Politics
    2026-09-18 | 16:36

    სახეზეა ანექსიის პროცესის ფაქტობრივი გაღრმავება, როდესაც ახალი საოკუპაციო კანონის კვალდაკვალ, პირველად ისტორიაში, რუსეთის მოქალაქეა ე. წ. პრეზიდენტობის კანდიდატი - „ლელო - ძლიერი საქართველო“

    სახეზეა ანექსიის პროცესის ფაქტობრივი გაღრმავება, როდესაც ახალი საოკუპაციო კანონის კვალდაკვალ, პირველად ისტორიაში, რუსეთის მოქალაქეა ე. წ. პრეზიდენტობის კანდიდატი - „ლელო - ძლიერი საქართველო“

    „ლელო - ძლიერი საქართველო“ გმობს რუსეთის მიერ ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს. ამის შესახებ „ლელო - ძლიერი საქართველოს“ განცხადებაშია ნათქვამი.

    როგორც განცხადებაშია აღნიშნული, სახეზეა ანექსიის პროცესის ფაქტობრივი გაღრმავება, როდესაც ახალი საოკუპაციო კანონის კვალდაკვალ, პირველად ისტორიაში, რუსეთის მოქალაქეა ე. წ. პრეზიდენტობის კანდიდატი, ამ ფონზე კი სრულიად მიუღებელია მმართველი რეჟიმის ტრადიციული დუმილი.

    „გვსურს მკაფიოდ განვაცხადოთ, რომ არ არსებობს არავითარი დამოუკიდებელი სახელმწიფო სახელად - „სამხრეთ ოსეთი“. შესაბამისად, არ არსებობს არც მისი პრეზიდენტი და არც ლეგიტიმური საპრეზიდენტო არჩევნები. დღეს ცხინვალის რეგიონში მიმდინარე პროცესი სხვა არაფერია თუ არა რუსეთის სამხედრო ოკუპაციის პირობებში მოქმედი მარიონეტული რეჟიმის მიერ დადგმული პოლიტიკური ფარსი. ამავე დროს, სახეზეა ანექსიის პროცესის ფაქტობრივი გაღრმავება, როდესაც ახალი საოკუპაციო კანონის კვალდაკვალ, პირველად ისტორიაში, რუსეთის მოქალაქეა ე. წ. პრეზიდენტობის კანდიდატი.

    ამ ფონზე სრულიად მიუღებელია მმართველი რეჟიმის ტრადიციული დუმილი. „ქართული ოცნება“ ათწლეულზე მეტია ხელისუფლებაშია, თუმცა საზოგადოებისთვის დღემდე არ წარმოუდგენია მკაფიო მშვიდობიანი დეოკუპაციის გეგმა და თანმიმდევრული პოლიტიკა რუსეთის ოკუპაციისა და მისგან მომდინარე საფრთხეების წინააღმდეგ.

    პირიქით, მმართველმა რეჟიმმა დააშორა საქართველო ყველა იმ ტრადიციულ პარტნიორს, ვინც ათწლეულებია იცავს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას და კავშირები გააბა იმ ტიპის რეჟიმებთან, რომლებიც დღემდე უარს აცხადებენ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღიარებასა და მხარდაჭერაზე.

    დღეს საქართველოს მართავს რეჟიმი, რომელიც პროპაგანდისტული მიზნებით მუდმივად საუბრობს სუვერენულობის დაცვაზე, მაგრამ სინამდვილეში მუდმივად დუმს მაშინ როდესაც ქართული სუვერენული ინტერესები დასაცავია.

    აშკარაა, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროს, რომელიც ამ მომენტამდე დუმს, არც წინა პერიოდში გაუწევია არავითარი დიპლომატიური ძალისხმევა ე. წ არჩევნებთან დაკავშირებით საერთაშორისო თანამეგობრობის ყურადღების მისაღწევად.

    საქართველოს სჭირდება არა მდუმარე, კაპიტულანტი რეჟიმი, არამედ პატრიოტული ხელისუფლება მკაფიო სახელმწიფოებრივი სტრატეგიით - მშვიდობიანი დეოკუპაცია, საერთაშორისო მხარდაჭერის გაძლიერება და ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა.

    ცხინვალის რეგიონი საქართველოს ტერიტორიაა და რუსეთის მიერ შექმნილი მარიონეტული რეჟიმის მიერ დადგმული ე.წ. არჩევნები ამ რეალობას ვერ შეცვლის“,-აღნიშნულია განცხადებაში.