Justice
    2026-09-15 | 20:23

    პროკურატურამ ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის, მოყვანის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე 11 პირს, მათ შორის უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, ბრალდება წარუდგინა

    პროკურატურამ ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის, მოყვანის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე 11 პირს, მათ შორის უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, ბრალდება წარუდგინა

    საქართველოს პროკურატურამ დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის, მოყვანის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე 11 პირს, მათ შორის უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, ბრალდება წარუდგინა. ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

    უწყების ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა რეალიზაციის ხელშეწყობის მიზნით უკანონოდ შეიძინეს და ინახავდნენ განსაკუთრებით დიდი ოდენობის ნარკოტიკულ საშუალება „ალფა პვპს“, „მდმას“, „ბუპრენორფინს“ „მარიხუანას“ და მცენარე „კანაფს“, რაც გატარებული ღონისძიებების შედეგად სამართალდამცავებმა ამოიღეს. ასევე, საგამოძიებო ექსპერიმენტის ფარგლებში ამოღებულია სხვადასხვა ლოკაციაზე განთავსებული ნარკოტიკული საშუალებები და ნარკოტიკული ნივთიერებების დაფასოებისთვის საჭირო ნივთები. ერთმა ბრალდებულმა კი უკანონოდ შეძენილი და შენახული 8,6718 გრამი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „ალფა-პვპ“ 1800 ლარად უკანონოდ გაასაღა.

    „დაკავებულებს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით (ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა), 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, მესამე ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტებით (დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა), 260 კვარტა მუხლის მეხუთე ნაწილის ,,ა“ და მეექვსე ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით (დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო რეალიზაციის ხელშეწყობა), 265-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა, მოყვანა ან კულტივირება) 260-ე ტერცია მუხლის მეხუთე ნაწილის ,,ე’’ ქვეპუნქტით და მეექვსე ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით ( განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო რეალიზაცია) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

    პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უკვე შეეფარდათ”, - ნათქვამია ინფორმაციაში.