social media
    2026-09-16 | 11:30

    ანდრია ჯაღმაიძის განცხადება მხოლოდ „ოცნების“ მთავრობის სკანდალიდან გამოძრომის მცდელობაა - ლაშა ფარულავა

    ანდრია ჯაღმაიძის განცხადება მხოლოდ „ოცნების“ მთავრობის სკანდალიდან გამოძრომის მცდელობაა - ლაშა ფარულავა

    „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, ლაშა ფარულავა სოციალურ ქსელში წერს:

    „მსურს გამოვეხმაურო პატრიარქ ილია მეორის დაკრძალვის ხარჯებთან დაკავშირებით საპატრიარქოს პრესსამსახურის უფროსის განცხადებას, თითქოს ყველაფერი წინასწარ იცოდნენ და კომპანიები ჰონორარზე უარს იტყოდნენ. ეს განცხადება მხოლოდ „ოცნების“ მთავრობის სკანდალიდან გამოძრომის მცდელობაა და რატომ? 1. პატრიარქის დაკრძალვასთან დაკავშირებით შეიქმნა სამთავრობო კომისია, რომელსაც ივანიშვილის პრემიერი ხელმძღვანელობდა, თუმცა ამ საქმისთვის ვერ მოიცალა. ბიძინამ ის უნგრეთში, ორბანის ღონისძიებაზე გაუშვა, რომ ამერიკის ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსთან სანქციების მოხსნის საკითხი დაელაგებინა. აქ გამოჩნდა, რა იყო ივანიშვილისა და „ოცნების“ პრიორიტეტი! პატრიარქის დაკრძალვის ღონისძიების მართვა, თუ სანქციების მოხსნისა და პირადი პოლიტიკური ინტერესების საკითხები. ამის გამო სამთავრობო კომისია უკვე გათავისუფლებულ ყოფილ კულტურის მინისტრს, თიკა რუხაძეს გადააბარეს. 2. თიკა რუხაძემ დაითვალა დაკრძალვის ხარჯები და მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფა მოითხოვა. ანუ არსებობდა უკვე დათვლილი ხარჯი, დაგეგმილი იყო მომსახურებები და კომპანიებთან ურთიერთობაც უნდა ყოფილიყო დაწყებული. თუმცა, როგორც ირკვევა, ხელშეკრულებები უშუალოდ მომსახურების კომპანიებთან კი არა, შუამავლებთან გაფორმდა. შემდეგ, როცა შუამავლებმა მომსახურება ქვეკონტრაქტორებს დაუკვეთეს, მათ ჰონორარზე უარი თქვეს და სწორედ აქ გაიჭედნენ. ამიტომ მალავენ საჯარო ინფორმაციას. სწორედ ამ სკანდალის გამო გაათავისუფლეს თიკა რუხაძე. დაკონტრაქტებული კომპანიები, სავარაუდოდ, მასთან და მის სამეგობროსთან დაკავშირებული ბიზნესჯგუფები იყვნენ. ამიტომაც დაითვალა თავიდან დაახლოებით 3 მილიონი ლარი და საბოლოოდ, ხარჯი 722 ათას ლარამდე დავიდა. ეს, რა თქმა უნდა, არ უნდა განვიხილოთ მხოლოდ ერთ შემთხვევად. საქმე გვაქვს სისტემურ, სავარაუდო კორუფციულ გარიგებებთან, როცა საბიუჯეტო რესურსების განკარგვა ხდება გამარტივებულად, ერთ პირთან მოლაპარაკების გზით, და ეს ერთი პირი ისევ „ოცნების“ ჩინოვნიკებთან დაკავშირებული ჯიბის კომპანიაა, შუამავალი, რომელიც მომსახურებას უბრალოდ საკუთარ კორუფციულ წილს არიცხავს, საქმეს კი რეალურად ქვეკონტრაქტორი ასრულებს. ეს წლებია სისტემურად ხდება: შობა-ახალი წლის, აღდგომის, დამოუკიდებლობის დღისა თუ სხვა რელიგიური და სახელმწიფო ღონისძიებების დროს. „ოცნება“ ზემოდან არიცხავს საკუთარ საშუამავლო ხარჯს, რომელსაც საბოლოოდ ისევ ხალხი იხდის. გაუმჭვირვალობა და შემდეგ ბოდიალი: 3 მილიონი გამოიყო, მაგრამ მისი მესამედი დავხარჯეთ სწორედ აქედან მოდის. კობახიძეს რომ ჰკითხო, სად არის კორუფცია? მის გუნდში თითქოს ვერ იპოვი. არადა, სწორედ ასეთი მავნე და კორუფციული სქემებია ის, რაც მისი პრემიერობის დროსაც ჩვეულებრივ ნორმად და „ქოცური ტრადიციის“ გაგრძელებად გვევლინება. მამა ანდრია ჯაღმაიძემ მინდა, ეს პოსტი ნახოს და ამის შემდეგ, სანამ კრიტიკული მედიის მიერ დასმულ კითხვას და გასაჯაროებულ ინფორმაციას ცილისწამებას დაარქმევს, დაფიქრდეს. ვინაიდან სიმართლისთვის მებრძოლი ადამიანების ტყუილსა და ცილისწამებაში დადანაშაულება, როცა კითხვებზე პასუხის ნაცვლად მათ ადანაშაულებ, ხომ ჩვეულებრივი ცოდვაა. კარგი იქნება, ამაზეც დაფიქრდეს. რა თქმა უნდა, ამას ქრისტესმიერი ძმური სიყვარულით ვწერ და არა ბრაზით“.

    ცნობისთვის, საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე სოციალურ ქსელში წერს, რომ პატრიარქის დაკრძალვისთვის გამოყოფილი თანხის ძირითადი ნაწილი რომ არ დაიხარჯა, მათთვის ცნობილი იყო. როგორც ჯაღმაიძე აღნიშნავს, სხვადასხვა მომსახურებაში ორგანიზაციებმა, თუ კერძო პირებმა უმეტესად უარი თქვეს ჰონორარზე ან ხელფასზე.