და ამას იუმორის კონკრეტულ სახეობად წარმოაჩენენ. საზოგადოების დიდი ნაწილი ამ ყველაფერზე სერიოზულად ბრაზდება და ის, რაც ახლა დაანონსდა, ალბათ, საზოგადოების დიდი ნაწილის ბუნებრივი რეაქცია იყო. არ შეიძლება ჩვენს რწმენაზე, ოჯახებზე და ღირებულებებზე შეურაცხმყოფელი განცხადებები უპასუხოდ დარჩეს,“ – განაცხადა წილოსანმა.
მისივე თქმით, რწმენა, ოჯახი, ეროვნული გმირები და საზოგადო მოღვაწეები საზოგადოების ღირსების ნაწილია და მათი შეურაცხყოფა შესაბამის რეაქციას იწვევს.
“მე ძალიან არ მინდა, რომ ეს ფიზიკურ დაცვაში გადავიდეს, მაგრამ როდესაც შენ ამას მიზანმიმართულად აკეთებ, სამწუხაროდ, როგორც ჩანს, ესეც არ გამოირიცხება ხოლმე”,– აღნიშნა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა.
წილოსანის განცხადებით, თუ ვინმე საზოგადოების მიერ დამკვიდრებული მორალური სტანდარტების დარღვევას გადაწყვეტს, „არც უნდა გაუკვირდეს, რომ ამას მყისიერი რეაგირება მოჰყვება“, თუმცა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ ძალადობა არ უნდა გახდეს პრობლემების გადაწყვეტის საშუალება.
“ამ მოძრაობას საჯაროდ აქვს დაანონსებული, რომ მყისიერი რეაგირება ექნებათ, ამიტომ ყველამ გააკონტროლოს თავი, რომ ადამიანის ღირსებას არ შეეხონ. არის ის ნორმა და მორალური სტანდარტი, რომელსაც ქართული საზოგადოება საუკუნეებია შევთანხმდით. ვიღაც თუ ამ შეთანხმების და ჩვენი მორალური სოციალური სტანდარტების დარღვევას გადაწყვეტს არც უნდა გაუკვირდეს, რომ მყისიერი რეაგირება მოყვება, თუმცა კიდევ ერთხელ დავაზუსტებ, რომ ფიზიკური ანგარიშსწორება არ უნდა იყოს ფორმა”, - ამბობს ნინო წილოსანი.
ცნობისთვის, MMA-ის მებრძოლმა გიორგი ქართველიშვილმა თანამოაზრეებთან ერთად ახალი მოძრაობა დააფუძნა, რომლის მიზნად „ქართული ღირებულებების, ფასეულობებისა და ტრადიციების დაცვა“ დასახელდა.
ქართველიშვილის განცხადებით, მოძრაობა „ძალიან აქტიური, სოლიდური და მაქსიმალურად კონსტრუქციული“ იქნება, თუმცა, მისი თქმით, თუ ქართული კულტურისა და ეროვნული იდენტობის დაცვა ამას მოითხოვს, „არანაირ საფრთხეს არ მოერიდებიან“ და საჭიროების შემთხვევაში „ციხეშიც წავლენ“.